"როსტოვმა" რუსულ პრემიერლიგაში "ყუბანთან" გასვლაზე 2:2 ითამაშა და ჯანო ანანიძემ მართლაც კარგი მატჩი ჩაატარა. როსტოველთაგან ორივე გოლი არტიომ ძიუბამ გაიტანა და ორივე - ქართველის კარგი პასით. მთლიანობაშიც, ჯანო ერთ-ერთი საუკეთესო იყო მინდორზე და თავადაც შეეძლო გატანა, თუმცა არ გაუმართლა.
წინა მატჩებისგან განსხვავებით, ანანიძე შეუცვლელად ათამაშეს, მისი გუნდი კი მეცხრე ადგილზეა.
რუმინეთში "გაზ მეთანმა" შინ 1:0 აჯობა "პეტროლულს", თუმცა გიორგი ალავერდაშვილს მცირე ტრავმის გამო არ უთამაშია – ფეხი სტკიოდა და ეს შეხვედრა გაუცდა. "გაზ მეთანი" მეშვიდე პოზიციაზეა.
კვიპროსზე 'ანორთოსისმა" სტუმრად 5:1 აჯობა "კუკლიონს" და 5 ტურის შემდეგ, ცხრილში ლიდერია 12 ქულით. შოთა გრიგალაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, თუმცა გოლი ან საგოლე პასი მის ანგარიშზე არაა.
უკრაინული პრემიერლიგის ტურის ცენტრალურ მატჩში "დნიპრო" 2:1-ს უგებდა ლიდერ "მეტალისტს", თუმცა მატჩი პირველი ტაიმის შემდეგ შეწყდა. მიზეზი – სტადიონზე შუქი ჩაქრა და ამაოდ ელოდნენ მოსვლას. მოგვიანებით გამოცხადდა, რომ მატჩი აღარ გაგრძელდებოდა. კანკავა სასტარტოში გახლდათ, სანდრო კობახიძე კი განაცხადში კვლავაც ვერ მოხვდა.
როდის გაგრძელდება ეს შეხვედრა, ეს 7 ოქტომბერს გაირკვევა.