22-25 აპრილს, ვენაში ჩასატარებელ ევროპის ჩემპიონატამდე ქართველ ძიუდოისტებს ერთადერთი ტურნირი დარჩათ. ამ შაბათ-კვირას, საქართველოს ნაკრების კანდიდატებით დაკომპლექტებული გუნდი პრაღაში, მსოფლიოს თასზე გამოვა. შემდეგ კი წინასაევროპო მოსამზადებელი ციკლი შეკრებებით გაგრძელდება და აპრილში მთავარი მწვრთნელი ამირან ტოტიკაშვილი რჩეულ შვიდეულს დაასახელებს. ნაკრების თავკაცს “მსოფლიო სპორტი” გუშინ, ჩეხეთის მსოფლიოს თასზე წასაყვანი შემადგენლობის გასარკვევად შეეხმიანა და უკვე ჩავლილი ტურნირების შეჯამება და ევროპირველობამდე დარჩენილ გეგმაზე დაკონკრეტებაც სთხოვა
- ნაკრების კანდიდატებმა დიუსელდორფის დიდ პრიზზე აშკარად უკეთესად იჭიდავეს, ვიდრე წინა ტურნირზე – ვენის მსოფლიოს თასზე. კიდევ უკეთესი შედეგი იქნებოდა, რომ არა ის მოშლილობა, რაც ნაკრებში დამხვდა. ბიჭები შეხვედრის ბოლომდე ვერ ძლებენ, ძლიერ იღლებიან. ამ პრობლემას სამწუხაროდ, მოკლე დროში ვერ მოვაგვარებთ. თუნდაც მარტო სუნთქვის პრობლემის მოწესრიგებას, ხანგრძლივი ვარჯიში და მკაცრი რეჟიმი სჭირდება. გამძლეობაში თითქმის მთელ ნაკრებს უჭირს. გამონაკლისი მხოლოდ 60 კილოგრამში მოჭიდავე დავით ასუმბანია. ასევე გამოვარჩევდი იმავე წონაში მოჭიდავე პაატა მერებაშვილსა და ამირან პაპინაშვილსაც. დანარჩენები კი ამ კომპონენტში აშკარად მოიკოჭლებენ.
- ევროპის ჩემპიონატამდე ორ თვეზე ნაკლები რჩება. გამოდის, აქედანვე უნდა შევეგუოთ წარუმატებლობას?
- მდგომარეობის გამოსასწორებლად მაქსიმალურად ვიმუშავებთ, მაგრამ საქმე არც თუ იოლადაა. მინდა აქედანვე ვთქვა, რომ კარგი გუნდის დასაყენებლად ერთი წელი მჭირდება.
- ევროპის ჩემპიონატამდე ერთადერთი ტურნირი გრჩებათ. 27-28 თებერვალს, ჩეხეთში საევროპე განაცხადის უმთავრეს კანდიდატებს აჭიდავებთ?
- ნამდვილად ასე იქნება. ჩეხეთში წასაყვანი შემადგენლობა უკვე დავასახელე. თუმცა, შეიძლება ევროპის ჩემპიონატის განაცხადში სხვა კანდიდატიც შევიყვანოთ. ოღონდ, მხოლოდ ისეთები, რომლებიც ფრანგულ, ავსტრიულ და გერმანულ ტურნირებზე გამოვცადეთ.
- ევროშემადგენლობის უმთავრესი კანდიდატები უკვე გამოიკვეთებოდნენ...
- ამაზე საუბარი ჯერ არ მინდა, დაძაბული შიდა კონკურენცია ბოლო მომენტამდე რომ შენარჩუნდეს.
- მაშინ წონების მიხედვით ვისაუბროთ. 60 კილოგრამში საერთაშორისო ტურნირებში დავით ასუმბანი, ამირან პაპინაშვილი, პაატა მერებაშვილი, ბეთქილ შუკვანი და ნესტორ ხერგიანი გამოსცადეთ. ევროპის ჩემპიონატის შემადგენლობაში მოსახვედრად ხუთივე აგრძელებს ბრძოლას?
- ამ წონაში სავარაუდოდ, ასუმბანს, პაპინაშვილსა და მერებაშვილს შორის გავაკეთებთ არჩევანს. ხერგიანს ახალი წესებით ჭიდაობა აშკარად გაუჭირდა და ევროპირველობაზეც არ იჭიდავებს. რაც შეეხება შუკვანს, კისრის ტრავმა აწუხებს და ალბათ, მომავალ სანაკრებო შეკრებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ეს კი ნიშნავს, რომ საევროპო კონკურენციასაც ჩამოსცილდება. შეკრების გამომტოვებელ კანდიდატს პირველ ნომრად ვერ დავაყენებთ.
- 66 და 73 კილოგრამები ნაკრების ერთ-ერთი უსუსტესი ადგილია. ამ წონებში ვინ მიიჩნევიან მთავარ კანდიდატებად?
