რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგის გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა, განვლილი სეზონის აღმოჩენად “როსტოვის” შემტევი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე დაასახელეს.
15 მაისს, პრემიერლიგის დასკვნითი ტურის დღეს, ტელეარხმა “ნაშ ფუტბოლმა” გუნდების თავკაცებს შორის სეზონის აღმოჩენის გამოსავლენად გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც ანანიძემ გაიმარჯვა.
განვლილ სეზონში საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების შუახაზელმა “როსტოვში” 22 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი გააკეთა. მან როსტოველებთან ერთად რუსეთის თასი მოიპოვა. ანანიძეს “როსტოვთან” საიჯარო ხელშეკრულება დაუმთავრდა და ზაფხულში მოსკოვის “სპარტაკში” დაბრუნდება.