ინტერვიუები

21:38 | 11.04.2011 | ნანახია [] - ჯერ

ალვარო არბელოა: “ლივერპულს” რომ მოენდომებინა, გუნდს არ დავტოვებდი”

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მცველი ალვარო არბელოა, აგერ უკვე ორი წელია, ინგლისური “ლივერპულიდან” მადრიდის “რეალში” გადავიდა, მაგრამ ინგლისელ გულშემატკივარს ის დღემდე უყვარს.
The Guardian-ის ჟურნალისტი მას ინგლისში გატარებულ პერიოდზე ესაუბრა. არბელოამ იმ მიზეზების გარკვევაც სცადა, რის გამოც იმავე “ლივერპულის” გულშემატკივრებმა ლონდონის “ჩელსიში” გადასული ესპანელი ფორვარდი, ფერნანდო ტორესი მოიძულეს. მანამდე მან “ბარსელონას” არგენტინელ შემტევ ლიონელ მესისთან ურთიერთობაზე ისაუბრა. მომავალ ტურში, არბელოას “რეალს” სწორედ “ბარსელონასთან” ელის შეხვედრა და 28 წლის მცველი ერთ-ერთ იმ ფეხბურთელად მიიჩნევა, რომელსაც არგენტინელის თამაშიდან გათიშვა საუკეთესოდ ეხერხება.
- ალვარო, თქვენ ერთ-ერთი ხართ იმ ფეხბურთელთაგან, რომელსაც მესის წინააღმდეგ თამაში გამოსდის. თქვენი მოძრაობები სხვა მცველებმა რომ გაიმეორონ, ისინიც შეძლებენ “ბარსელონას” ლიდერის გაუვნებელყოფას?
- მთავარი სირთულე ისაა, რომ მესი ახლა სრულიად განსხვავებულ სტილში თამაშობს. ის მხოლოდ ფლანგის მოთამაშე აღარაა და მთელს მოედანზე ძალიან ბევრს მოძრაობს. ჩემი მეთოდი მხოლოდ ისაა, რომ მას ყველგან ვსდიო და ეს კარგად გამომდის. მის წინააღმდეგ ორჯერ ვითამაშე და ორივე თამაშით კმაყოფილი დავრჩი.
- ამბობთ, რომ მესის მთელს მოედანზე დასდევთ. თამაშის დროს მასთან თუ საუბრობთ?
- ვისთან ვისთან და მესისთან საუბრის წამოწყება ძალიან რთულია. ის ჩუმი ადამიანია და სიტყვას ვერ დააცდევინებ. ორივე მატჩის განმავლობაში, ერთმანეთისთვის სიტყვაც არ გვითქვამს. მეც არ ვეკუთვნი იმ ფეხბურთელთა რიცხვს, რომლებიც თამაშის დროს ბევრს საუბრობენ და ცეცხლზე ნავთს ასხამენ. მატჩზე იმდენად ვარ კონცენტრირებული, რომ თავს საუბრით გართობის უფლებას არ ვაძლევ.
- შეძლებდა ლიონელ მესი ინგლისში თამაშს და ბრიტანული ცივი, ნესტიანი ჰაერით დატკბობას?
- (იცინის) ალბათ, მესი შეძლებდა და ალბათ, ის ერთადერთია, ვინც ამას მოახერხებდა. ინგლისში თამაში რომ ძალიან რთულია, ეჭვი არავის ეპარება. მრავლად არიან ისეთი ფეხბურთელები, ძალიან ტექნიკურები, რომლებიც პრემიერლიგის კლუბებში გადავიდნენ, მაგრამ სულაც არ ბრწყინავდნენ, რადგან ადაპტაცია ვერ გაიარეს.
- რა როლი შეასრულა თქვენს ცხოვრებაში ინგლისში და ინგლისურ ფეხბურთში გატარებულმა წლებმა?
- ამ პერიოდმა დაუვიწყარი შთაბეჭდილებები დამიტოვა. ინგლისი დამეხმარა ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში. ძალიან მომწონს ის, თუ როგორ ცხოვრობენ იქ გულშემატკივრები ფეხბურთით. ინგლისში ყველა ფეხბურთით ცხოვრობს. ძალიან დიდი გამოცდილება შევიძინე და ყველას ვურჩევდი, რომ საკუთარი შესაძლებლობები იქ მოესინჯა.
