“რეალის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ამხანაგური ტურნირის - “ჩემპიონების საერთაშორისო თასის” ფინალში “ჩელსისთან” შეხვედრის წინ ლონდონელთა ამჟამინდელი და მადრიდელთა ექსთავკაცის, ჟოზე მოურინიოს ფაქტორზე გადამეტებული ყურადღების გამახვილებას არ იწონებს.
იტალიელი სპეციალისტის აზრით, “რეალის” ფეხბურთელები მხოლოდ თამაშზე უნდა იყვნენ კონცენტრირებულნი და კონკრეტულ საკითხებზე ფიქრს თავი დაანებონ.
“მომავალ მატჩს ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. “ჩელსიში” ორი წელი ვიმუშავე და ლონდონურ კლუბში ბევრი ნაცნობ-მეგობარი მყავს, მაგრამ ახლა მათთან დაპირისპირებაზე კი არა, უბრალოდ მნიშვნელოვანი თამაშის წარმატებით ჩატარებაზე ვფიქრობ. იგივეს ვეტყვი ჩემს ფეხბურთელებს. ძლიერ მეტოქესთან მატჩი ელით და არა ჟოზე მოურინიოსთან”, – განაცხადა ანჩელოტიმ.