ფეხბურთი

0:45 | 4.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძე: "ძველებურ დონეს უნდა დავუბრუნდე, საამისოდ კი საჭიროა პრაქტიკა"

ჯანო ანანიძე 5 ივლისს გაფრინდება როსტოვში და ახალ გუნდს შეუერთდება. ქართველი ნახევარმცველი, როგორც იცით, ერთი წლით გაანათხოვრა მოსკოვის "სპარტაკმა", თუმცა თუ მოსკოველთა სურვილი იქნება, იანვარშივე დაიბრუნებენ უკან.

ანანიძე რუსულ "სპორტ-ექსპრესთან" საუბარში აღნიშნავს, რომ სათამაშო პრაქტიკა ძალიან სჭირდება:

- როსტოვში გადასვლა მოულოდნელი არ ყოფილა. გასულ სეზონში ბევრი გამიცდა: ტრავმები, ოჯახური ტრაგედია - მამა დამეღუპა... ძველებურ დონეს უნდა დავუბრუნდე, საამისოდ კი პრაქტიკა საჭიროა. რამდენიმე ვარიანტიდან "როსტოვი" ავირჩიე: იქ ნაცნობი ფეხბურთელები მყავს, გუნდი მშვენივრად თამაშობს პასებით, გრანდების წინააღმდეგ თავდაჯერებული გამოიყურება. ეს მომწონს. ამასთან, როგორც ამბობენ: "საჭიროა ერთი ნაბიჯი უკან, რათა შემდეგ ორი გადადგა წინ".

- სხვა რა წინადადებები გქონდათ?

- არ მინდა გახმაურება, "როსტოვის" ვარიანტი კი იმანაც განაპირობა, რომ არტიომ ძიუბასთან ერთად ვითამაშებ. მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ჩვენ სპარტაკულ ფეხბურთს ვითამაშებთ.

- ამბობთ, პრაქტიკა მჭირდებოდაო. "სპარტაკში" ამ მხრივ პრობლემა გექნებოდათ?

- ამ მომენტში ასეც იქნებოდა. "სპარტაკში" ბევრი ახალი ფეხბურთელი მოიყვანეს, ისინი კი სათადარიგოა სკამისთვის ნამდვილად არ უყიდიათ. თუმცა, ნახევარი წლის, ან ერთი წლის შემდეგ "სპარტაკი" დამიბრუნებს და უნდა დავამტკიცო, რომ სასტარტოსთვის საჭირო ვარ.

- ალბათ, ცოტა ნაღვლიანი იქნებით.

- დიახ. ჩემი გული ხომ "სპარტაკშია", სადაც 15 წლიდან ვარ. შეიძლება ითქვას, აქ გავიზარდე, აქ გავხდი ფეხბურთელი. თუმცა, ამ კლუბში საბოლოო სიტყვა არ მითქვამს. მომავალში აუცილებლად უნდა მოვხვდე ძირითადში.

- ვალერი კარპინმა დამშვიდობებისას რა გითხრათ?

- ხუთშაბათს მივალ ბაზაზე, მწვრთნელსა და ფეხბურთელებსაც იქ დაველაპარაკები. ვალერი კარპინმა მიმახვედრა, რომ მომავალში ჩემი იმედი აქვს. მითხრა: "ივარჯიშე და თამაშებისთვის ისე მოემზადე, როგორც "სპარტაკში" აკეთებდი. და ყველაფერი ნორმალურად იქნება".

- მართალია, რომ მომავალ სეზონში მაისურზე ჟანოს ნაცვლად, ჯანო გეწერებათ?

- დიახ. საქართველოში ჩემი სახელი სწორედ ასე გამოითქმება - ჯანო. უბრალოდ, ადრე გაუგებრობა მოხდა, მაგრამ ჩემი თხოვნით გამოასწორებენ.

 

აქვე, კარპინის კომენტარიც:

"ჯანოს ველაპარაკე. მას თამაში სურს, "სპარტაკში" კი ბოლო 2-3 სეზონია, დაახლოებით 10 მატჩს ატარებს. ეს გამოწვეულია ტრავმებითა და კონკურენციით. ის ჯერ ახალგაზრდაა და უნდა ითამაშოს, "როსტოვში" კი ეს უფრო იოლია".

თეგებიანანიძე
0.11604