ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ანდერსონმა, რომელიც “მანჩესტერ იუნაიტედიდან” ფლორენციის “ფიორენტინაში” გადადის, სოციალური ქსელის მეშვეობით ინგლისურ კლუბს მადლობა გადაუხადა.
25 წლის ფეხბურთელმა იტალიურ კლუბში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და სავარაუდოდ, კონტრაქტს ხელს დღეს მოაწერს, სამადლობელი წერილი კი, Instagram-ის მეშვეობით გაავრცელა.
“მადლობა “მანჩესტერ იუნაიტედს” ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთა. ამ კლუბის ნაწილად ყოფნა სიამოვნებისა და სიამაყის მომტანია. არასდროს დავივიწყებ ჩემს შესანიშნავ პარტნიორებს და მეგობრებს, იმ საოცარ ადამიანებს, რომლებიც კლუბში მუშაობდნენ და რაღა თქმა უნდა გულშემატკივრებს. ახლა იძულებული ვარ წავიდე, რადგან თამაში მინდა. მადლობა “ფიორენტინას” ნდობისათვის. ისინი არ ინანებენ, რომ მენდნენ და სრული 100 პროცენტით დავიხარჯები რათა ეს ნდობა გავამართლო” - წერს ანდერსონი, რომელმაც ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის მხოლოდ 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა.