მადრიდის “რეალის” მთავარ მწვრთნელსა და პსჟ-ს ყოფილ დამრიგებელ კარლო ანჩელოტის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფინალში მოწინააღმდეგედ პარიზელთა კლუბის ხილვა სურს. ამის შესახებ RMC-ს ჟურნალისტს “პარი სენ ჟერმენის” პრეზიდენტმა ნასერ ალ-ჰელაიფმა უთხრა.
“როგორც კი “რეალის” მიერ დორტმუნდის “ბორუსიას” 3:0 დამარცხების ცნობა შევიტყვე, მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით სინიორ კარლოს მოგება მივულოცე. ანჩელოტიმ მალევე მიპასუხა, პსჟ-ს წარმატება უსურვა და საკუთარი სურვილიც გამიმჟღავნა – ლისაბონის ფინალში “რეალისა” და “პარი სენ ჟერმენის” დაპირისპირებას ვისურვებდიო”, - განაცხადა პარიზელთა თავკაცმა.