ინტერვიუები

10:16 | 3.03.2010 | ნანახია [] - ჯერ

ამირან სანაიას რევანში სწყურია

ფრანგული “ლე მანის” მცველი ამირან სანაია, ამჟამად საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ემზადება ესტონეთთან მატჩისთვის. ოთარ გაბელიას შეგირდებიდან, სანაია ერთ-ერთი იმათგანია, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში თამაშის გამოცდილებაც დაუგროვდა და ეს წელიწადი, მისთვის გამორჩეულადაც დაიწყო – “ლე მანის” დუბლებიდან ძირითად გუნდში გადაიყვანეს.
ამ თემებზე “მსოფლიო სპორტი” 20 წლის სანაიას გაესაუბრა:
- რას იტყვი ესტონეთთან მატჩზე და რამდენად ხარ ფორმაში?
- აუცილებლად მოსაგები მატჩია და საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ. პრინციპული თამაშია, თან ესტონეთში 0:2 წავაგეთ და რევანში უნდა ავიღოთ. კარგი ნაკრები გვყავს და საბრძოლო განწყობაც გვაქვს.
- ჯგუფის დარჩენილ მატჩებს თუ გადავხედავთ, მეორე ადგილზე გასვლის შანსი აშკარად ჩანს...
- ეს ყველას გაცნობიერებული გვაქვს და ნებისმიერ მატჩში ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ. ერთ-ერთი გადამწყვეტი შეხვედრა, სწორედ ესტონეთთან გვაქვს.
- “ლე მანში” კვალავაც დუბლებში თამაშობ, მაგრამ პირველ გუნდს უკვე ნელ-ნელა გაჩვევენ. რას იტყვი, რამდენად არის პერსპექტივა, რომ მთავარ გუნდში დამკვიდრდე?
- “ლე მანის” ძირითად გუნდში შეკრებები გავიარე. ალბათ, იმიტომ, რომ დუბლებში ჩემი მონდომება და კარგად თამაში დაინახეს. ვფიქრობ, ძირითად გუნდში თამაში ახლაც ხშირად მომიწევდა, რომ არა “ლე მანის” ასეთი მდგომარეობა ცხრილში: გასავარდნ ზონაში ვართ და მწვრთნელი ვერ რისკავს ახალბედების დაყენებას. ქულები ასაღებია და ეს, გამოცდილ, უფრო ერთმანეთში შეთამაშებულ ფეხბურთელებს შეუძლიათო.
- “ლე მანი” თუ გავარდა, რას იზამ?
- არ ვიცი. თუ გავვარდით, ჩემი დარჩენა-არდარჩენის ამბავი მერე გაირკვევა. სეზონის ბოლოს, თავისუფალი აგენტი ვხდები და კლუბმა უკვე შემომთავაზა კონტრაქტის გახანგრძლივება, მაგრამ ჯერ არ ვიცი, რას ვიზამ, მენეჯერს მალე უნდა დაველაპარაკო.
- საფრანგეთის ჩემპიონატი სავსეა ათლეტური აღნაგობის ფეხბურთელებით, შენ კი ბრგე აღნაგობით ვერ გამოირჩევი. ძალიან ხომ არ გაგიჭირდა ფიზიკურად?
- ახლა უკვე აღარ, თორემ თავიდან, როცა ჩავედი “ლე მანში”,  ძალიან მიჭირდა. ვვარჯიშობ, ვიტვირთები და უკვე იმდენად აღარ მიძნელდება. ისე, მართლაც ძალიან მაგრად უნდა იყო მომზადებული საფრანგეთში.
- შენი თანაგუნდელი გიორგი მაკარიძე როგორ ფორმაშია? გულგატეხილი ხომ არაა, ძირითად გუნდში რომ აღარ ათამაშებენ?
- გიორგის კიდევ მიეცემა შანსი ძირითად გუნდში თამაშისა და მჯერა, დაამტკიცებს კიდეც, რომ ძლიერი მეკარეა. მის მიმართაც იგივე დამოკიდებულებაა, რაც ჩემზე ვთქვი: “ლე მანი” გავარდნის პირასაა და მწვრთნელი ახალბედებს ვერ ენდობა.

ილია ნანობაშვილი

 

0.117529