- თუ ასეა, ინგლისი რატომ დატოვეთ?
- საქმე ისაა, რომ “ლივერპულის” ხელმძღვანელობასთან ახალი კონტრაქტის პირობები ვერ შევათანხმე, ამ დროს ჩემით მადრიდის “რეალი” დაინტერესდა და მეც იქ გადავედი. აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდში “ლივერპულმა” ჯონსში 17 მილიონი გირვანქა გადაიხადა და აქ ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა. სხვა გამოსავალი აღარ იყო. “ლივერპულს” რომ ჯონსთან კონტრაქტი არ გაეფორმებინა, ვფიქრობ, ინგლისში აუცილებლად დავრჩებოდი.
- მიუხედავად იმისა, რომ “ლივერპულში” აღარ თამაშობთ, ამ გუნდის გულშემატკივრებში ძველებურად პოპულარობით სარგებლობთ...
- დიახ, ეს ასეა, მაგრამ, ვფიქრობ, მე მათგან ასეთი დიდი ყურადღება არ დამიმსახურებია. მაგალითისთვის, ხაბი ალონსო ავიღოთ, რომელმაც ლივერპულში მთელი ხუთი წელიწადი გაატარა და მისი გულისცემა გახლდათ. ბოლო სეზონში ის “ლივერპულის” შემადგენლობაში საუკეთესო იყო. როდესაც მან გუნდი დატოვა, ის “ლივერპულს” უფრო მეტად დააკლდა, ვიდრე ტორესი. აი, ესაა დამსახურება. მე ამ გუნდის შემადგენლობაში სულ რაღაც ორნახევარი წელიწადი გავატარე. მაგრამ ვაღიარებ - ასეთი დამოკიდებულება ძალიან მსიამოვნებს.
- თქვენ და ხაბი ალონსოს, გუნდის გულშემატკივრები ახლაც დიდ პატივს გცემენ, აი, ფერნანდო ტორესის შემთხვევაში კი, სულ სხვა სიტუაციაა...
- როგორც არ უნდა თქვა, გულშემატკივრისთვის ზოგიერთი ჩვენი გადაწყვეტილება გაუგებრად რჩება და ეს განსაკუთრებით “ლივერპულის” გულშემატკივრებს ეხებათ, რომლებსაც მუდამ გამარჯვება სწყურიათ. შესაძლოა, ტორესი “ჩელსის” ნაცვლად “ინტერში” რომ გადასულიყო, გულშემატკივრებს ასეთი მძაფრი რეაქცია არ ჰქონოდათ. შესაძლოა, საქმე არც მთლად ასეა... გასათვალისწინებელია ის მომენტიც, თუ როგორ გააფორმებს კლუბი ფეხბურთელის წასვლას. ფერნანდოს ვესაუბრე და გულდაწყვეტილია, რადგანაც მართლაც ცუდი სიტუაციაა.
- თქვენც დაგწყდათ გული?
- დიახ, ძალიან. “ლივერპულში” მისი კარიერა წარმოუდგენლად კარგად დაიწყო და გულშემატკივარმაც შეიყვარა. სამწუხაროა, ყველაფერი ასე რომ დასრულდა. ტორესს “ატლეტიკოსთანაც” მსგავსი სიტუაცია შეექმნა. მას სხვა არჩევანი აღარ დაუტოვეს და თქვა, რომ მიდიოდა. ასეთი გადაწყვეტილებების მიღება იოლი არასდროს არაა.
- “ლივერპულს” რომ ფული ჰქონოდა, თქვენ ყველანი იქ დარჩებოდით?
- “ლივერპულში” თამაში ერთი სიამოვნებაა, მაგრამ ფინანსები არ ჰყოფნის, რათა ტოპ-კლუბებს ებრძოლოს. არადა, ასეთი დიდი ისტორიის გუნდი იმის ღირსი ნამდვილადაა, რომ ეს ისტორია გარკვეულწილად გაიმეოროს.

 

მოამზადა ზურა ქსოვრელმა 

0.153525