“გაგრას” უკრაინელმა თვაკაცმა ანატოლი პისკოვეცმა, “მსოფლიო სპრტისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ოცდაექვს მაისს, დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში ქუთაისის “ტორპედოსთან” გასამართ შეხვედრაში, შეტევის ლიდერს, ნიგერიულ აბაიომი ოვონიკოკოს მოისაკლისებს.
- როგორ მდგომარეობაში ხვდება გუნდი მომავალ ფინალს? ტრავმირებულები ხომ არ გყავთ?
- ფინალში ოვონიკოკოს თამაში გამოირიცხა (ნიგერიელს ვარჯიშზე ძველი ტრავმა გაუმიზეზდა და მოედანი ნაადრევად დატოვა - რედ.). კვანტალიანს და ჩხეტიანს ჰქონდათ ტრავმები. ფეხბურთელებს დაღლილობა ეტყობათ. რაც უნდა იყოს, პირველი ლიგის გუნდისთვის საკმაოდ ბევრი – 38 თამაში ჩავატარეთ.
- ქუთაისის “ტორპედოს” თაობაზე რა აზრის ხართ?
- კარგი გუნდია, ვინაიდან ჩემპიონატში მე-4 ადგილზე გავიდა. საერთოდ, პირველ ხუთეულში ვინც მოხვდა –“ზესტაფონი”, “დინამო”, “ოლიმპი”, “ტორპედო”, “ვიტ ჯორჯია” _ თანაბარი ძალის გუნდები არიან. თასის ფინალია, ერთი მატჩი უნდა ჩავატაროთ და გვსურს, რაც შეიძლება კარგად ვითამაშოთ. ზოგიერთი ფეხბურთელისთვის პირველი ფინალია, ზოგისთვის - ბოლო, რადგან შესაძლოა, მსგავს მატჩში მონაწილეობის მიღება აღარც მოუწიოს. ცხადია, ზოგიერთი მოთამაშე ნერვიულობს. მე უკვე მაქვს იმ 18 ფეხბურთელის სია, რომლებიც ფინალისთვის განაცხადში მოხვდებიან.
- ფინალში იგივე ტაქტიკით ითამაშებთ, რომელსაც აქამდე იყენებდით თუ მეტოქეს სიურპრიზებს შესთავაზებთ?
- არ ვიცი, ვფიქრობ. რა სიურპრიზები შეიძლება იყოს? ახალი ფეხბურთელები არ გვყავს, ყველა ტაქტიკური მონახაზი ისედაც ცნობილია. თამაშის დაწყებიდან 10 წუთის შემდეგ, ყველა გაიგებს რა ტაქტიკით თამაშობ. უბრალოდ, ერთია, როცა მატჩს იღბლიანად იწყებ, ხოლო სულ სხვაა, როდესაც თამაში თავიდანვე არ წაგივა.
- ფინალში “გაგრას” წარმატების მიღწევა რის ხარჯზე შეუძლია?
- ჩვენი პლუსი გუნდური თამაშია, რადგან გამოკვეთილი ლიდერები არ გვყავს. “გაგრაში” ძალიან კარგი კოლექტივია შეკრებილი და ფეხბურთელები ერთმანეთს ავსებენ. ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის - კარგი პრინციპია. გუნდში ასეც უნდა იყოს. როცა ჩვენთან ერთ ფეხბურთელს თამაში არ მისდის, მეორე კი არ უყვირის და შენიშვნებს აძლევს, არამედ, ცდილობს დაეხმაროს.
- საქართველოს თასის ფინალში გამარჯვება თქვენთვის რას ნიშნავს?
- ჩემთვის ფინალის მოგება ძალიან სასიხარულო იქნება. “გაგრა” საკუთარ ისტორიას წერს – პირველიდან უმაღლეს ლიგაში პირველი ადგილიდან პირველად გადავიდა. პირველი ლიგის კლუბს საქართველოს თასის ფინალში არასოდეს უთამაშია და “გაგრამ” ეს მოახერხა. მსგავსი მატჩების მოგების შემთხვევაში, ფეხბურთელებს გამარჯვებულის ფსიქოლოგია უყალიბდებათ და უფრო ოსტატდებიან.
ლაშა თაბაგარი