ჩოგბურთი

16:50 | 16.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ანა სერენას მოლოდინში

ანა ტატიშვილმა შვედეთის ქალაქ ბასტადში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 235 ათასი დოლარი) პირველ რაუნდში 16 წლის ბელინდა ბენჩიჩთან მძიმე ბრძოლა გადაიტანა და 2:6, 6:4, 6:4 იმარჯვა.

ცნობისთვის, ახალგაზრდა შვეიცარიელი ჩოგბურთელი ამომავალ ვარსკვლავად ითვლება და საქართველოს პირველ ჩოგანს დიდი წინააღმდეგობაც გაუწია, თუმცა, გადამწყვეტ ჟამს გამოცდილებამ მაინც თავისი გაიტანა.

ტატიშვილმა “კოლექტორ სვედიშ ოუფენის” მე-2 რაუნდში გასვლით 30 სარეიტინგო ქულა მიიღო, შემდეგ წრეში კი პირველ ნომრად განთესილ სერენა უილიამსს შეხვდება, რომელმაც ყაზახეთის სახელით მოთამაშე ბულგარელი სესილ კარატანჩევა 6:1, 6:2 დაამარცხა.

ისიც ვთქვათ, რომ წყვილთა ტურნირში ტატიშვილი და უკრაინელი ირინა ბურიაჩოკი მე-4 ნომრად არიან განთესილნი და პირველ წრეში ლატვიელ დიანა მარცინკევიჩას და ბრიტანელ ნიკოლა სლეიტერს გაეჯიბრებიან.

საფრანგეთის ქალაქ კონტრექსვილში მიმდინარე 50-ათასიანი ტურნირის საწყის რაუნდში ესპანელ ბეატრის გარსია-ვიდაგანისთან 4:6, 5:7 დამარცხდა მე-6 ნომრად განთესილი სოფო შაფათავა.

წყვილებში შაფათავას და რუს იულია კალაბინას პირველი განთესვა გააჩნიათ და ისინი გერმანელებს – კაროლინ დანიელსს და ანა კლასენს გაეჯიბრებიან.

გერმანიაში, დარმშტადტის 25-ათასიანი ტურნირის პირველ წრეში მე-2 ნომრად განთესილ ბელარუს ალიაკსანდრა სასნოვიჩს დაუპირისპირდება ეკატერინე გორგოძე, ხოლო სოფო ქვაცაბაია რუს იანა სიზიკოვას ეთამაშება.

წყვილთა თანრიგში მე-4 რეიტინგის მქონე ქართული დუეტი ძალებს ჰოლანდიურ-გერმანულ ტანდემთან (ბურგერი-ჰოფმანი) მოსინჯავს.

თურქულ იზმირში 10-ათასიან ტურნირზე მე-5 ნომრად მიჩნეულ მასპინძელ ჰულია ესენთან 0:6, 0:6 განადგურდა ანა ქადაგიძე. წყვილებში ქართველი გოგონა და თურქი ბასბაკალი რუმინელ პრედას და თურქ ბიჩენს გაეჯიბრებიან.

სტამბულის 10-ათასიან ტურნირზე წარმატებით გაიარეს საკვალიფიკაციო ბადე მე-5 ნომრად განთესილმა გიორგი ჯავახიშვილმა, მე-6 რეიტინგის მქონე გიორგი ცივაძემ და მიხეილ ხმიადაშვილმა.

ჯავახიშვილმა რუს კომაროვს (6:2, 6:1) და თურქ ჰერგუნვარიმს (6:2, 6:1) სძლია, ცივაძემ თურქი ჩელიკბილეკი (6:3, 6:0) და უზბეკი შოფაიზიევი (6:1, 6:2) დაამარცხა, ხოლო ხმიადაშვილმა თურქ ბასრი ბეიაზიტს (6:4, 6:0) და ინდოელ რაჯშეხარ რამანს (6:0, 6:1) აჯობა.

ძირითად ბადეში ხმიადაშვილმა თურქ სარპ აღაბიღუნს 4:6, 6:3. 6:2 მოუგო და მერვედფინალში რუმინელ რობერტ კომანს ეთამაშება.

ცივაძე პუერტო რიკოელ ალექს ლომპარტთან 6:4, 6:7 (4:7), 2:6 დამარცხდა, ხოლო ჯავახიშვილმა მე-5 ნომრად განთესილ გერმანელ ტორსტენ ვიეტოსკასთან წააგო – 4:6, 2:6.

ძირითად ბადეში პირდაპირ დაშვებულმა ალექსანდრე მეტრეველმა მე-4 რეიტინგის მქონე ინდოელ კარუნუდაი სინგჰს 6:3, 6:2 მოუგო და მე-2 რაუნდში იტალიელ ჯორჯიო პორტალურის დაუპირისპირდება.

წყვილებში მეტრეველი და ცივაძე თურქ ალტუნასთან და რუმინელ პავალთან 7:6 (9:7), 3:6, 4:10 დამარცხდნენ, ჯავახიშვილი და ხმიადაშვილი კი მე-2 ნომრად განთესილ იტალიურ დუეტს (მარფია-პორტალური) ვერ გაუმკლავდნენ – 1:6, 0:6.

დასასრულ, თურქეთშივე მიმდინარე 42 500-იან ტურნირზე ვთქვათ, რომელსაც ესკიშეჰირი მასპინძლობს. ვაჟთა შორის საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩილელ ჰანს პოდლიპნიკ-კასტილიოს 6:2, 7:6 (7:5) სძლია და მერვედფინალში რუსეთის სახელით მოთამაშე თეიმურაზ გაბაშვილს (მე-3 განთესვა) ეთამაშება.

წყვილთა ტურნირში ბასილაშვილი და ბრიტანელი ბრიდენ კლეინი ძალებს რუსულ-ხორვატულ დუეტთან (კარლოვსკი-ზოვრო) მოსინჯავენ.

 

0.123023