ინტერვიუები

17:48 | 29.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

ალფრედო დი სტეფანო: “ოქროს ბურთს” რონალდუს მივანიჭებდი

მადრიდის “რეალის” საპატიო პრეზიდენტმა ალფრედო დი სტეფანომ Marca-ს მისცა ინტერვიუ და პოპულარული გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დაადასტურა, რომ ახლა “სამეფო კლუბის” ფეხბურთელთა, მწვრთნელთა და გულშემატკივართა ერთიანობაა.

 
- დონ ალფრედო, “რეალის” პრეზიდენტი სანტიაგო ბერნაბეუ რომ იყოს, მთავარ მწვრთნელად ჟოზე მოურუნიოს მიიწვევდა ან სეზონის ესოდენ წარუმატებელი პირველი ნახევრის შემდეგ პორტუგალიელ სპეციალისტს პოსტს დაატოვებინებდა?
- მოურინიო ურთულეს სამუშაოს ასრულებს. მას გვერდით დგომა და დახმარება ესაჭიროება. ახლა ყველა უნდა შევკავშირდეთ, რათა მძიმე მდგომარეობიდან გამოსავალი ერთობლივად ვიპოვოთ. არაა საჭირო დამნაშავეების ძებნა. წინ სეზონის მთავარი ნაწილი გველის და “რეალმა” მეორე წრე შეძლებისდაგვარად უკეთ უნდა ჩაატაროს. ვიმედოვნებ, ჩემპიონთა თასის დაუფლებას მოვახერხებთ.
- თანამედროვე ფეხბურთელთაგან საკუთარ თავს რომელი მათგანი გაგონებთ?
- არცერთი. ნებისმიერ მოთამაშეს თავისი განსაკუთრებული მანერა აქვს. მე არავინ ჩამომგავს.
- თქვენი აზრით, ამჟამად პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი რომელი მოთამაშეა?
- საკითხის ამგვარად დაყენება არაკორექტულად მიმაჩნია. ფეხბურთი სპორტის კოლექტიური სახეობაა და გამორჩეული ფეხბურთელები გუნდების ნაწილს წარმოადგენენ. ამიტომცა ვთვლი, რომ პირადი ჯილდოები მეორადია. არცერთი ფეხბურთელი ისე არ ფასობს, როგორც გუნდი.
- თქვენ პარტნიორთაგან რომელი მოთამაშეები აუწყობდნენ სათანადოდ ფეხს თანამედროვე ფეხბურთს?
- რამდენიმე ფეხბურთელი ამას მეტად წარმატებით შეძლებდა. მაგალითისთვის, ფრანსისკო ხენტოს დაგისახელებთ.
- როგორ გგონიათ, არგენტინის ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე კარგად ითამაშებს?
- ვიმედოვნებ, ბრაზილიაში საუკეთესო თვისებებს გამოვავლენთ. დროა, არგენტინამ დიდი გამარჯვება კვლავ მოიპოვოს.
- მაინც რა აკლია “ალბისელესტეს” საამისოდ?
- არგენტინის ნაკრების პრობლემები ფსიქოლოგიური ხასიათისაა. გუნდმა გამარჯვებულის მენტალობა უნდა გამოიმუშავოს. ფეხბურთელთა კლასს რაც შეეხება, ამ მხრივ ჩვენი ეროვნული გუნდი გამორჩეულია.
- ლეო მესი ალფრედო დი სტეფანოსთან, რაიმონ კოპასა და ფრანსისკო ხენტოსთან ერთად წარმატებულ თამაშს შეძლებდა?
- შეძლებდა და მერე როგორ! ბედნიერი ვიქნებოდი, მესისნაირი პარტნიორი რომ მყოლოდა.
- მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად საკუთარ თავს თვლით, თუ პელეს, ზიკოს, მიშელ პლატინის, რობერტო რიველინოს, ფრანც ბეკენბაუერს, დიეგო მარადონას ან ლეო მესის?
- ამგვარ კითხვაზე პასუხის გაცემა ხშირად მიწევს და ყოველთვის ბუენოს აირესის “რივერ პლეიტის” კვინტეტს ვასახელებ. ჩემი საყვარელი ფეხბურთელები ხუან კარლოს მუნიოსი, ხოსე მანუელ მორენო, ადოლფო პედერნერა, ანხელ ლაბრუნა და ფელიკს ლოუსტაუ არიან. უძლიერესებადაც მათ ვთვლი.
- როგორ გგონიათ, “მალაგასთან” მატჩში “რეალის” კარს რატომ იცავდა ანტონიო ადანი და არა იკერ კასილასი?
- ვერაფერს გეტყვით. ყველა მწვრთნელს საკუთარი მიდგომა და საიდუმლო აქვს. გამონაკლისის არც ჟოზე მოურინიოა.
- “ოქროს ბურთის” ლაურეატის გამოვლენის გამოკითხვაში მონაწილეობის უფლება რომ გქონდეთ, ხმას ვის მისცემდით?
- კრიშტიანუ რონალდუს.
- თქვენ მიერ გატანილ გოლთაგან საუკეთესოდ რომელ მათგანს თვლით?
- “ვალიადოლიდს” ვარდნაში ქუსლით რომ გავუტანე.
 
გოჩა კაჭარავა
 
0.113548