ფეხბურთი

21:15 | 9.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ალკასერი: “ვალენსიაში” დიდხანს დარჩენა მსურს”

ესპანეთის ნაკრების ახალწვეული პაკო ალკასერი მაკედონიასთან მოგებული მატჩის (5:1) შემდგომ, As-ის ჟურნალისტმა შეიგულა. მასთან საუბარში, პაკომ თავის ემოციებზე, ნაკრებზე, სამომავლო გეგმებსა და “ვალენსიაზე” ისაუბრა.

პაკო ალკასერი: ბედნიერი ვარ ნაჩვენები თამაშით. უკეთეს დებიუტს ვერც ვინატრებდი. არ არსებობს უკეთესი დასაწყისი: გამარჯვება და გოლი. როდესაც ფორვარდს იძახებენ, ყველა გოლს ელის მისგან. იმედი მაქვს, ეს მხოლოდ დასაწყისია.

- ვინ მოგილოცათ პირველმა სადებიუტო გოლი?  

- პირველებმა ეს დედამ და ძმამ გააკეთეს. მე კი იმ მაისურს, რომლითაც პირველი გოლი გავიტანე ნაკრებში, სამუდამოდ შევინახავ.

- რა ხდება “ვალენსიასთან” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე?

- კლუბს ჩემთან კონტრაქტის გახანგრძლივების სურვილი აქვს და ამით მოხარული ვარ. მინდა, რომ “მესტალიაზე” დიდი ხნის განმავლობაში დავრჩე. კლუბს ყველაფრისთვის მადლობას ვუხდი. ყველასგან დიდ სიყვარულს ვგრძნობ და კონტრაქტის გახანგრძლივებაც მალე მინდა. მაგრამ, მთავარი ახლა “ესპანიოლთან” მატჩია და მასზე უნდა ვიფიქროთ.

- რას იტყვით ალვარო ნეგრედოზე?

- ნეგრედოს შესახებ ყველამ კარგად ვიცით ესპანეთიდან და “სიტიდან”. ის ტოპკლასის ფორვარდია და ძალიან გაგვაძლიერებს.

- შესაძლოა, რომ თქვენ, როდრიგო და ნეგრედო ერთად იყოთ სასტარტოში?

- რატომაც არა? ჩვენ სამი სხვა და სხვა ტიპის ფორვარდი ვართ და ვფიქრობ, ერთად თამაშით მეტოქეს დიდ ზიანს მივაყენებთ. ყველაფერი მწვრთნელის გადასაწყვეტია.

- რა გითხრათ დელ ბოსკემ?

- მან გოლი და დებიუტი მომილოცა, თუმცა ბევრი არაფერი უთქვამს.

- უფრო მეტი მოთამაშე უნდა იყოს “ვალენსიადან” ნაკრებში?

- “ვალენსია” ტოპდონეზეა და ესპანეთის ნაკრებში ამ გუნდის მეტი მოთამაშე უნდა იყოს. ისინი საამისოდ მზად არიან.

- რას იტყვით მუნირზე?

- შესანიშნავი ფეხბურთელია. ის ძალიან მშვიდად გამოიყურებოდა, რაც ძალიან კარგი თვისებაა. მუნირს დიდი მომავალი აქვს და ნაკრების კარი მისთვის ღია იქნება.

შეგახსენებთ, რომ პაკო ესპანეთის რიგებში პირველად ოთხშაბათს, საფრანგეთთან წაგებულ ამხანაგურ მატჩში გამოჩნდა, რასაც ოფიციალურ შეხვედრაში დებიუტი და გოლი მოჰყვა. ის “ვალენსიას” აღზრდილია და 43 შეხვედრაში მან 15 გოლი გაიტანა.

ირაკლი ალიმბარაშვილი

 

0.112367