- 66-ში - შალვა ქარდავა და მიხეილ ხომიზური. არჩევანს სავარაუდოდ ამათ შორის გავაკეთებ. მოხარული ვიქნები, თუ ამ წონაში დაბრუნებას ზაზა კედელაშვილიც მოისურვებს. თუმცა იგი 73 კილოგრამის შიდა კონკურენციაშიც საუკეთესოა, სამწუხაროდ. ამ წონაზე ყველაზე ძნელია საუბარი.
- 81 კილოგრამს აშკარა ლიდერი ჰყავს, ლევან წიკლაურის სახით...
- ლევანმა საერთაშორისო ტურნირებზე კარგად იჭიდავა და ნაკრების ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატიცაა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე ჭიდაობა განაღდებული არც მას აქვს.
- გიორგი ბაინდურაშვილი და გრიგოლ შინჯიკაშვილი თუ მიიჩნევიან ევროშემადგენლობის კანდიდატებად?
- ეს ძიუდოისტები გერმანულ ტურნირზე წამსვლელთა წინასწარ სიაში მყავდა შეყვანილი, მაგრამ ტრავმის გამო ვერ შეძლეს ჭიდაობა და ევროპის ჩემპიონატზე მათი წაყვანა გამოირიცხა. სავარაუდოდ, ევროპირველონის შემდეგ, ამავე წონაში მიეცემა შანსი ზვიად ბაზანდარაშვილსაც. ამ ეტაპზე კი იგი ჯერ მზად არაა.
- 90 კილოგრამში, თბილისის მსოფლიოს თასის ჩემპიონ მინდია ბოდაველს, მას შემდეგ არც ერთ საერთაშორისო ტურნირზე აღარ უჭიდავია. ევროპის ჩემპიონატის განაცხადის კანდიდატად რჩება?
- რა თქმა უნდა. ნაკრების ერთ-ერთ უმთავრეს კანდიდატად რჩება და წინასაევროპო სამზადისშიც აქტიურად მიიღებს მონაწილეობას. ბოდაველს სხვა ტურნირებზეც აუცილებლად დავაყენებდი, მაგრამ ხელი ტრავმამ შეუშალა.
- ამავე წონაში, კიდევ ორი კანდიდატია გამოკვეთილი...
- ვარლამ ლიპარტელიანი და საბა გავაშელიშვილი. სავარაუდოდ, საბოლოო არჩევანი ამ ორისა და მინდია ბოდაველის შიდა კონკურენციაში გაკეთდება.
- 100 კილოგრამში რომელ ძიუდოისტებს შორის შეარჩევთ ნაკრების პირველ ნომერს?
- ლომერ ჟორჟოლიანსა და ირაკლი ცირეკიძეს შორის.
- ამ წონაში თბილისის ტურნირზე საკმაოდ კარგად იჭიდავა რევაზ ჩიკოიძემ. ფინალში გავიდა და ტრავმის გამო ჩემპიონობისთვის ვეღარ იბრძოლა. ბოდაველის მსგავსად, არც ის გამოჩენილა საერთაშორისო ტურნირებზე. მაგრამ მისგან განსხვავებით, საევროპო კანდიდატებში არ მოიხსენიეთ...
- ჩეხეთის მსოფლიოს თასის განაცხადში შეყვანილია. კიდევ დავაკვირდებით.
- დავით ლორიაშვილისა და ზურაბ ზვიადაურის კანდიდატურები გამოირიცხა?
- ასეა. სათანადო დონეზე საჭიდაოდ ამ ეტაპზე მზად არ არიან.
- მძიმე წონის შიდა კონკურენციაზე რას იტყვით?
- პირველნომრობისთვის ზვიად ხანჯალიაშვილი, ლაშა გუჯეჯიანი და ადამ ოქრუაშვილი იბრძოლებენ.
- ვენაში წასაყვან შვიდეულს როდის დაასახელებთ?
- დასკვნითი შეკრების ბოლოს, ავსტრიაში გამგზავრებამდე ერთი კვირით ადრე.
- ევროპირველობისთვის მოსამზადებელ გეგმაში რამდენი შეკრება შეიტანეთ?
- სამ შეკრებას გავივლით. პირველს ბაკურიანში, 1-ელ მარტს დავიწყებთ. იგი ფიზიკურ მომზადებას დაეთმობა და ორკვირიანი იქნება. მეორე შეკრებას დუშეთში გავივლით, დასკვნითს კი – თბილისში.
- დაბოლოს, ჩეხეთის მსოფლიოს თასზე წასაყვანი შემადგენლობა...
- 60 კილოგრამში ასუმბანი და მერებაშვილი იჭიდავებენ, 66-ში – ქარდავა და ხომიზური, 73-ში – კედელაშვილი და თენგიზ პაპოშვილი, 81-შო – წიკლაური და დავით კარბელაშვილი, 90-ში – ლიპარტელიანი, გავაშელიშვილი, ზვიად გოგოჭური და ბექა ბიქოშვილი, 100-ში – ჟორჟოლიანი, ცირეკიძე და ჩიკოიძე, +100-ში – გუჯეჯიანი და ხანჯალიაშვილი. აქვე დავამატებ, გოგოჭური და ბიქოშვილი პრაღაში კერძო დაფინანსებით მოდიან.
ოთარ მაღლაკელიძე