სტატიები

18:42 | 18.05.2011 | ნანახია [] - ჯერ

ანდრე ვილაშ ბოაში – “განსაკუთრებული ორი”

პორტუგალიის სუპერთასი და ჩემპიონობა– “პორტუს” თავკაცის პოსტზე 33 წლის ანდრე ვილაშ ბოაშის სადებიუტო-სადამრიგებლო წელს ცოტა ნამდვილად არა, თუმცა, თუკი ახალგაზრდა მწვრთნელი დღეს ევროპის ლიგასაც მოიგებს, მართლაც ფენომენალური შედეგი ექნება. საფეხბურთო სამყარო დუბლინის პორტუგალიური ფინალის მოლოდინითაა, ჩვენ კი “პორტუს” თავკაცს შედარებით ახლოს გაგაცნობთ.
ლუიშ ანდრე დე პინია კაბრალ დე ვილაშ ბოაში “ცისფერი სისხლისაა”. მისი დიდი პაპა ბარონი გახლდათ, თავად კი შეძლებულ ოჯახში იზრდებოდა (დედა ინგლისელი ჰყავს) და როდესაც მისი თანატოლები საფეხბურთო ვარსკვლავობაზე ოცნებობდნენ, ანდრე პატარაობიდანვე მწვრთნელობაზე ფიქრობდა. ამ მხრივ, მომავალ მწვრთნელს ძალიან გაუმართლა. ანდრეს ოჯახის მეზობლად, ბინა იქირავა პორტუში სამუშაოდ ჩასულმა ინგლისელმა სპეციალისტმა სერ ბობი რობსონმა. როდესაც 1994 წელს ალბიონელი “დრაკონებს” ჩაუდგა სათავეში, ანდრე რობსონს ხან სადარბაზოში ხვდებოდა, ხანაც ლიფტში. ერთხელაც ვილაშ ბოაშმა რობსონს წერილი გადასცა, რომელშიც ერთ-ერთ მატჩში “პორტუს” წარუმატებელი ასპარეზობა დეტალურად იყო გაანალიზებული და რამდენიმე რჩევაც გახლდათ მითითებული. ავტორიტეტულ მწვრთნელთა უმრავლესობა ამ დროს ცხვირს აიბზუებდა და თინეჯერის წერილს ყურადღებასაც კი არ მიაქცევდა, მაგრამ დამწყებ მწვრთნელებთან მუშაობის მოყვარული სერ ბობი (გაიხსენეთ მისი და ჟოზე მოურინიოს ურთიერთობა) ასე არ მოიქცა და მეზობლის პერსონით დაინტერესდა. რობსონი და ვილაშ ბოაში ერთმანეთს საკმაოდ ხშირად ხვდებოდნენ, მოუცლელობის მიუხედავად, ალბიონელი დიდხანს ესაუბრებოდა მწვრთნელის პროფესიის დაუფლების მოწადინებულ ჭაბუკს, მალე კი, ანდრე “იპსვიჩ თაუნში” თავის მეგობარ ჯორჯ ბერლის თანაშემწედ გაუგზავნა. ვილაშ ბოაშს ენობრივი ბარიერი გასაგები მიზეზის გამო არ შექმნია და მალე შოტლანდიაში სამწვრთნელო კურსები დაასრულა. 23 წლისა კი დამოუკიდებელ სადამრიგებლო მუშაობას შეუდგა (?!). მისი პირველი გუნდი ვირჯინიის კუნძულების ნაკრები იყო და ანდრემ თავიდანვე იწვნია სამწვრთნელო საქმიანობის სიმწარე. მისმა დამოძღვრილმა გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატის ორი შესარჩევი მატჩის ჯამში, ბერმუდის კუნძულელებთან 1:14 დათმო. “სანაკრებო დონეზე” მუშაობის შემდეგ, ანდრე “პორტუს” ახალგაზრდულ გუნდში იძენდა გამოცდილებას, რობსონის