ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის დღევანდელი ასპარეზობებიდან ყველაზე დიდ ინტერესს დასავლეთლონდონურ “სტემფორდ ბრიჯზე” გასამართი შეხვედრაა. “ჩელსისა” და “ვალენსია” პლეი ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებენ და ამ შესაძლებლობის გამოყენებას ამ საღამოს შეეცდებიან. შედარებით უკეთეს მდგომარეობაში მომავალი მატჩის მასპინძელი “ჩელსია”, რომლის პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელის ანდრე ვილაშ-ბოაშის წინასამატჩო განწყობა გვსურს გაგაცნოთ.
- ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტური როგორც “ჩელსისთვის”, ასევე “ვალენსიასთვის” გადამწყვეტია. ესპანელები პრინციპული შეხვედრისთვის ემზადებიან და როგორც ირწმუნებიან, უკომპრომისო ასპარეზობისთვის არიან მომართულნი. რა განწყობაა “ჩელსის” სამწვრთნელო შტაბსა და მოთამაშეებში?
- ვალენსიელთა განცხადებების თაობაზე ინფორმირებულნი რომც არ ვიყოთ, მეტოქისგან მაინც დიდ წინააღმდეგობას ველით. უნაი ემერის გუნდი “სტემფორდ ბრიჯზე” ბოლომდე დაიხარჯება და ყოველმხრივ შეეცდება გოლის გატანას. ეს კი ჩვენ რთულ მდგომარეობაში ჩაგვაგდებს. თუმცა, “ჩელსი” საკუთარ სტრატეგიას არ უღალატებს და დადებითი შედეგის მიღწევას იმედოვნებს. ვფიქრობ, ჩვენი იმედი ძალიანაც საფუძვლიანია.
- “ჩელსის” ქომაგებს შემტევი ფეხბურთის ჩვენებას ჰპირდებით?
- ასპარეზობის პირველივე წუთებიდან ინიციატივის აღებას ვაპირებთ და შევეცდებით მატჩის სადავეები ბოლომდე გვეპყრას ხელთ. “ჩელსის” მიზანი ტრადიციულია – სასურველ შედეგთან ერთად მაყურებლისთვის მაღალი კლასის ფეხბურთის ჩვენებაა.
- როგორ გგონიათ, შეეძლო თუ არა “ჩელსის” ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის საგზურის მოპოვება ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის წინ გაენაღდებინა?
- საამისოდ მცირედი დაგვაკლდა. წინა 5 მატჩის მსვლელობისას ჩვენი ფეხბურთელები კარგად გამოიყურებოდნენ, მაგრამ ასპარეზობათა დასკვნით წუთებში გარკვეულ დეტალებში მოვიკოჭლეთ. ეს რომ არა, სადღეისოდ განსხვავებულ სატურნირო მდგომარეობაში ვიქნებოდით. ლევერკუზენის “ბაიერთან” საშინაო შეხვედრა მძლავრად დავიწყეთ და მთლიანობაშიც მაღალ დონეზე ვითამაშეთ, რასაც, შედეგიც (“ჩელსიმ” 2:0 იმარჯვა) ადასტურებს. წესითა და რიგით, ვალენსიის “მესტალიაზეც” უნდა მოგვეგო. ასე რომ მომხდარიყო, “ღამურებთან” სასტემფორდბრიჯო პაექრობისას სანერვიულო გაცილებით ნაკლები გვექნებოდა. სამწუხაროდ, ვალენსიაში შეცდომა დავუშვით, რისთვისაც მოწინააღმდეგემ დაგვსაჯა. “გენკთან” საშინაო მატჩი ბრწყინვალედ ჩავატარეთ, არც ბელგიაში გამოვიყურებოდით ურიგოდ. სამწუხაროდ, გენკელებს 1:1 დავუზავდით და ამ გუნდის 5:0 დამარცხების შემდეგ ბენილუქსელებთან 2 ქულა რომ დავკარგეთ, მხოლოდ საკუთარი თავი უნდა დავადანაშაულოთ. ძალიან გულდასაწყვეტი იყო “ბაიერთან” წაგება. არადა, მატჩი აწყობილად, არცთუ ურიგოდ ჩავატარეთ და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაშვებული ბურთი რომ არა... ამასთან, მსაჯმა ნაღდი პენალტი არ დაგვიდო. ჩემ მიერ ნახსენები დეტალები რომ არა, სადღეისოდ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის საგზური განაღდებული გვექნებოდა, მაგრამ რა ვალდებულები ვიყავით, მეორე ეტაპზე ვადაზე ადრე გავსულიყავით? მთავარია, სასურველ შედეგს ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში მივაღწიოთ.
- სეზონის ერთ-ერთი უმთავრესი შეხვედრის გამართვა “ვალენსიასთან” გიწევთ. მაყურებლის ფაქტორი რამდენად მნიშვნელოვანია?
- “ჩელსიმ” გამარჯვება ერთგულ ქომაგებთან ერთად უნდა მოვიპოვოთ. დარწმუნებული ვარ, გულშემატკივრები ტრიბუნებზე ჩვენთვის სასურველ ატმოსფეროს შექმნიან, რაც “ვალენსიას” ამოცანის შესრულებაში ხელს ძალიანაც შეუშლის.
გოჩა კაჭარავა