სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჭადრაკი

14:00 | 11.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ანანდმა და კარლსენმა მშვიდობიანად დაიწყეს

ინდოეთის ქალაქ ჩენაიში (ყოფილი მადრასი) სტარტი აიღო მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის მატჩმა, რომელშიც ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი ინდოელი ვიში ანანდი და ნორვეგიელი მაგნუს კარლსენი უპირისპირდებიან.

პლანეტის საუკეთესო მოჭადრაკის ტიტულის მოსაპოვებლად დაგეგმილი მატჩი 12 პარტიისგან შედგება, რომელთაგან 2 უკვე ჩატარდა და ორივეში ყაიმი დაფიქსირდა.

11 ნოემბერი დასვენების დღედ არის გამოცხადებული, მომდევნო პარტიები კი 12, 13, 15, 16, 18, 19,  21, 22, 24 და 26 ნოემბერს შედგება. საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ტაი-ბრეიქი 28 ნოემბერსაა დანიშნული.

დროის კონტროლი ასეთია: 120 წთ. პირველ 40 სვლაზე + 60 წთ. 20 სვლაზე + 15 წთ. პარტიის ბოლომდე + 30 წამი, დროის დამატება 61-სვლიდან.

ასპარეზობის საპრიზო ფონდი ოფიციალურად დასახელებული არ არის, თუმცა, ცნობილია რომ  გამარჯვებული საერთო თანხის 60%-ს მიიღებს, ხოლო დამარცხებული შესაბამისად – 40%-ს. ძირითადი მატჩის ფრედ დასრულების შემთხვევაში თანხა 55%-45%-ზე განაწილდება მოქმედი ჩემპიონის სასარგებლოდ.

მეტოქეების პირადი ანგარიში ინდოელი მოჭადრაკის მხარესაა: 16:13 (+6-3=20). ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ანანდის უპირატესობა 2007-2008 წლის შეხვედრებზე მოდის, როდესაც კარლსენი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.

ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი, 2801; დაიბადა 1969 წლის 11 დეკემბერს მადრასში, ინდოეთი)

მსოფლიოს ჩემპიონი 2007 წლიდან.

ტიტული მოიპოვა მსოფლიოს უძლიერეს მოჭადრაკეთა ასპარეზობაში წრიული სისტემით გამართულ ტურნირში და შემდეგ დაიცვა ვლადიმერ კრამნიკთან (რუსეთი), ვესელინ ტოპალოვთან (ბულგარეთი) და ბორის გელფანდთან (ისრაელი) მატჩებში.

სხვადასხვა დროს არის 6 საჭადრაკო ოსკარის მფლობელი.

მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 2870; დაიბადა 1990 წლის 30 ნოემბერს; ტენსბერგი, ნორვეგია).

მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე მოჭადრაკე.

მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისათვის მატჩში მონაწილეობის უფლება ინგლისის დედაქალაქ ლონდონში გამართულ პრეტენდენტთა ტურნირში გამარჯვების შემდეგ მოიპოვა.

ბოლო ოთხი (2009-2012 წლები) საჭადრაკო ოსკარის მფლობელი.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.120014