ჭადრაკი

22:51 | 1.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ანანდთან თამაშის უფლება კარლსენმა მოიპოვა

ლონდონში ჩატარებული პრეტენდენტთა ტურნირს მეტად მოულოდნელი დასასრული ჰქონდა. უკანასკნელ ტურში პირველობის შანსის მქონე ორივე დიდოსტატმა – მაგნუს კარლსენმა (ნორვეგია, 2872) და ვლადიმირ კრამნიკმა (რუსეთი, 2810) მარცხი განიცადა და ჩემპიონი მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით გამოვლინდა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში უმაღლესი რეიტინგის მქონე კარლსენმა ლონდონური შეჯიბრის ბოლო სამ ტურში ორი მარცხი განიცადა და კრამნიკის დარად 8.5 ქულა მოაგროვა, თუმცა ზონებორნ-ბერგერის კოეფიციენტი რუს კონკურენტზე უკეთესი აღმოაჩნდა და პირველობაც დაისაკუთრა.

ცნობისთვის, უკანასკნელ ტურში კარლსენმა თეთრი ფიგურებით პიოტრ სვიდლერთან (რუსეთი, 2747) წააგო, ხოლო კრამნიკი შავებით უკრაინელ ვასილი ივანჩუკთან (2757) დამარცხდა. საბოლოოდ, სვიდლერმა 8.0 ქულით მე-3 ადგილი დაიკავა, ასეთივე მონაგარის მქონე სომეხი ლევონ არონიანი (2809) კი მე-4 გახლდათ.

როგორც უკვე ვიუწყებოდით, ლონდონის ტურნირის გამარჯვებული მსოფლიოს ამჟამინდელ ჩემპიონ ინდოელ ვიში ანანდს პლანეტის საუკეთესო მოთამაშის ტიტულში შეეცილება. კარლსენის და ანანდის დაპირისპირება მიმდინარე წლის ბოლოს გახლავთ დაგეგმილი.

0.114946