საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ლოს ანჯელესში გამართულ გუნდურ საერთაშორისო ტურნირზე - მსოფლიოს თასზე წარუმატებლად გამოვიდა. შეჯიბრებაში სულ 10 ქვეყნის ნაკრები ჩაერთო და საქართველომ ბოლოსწინა ადგილი დაიკავა.
ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა წონითი კატეგორიების ლიდერები, რომლებიც ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან, ამჯერად ხანგრძლივ მგზავრობას და ტურნირზე ჭიდაობას აარიდა და თავის გამოჩენის შანსი კანდიდატებს მისცა, მაგრამ თავიანთი შესაძლებლობების რიგიანად წარმოჩენა მხოლოდ თითოოროლამ შეძლო.
ტურნირის ფორმატის თანახმად, მსოფლიოს თასის მონაწილე 10 ნაკრები 2 ჯგუფში გადანაწილდა. საქართველოს ნაკრები B ჯგუფში მოხვდა რუსეთთან, იაპონიასთან, უკრაინასთან და მონღოლეთთან ერთად და ოთხივესთან დამარცხდა. იაპონიასთან, მონღოლეთთან და უკრაინასთან ერთნაირი ანგარიშით - 3:5, ხოლო რუსეთთან - 1:7.
იაპონიასთან თავიანთი შეხვედრები ბექა ლომთაძემ (61 კგ), ხანგრძლივი პაუზის შემდეგ აქტიურ სპორტში დაბრუნებულმა ლუკა კურტანიძემ (97 კგ) და გიორგი საკანდელიძემ (125 კგ) მოიგეს. ლომთაძემ მომდევნო ორ ბრძოლაშიც იმარჯვა. მონღოლეთთან დაპირისპირებაში მას მხარი ნოდარ ეგაძემ (97 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (120 კგ) აუბეს, ხოლო უკრაინასთან – ბექა ბუჯიაშვილმა (57 კგ) და ზურაბ იაკობაშვილმა (65 კგ). რუსეთთან კი გამარჯვება მხოლოდ საკანდელიძემ შეძლო, მაშინ, როდესაც საერთო ანგარიში უკვე 0:7 იყო.
ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ პირდაპირ ადგილების გადასანაწილებელი შეხვედრები გაიმართა. ქართველები ბოლო ადგილისგან თავის დასაღწევად A ჯგუფის აუტსაიდერ სომხებს დაეჭიდნენ.
შეხვედრა ფრედ 4:4 დასრულდა. თითოეული ბრძოლის ანგარიშების დაჯამებით კი გამარჯვება საქართველოს ნაკრებს ერგო. დასკვნით დაპირისპირებაში ქულები ზურაბ იაკობიშვილმა, ლევან ქელეხსაშვილმა (70 კგ), გიორგი მარსაგიშვილმა (74 კგ) და გიორგი საკანდელიძემ აიღეს.