წასვლის შემდეგ კი გუნდის მთავარ მწვრთნელად ჟოზე მოურინიო დაინიშნა და მან სადამრიგებლო შტაბში ვილაშ ბოაში აიყვანა. ანდრეს უშუალო მოვალეობა მოწინააღმდეგე გუნდების თამაშის შესწავლა და მათ წინააღმდეგ საასპარეზო გეგმის შემუშავებაში გარკვეული მონაწილეობის მიღება იყო. ანდრემ ეგრეთ წოდებული “საიდუმლო ფაილები” შექმნა, რისი წყალობითაც მოურინიო ნებისმიერ მოწინააღმდეგეს საკუთარი ხუთი თითივით იცნობდა. გავიხსენოთ მაშინდელი “პორტუ” – როგორ დამაჯერებელ თამაშს აჩვენებდა პორტუგალიური გრანდი და როგორი დამაჯერებლობით მოიგო მან ჯერ უეფას, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის თასები.
ვილაშ ბოაშის სამწვრთნელო კარიერის ზრდაზე დიდი როლი პორტუგალიაში ჩატარებულმა ევროპის პირველობამ ითამაშა. კონტინენტის საუკეთესო ნაკრებებისა და მოთამაშეების ასპარეზობას იგი გულმოდგინედ აკვირდებოდა და უფროსი ასაკის კოლეგების შეცდომებსაც კარგად ამჩნევდა. ჰოლანდიელებმა ნახევარფინალი ლუიშ ფელიპე სკოლარის შეგირდებთან წააგეს, ვილაშ ბოაშმა კი მკაცრად გააკრიტიკა ბენილუქსელთა იმდროინდელი დამრიგებელი დიკ ადვოკაატი: “კრიშტიანუ რონალდუ ჯოვანი ვან ბრონკჰორსტზე ათი სანტიმეტრით მაღალი მაინცაა და სისწრაფეშიც ჯობნის. ამიტომაც სრულიად გაუგებარია, რატომ დაავალეს მას რონალდუს განეიტრალება. არაა გასაკვირი, კრიშტიანუმ ვან დერ სარის კარის დალაშქვრა რომ შეძლო”.
დღევანდელი “პორტუ” კლუბის მრავალწლიანი პრეზიდენტის, პინტუ და კოშტას პირმშოა. რომ არა მისი თამამი ნაბიჯები და ჟოზე მოურინიოსა და ანდრე ვილაშ ბოაშის მიმართ გამოცხადებული ნდობა, გუნდი ამჟამინდელ სიმაღლეს ნამდვილად ვერ მიაღწევდა. იგი დარწმუნებულია ანდრეს “საიდუმლო ფაილების” “ყოვლისშემძლეობაში” და გუნდის მომავალიც ნათელ ფერებში ესახება.
პორტუგალიურმა პრესამ ანდრე ვილაშ ბოაშს “განსაკუთრებული ორი” შეარქვა, ამასთან თუკი მან ასე წარმატებულად გააგრძელა სამწვრთნელო კარიერა, არაა გამორიცხული “განსაკუთრებული” ჟოზე მოურინიოს მიღწევებიც გააუმჯობესოს. ყოველ შემთხვევაში, ამაზე საუბარი უკვე შესაძლებელია – თუკი ჟოზე მოურინიომ “პორტუში” მუშაობის თავის პირველ სეზონში სამწვრთნელო ჰეთ-თრიკი შეასრულა, ვილაშ ბოაში თავის პირველ სადამრიგებლო სეზონში პოკერს უახლოვდება. თუკი დღეს ანდრეს გუნდმა ევროპის ლიგა მოიგო, ხოლო კვირას ქვეყნის თასს დაეუფლა, ვილაშ ბოაში სეუ ჟოზეს შედეგს გადააჭარბებს.
ანდრე ვილაშ ბოაში ოქტომბერში 34 წლის გახდება...

გოჩა კაჭარავა

0.117178