ფეხბურთი

20:53 | 7.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ალფრედო დი სტეფანო გარდაიცვალა

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, მადრიდის “რეალის” საპატიო პრეზიდენტი ალფრედო დი სტეფანო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დი სტეფანოს გული ბოლო 9 წლის განმავლობაში აწუხებდა. 5 ივლისს, მას გული გაუჩერდა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში მოათავსეს. ექიმები დი სტეფანოს მდგომარეობიდან გამოყვანას 2 დღის განმავლობაში ცდილობდნენ მაგრამ ეს ვერ მოხერხდა და დღეს, 7 ივლისს, ლეგენდარული ფეხბურთელი გარდაიცვალა.

1926 წელს დაბადებულმა ალფრედო დი სტეფანომ კარიერა 1945 წელს, “რივერ პლეიტში” დაიწყო. 1946 წელს ის “ურაკანში” გაანათხოვრეს. 1951 წელს დი სტეფანო “მილიონარისში” გადავიდა, ხოლო 2 წლის შემდეგ მან “რეალს” მიაშურა, სადაც კარიერის საუკეთესო 11 წელი გაატარა. მადრიდულ გუნდში დი სტეფანომ 396-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 307-ჯერ აიღო. მან მადრიდელებს 8-ჯერ ლა ლიგა, ერთხელ ესპანეთის თასი, ერთხელ საკონტინენტთაშორისო თასი და რაც მთავარია, 5-ჯერ ჩემპიონთა თასი მოაგებინა. დი სტეფანოს, მთელი კარიერის განმავლობაში, 23 გუნდური ტიტული მოუგია.

ალფრედო დი სტეფანო ერთხელ არგენტინის, 2-ჯერ კოლუმბიის, ხოლო 5-ჯერ ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი იყო. 4-ჯერ ის ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. დი სტეფანო 2-ჯერ ჩემპიონთა თასის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 1957 და 1959 წლებში, დი სტეფანომ, ჯერ როგორც არგენტინელმა, ხოლო შემდეგ როგორც ესპანელმა “ოქროს ბურთი” აიღო. 1989 წელს, ალფრედო დი სტეფანო “სუპერ ოქროს ბურთის” მფლობელი გახდა. გამოკითხვაში მან იოჰან კრუიფსა და მიშელ პლატინის აჯობა.

ალფრედო დი სტეფანოს 3 ქვეყნის ნაკრებში უთამაშია. მშობლიური არგენტინის მაისურით მან 6 თამაში ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. შემდეგ იყო კოლუმბიის ეროვნულ გუნდში ჩატარებული 4 თამაში, ხოლო 1957-1961 წლებში, ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებში მან 31-ჯერ ითამაშა და 23 გოლი გაიტანა.

დი სტეფანომ ფეხბურთის თამაშს თავი 1966 წელს დაანება. ერთი წლის შემდეგ მან მწვრთნელობა დაიწყო. ის ისეთ გუნდებს თავკაცობდა, როგორიცაა “ბოკა ხუნიორსი”, “ვალენსია”, “რივერ პლეიტი” და “რეალი”. დი სტეფანოს, მწვრთნელობის დროს, ქვეყნის ჩემპიონატი “ბოკა ხუნიორსთან” და “ვალენსიასთან” ერთად მოუგია. “ღამურებს” მან ევროპის თასების მფლობელთა თასიც მოაგებინა.

ალფრედო დი სტეფანომ მწვრთნელობას თავი 1991 წელს დაანება, ხოლო 2000 წლის 5 ნოემბერს ის მადრიდის “რეალის” საპატიო პრეზიდენტი გახდა.

0.137522