ფეხბურთი

22:10 | 17.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძემ კიდევ გაიტანა, “როსტოვი” რუსეთის თასის ფინალში გავიდა

 ჯანო ანანიძის “როსტოვმა” რუსეთის თასის ნახევარფინალში 3:1 სძლია “ლუჩ-ენერგიას” და ფინალში გავიდა, სადაც “კრასნოდარს” შეხვდება. ფინალი 8 მაისს გაიმართება. “ლუჩ-ენერგიასთან” ერთი გოლი ანანიძემ გაიტანა, კერძოდ, 28-ე წუთზე 2:0 გახადა ანგარიში: მარჯვნიდან ჩაწოდებულ ბურთზე მეკარე და როსტოველთა ერთ-ერთი შემტევი შეეჯახნენ, ბურთი ორივეს ასცდა, ჯანომ შორეულ ძელთან მიუსწრო და ახლოდან ცარიელ კარში გადაგზავნა.

ანანიძე მსაჯის საფინალო სასტვენამდე ერთი წუთით ადრე შეცვალეს. სხვათა შორის, ბოლო 4 მატჩია, ჯანოს უგოლოდ არ დაუტოვებია მინდორი.

უკრაინულ პრემიერლიგაში მათე ღვინიანიძის გარეშე მოთამაშე “სევასტოპოლმა” გასვლაზე 2:0 აჯობა ”ტავრიას”. “სევასტოპოლში” ახალგაზრდა დავით დარციმელიაც ირიცხება, თუმცა დუბლებშია.

ჯაბა ლიპარტიას “ზორიამ” კი გასვლაზე ქულა აიღო ხარკოვის “მეტალისტთან” – 1:1. ლიპარტია სასტარტოში გახლდათ და 68-ე წუთზე შეცვალეს, როცა მისი გუნდი აგებდა. ჯაბამ გაფრთხილებაც მიიღო. “ზორია” მერვე ადგილზეა.

0.10583