ალფრედო დი სტეფანოს 510 ჩატარებულ მატჩში 418 გოლი აქვს გატანილი, 3 ქვეყნის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული მოუპოვებია, 1957 და 1959 წლებში კი “ოქროს ბურთი” მიაკუთვნეს. ჩემპიონთა თასისა და ესპანეთის პირველობის მრავალგზის გამარჯვებული, “თეთრ ისრად” წოდებული დი სტეფანო მადრიდის “რეალის” სიმბოლოა და “სამეფო კლუბის” საპატიო პრეზიდენტადაცაა არჩეული.
- თქვენი საფეხბურთო ცხოვრება როდის დაიწყო?
- 4 წლიდან ფეხბურთს ვთამაშობდი. ჩვენი სახლი ფაბრიკის რაიონში იყო, სადაც მანქანები პრაქტიკულად არ დადიოდნენ და თამაშის საშუალებაც გვქონდა. ისეთ რაიონში ვიზრდებოდი, სადაც უპირატესად ხელმოკლე ოჯახები სახლობდნენ. თითო ოჯახში რამდენიმე ბავშვი იზრდებოდა და გართობის ლამის ერთადერთი წყარო ფეხბურთი იყო. როდესაც წამოვიზარდეთ, მეზობელ კვარტალსაც ვსტუმრობდით და იქაურ ბიჭებს ვეპაექრებოდით.
- ერთგვარი სარაიონო ჩემპიონატები ტარდებოდა?
- დიახ, უბნები საფეხბურთო ბატალიებში ერთმანეთთან ვარკვევდით ურთიერთობას.
- ადრეული ასაკიდანვე თავდამსხმელი იყავით?
- არა, ბავშვობაში გამოკვეთილი ფორვარდი არ ვყოფილვარ. ნებისმიერ პოზიციაზე თამაში მგვრიდა სიამოვნებას. ხანდახან მეკარეც კი ვიყავი. პოზიცის ცვლილება კი იმიტომ მიწევდა, რომ თანაგუნდელებსაც სურდათ თავდასხმასა და ნახევარდაცვაში თამაში. მეც მათი ინტერესის გათვალისწინება მიწევდა.
- რომის პაპი ფრანსისკი და თქვენ ბუენოს აირესი ერთ უბანში დაიბადეთ. ბავშვობაში ფეხბურთის თამაში კათოლიკური ეკლესიის დღევანდელ თავკაცსაც უყვარდა. მასთან ერთად ხომ არ გითამაშიათ?
- სავსებით შესაძლებელია, რომ ქუჩაში რომის პაპთან ერთად ფეხბურთი მითამაშია. ისე, ამ კითხვით მას უნდა მიმართოთ. ფრანსისკზე 10 წლით უფროსი ვარ და როდესაც რომის პაპი პირველ საფეხბურთო ნაბიჯებს დგამდა, უკვე საკმაოდ ცნობილი მოთამაშე გახლდით – “რივერ პლეიტის” აკადემიაში ვირიცხებოდი და უბანში ყველა მიცნობდა.
- დამწყებ ფეხბურთელებს რა რჩევა-დარიგებას მისცემთ?
- რაც შეიძლება მეტი იკითხონ, წიგნები ხომ არ “იკბინებიან”. უმთავრესი სწავლაა, რადგან მაღალი დონის პროფესიონალი ფეხბურთელი ყველა ვერ გამოვა. ახალგაზრდა მოთამაშეებს კი მოვუწოდებ, სრულად გაითვალისწინონ მწვრთნელის მითითებები. ამასთან, ფეხბურთი სპორტის კოლექტიური სახეობაა და უმთავრესი გუნდური ინტერესია და არა პირადი ამბიცია. არ მიყვარს მოთამაშეები, რომლებიც ბურთს “ათრევენ”. მათ ჟონგლიორებს უფრო ვუწოდებდი, ვიდრე ფეხბურთელებს. მოთამაშე ეგოისტი არ უნდა იყოს და პარტნიორებს დროული პასი გაუკეთოს.
- გახსოვთ ის პერიოდი თქვენს ხელში ჩასაგდებად “ბარსელონა” და “რეალი” რომ იბრძოდნენ?
- კლუბებმა მოილაპარაკეს, ერთი წელი კატალონიაში რომ უნდა მეთამაშა, მომდევნო – კასტილიაში. ეს მე არ მაწყობდა, არჩევანი კი “რეალის” სასარგებლოდ გავაკეთე.
- მადრიდელთა პრეზიდენტმა სანტიაგო ბერნაბეუმ “ბარსელონას” შემორიგება სცადა და ამ მიზნით “მეგობრობის თასი” დააარსა, რომელსაც ერთმანეთს “რეალი” და “ბარსა” შეეცილებოდნენ...
- სამწუხაროდ მხოლოდ ერთი მატჩი ჩატარდა ამ თასის ეგიდით. კატალონელები 7:3 დავამარცხეთ. ბარსელონელები იმდენად გააწბილა ამ ანგარიშმა, ჩვენ “მეგობრობას” სათავე ვერა და ვერ დაედო.
- ყველაფრის თავიდან დაწყება რომ მოგიხდეთ, არჩევანს კვლავ “რეალის” სასარგებლოდ გაკეთებდით?
- არავითარ შემთხვევაში! უარს ვიტყოდი არა მარტო “რეალზე”, არამედ საერთოდ ფეხბურთელის კარიერაზე. ძალიან მომწონს სოფლის ცხოვრება, ძროხებისა და ცხვრების მოვლა. ვნანობ, ფერმერი რომ არ გამოვედი. ცხოვრებას ახლა რომ ვიწყებდე, ფეხბურთს მხოლოდ სამოყვარულო დონეზე ვითამაშებდი.
- “რეალში” თქვენი საყვარელი პარტნიორები რომელი ფეხბურთელები იყვნენ?
- ექტორ რიალი და პაკო ხენტო.
- ფეხბურთიდან წასვლა არ გაგიჭირდათ?
- ალბათ სამოთამაშეო კარიერას გულისხმობთ. როდესაც რომელიმე პროფესიას გულითა და სულით ემსახურები, ცხადია, რთულია, მისი დატოვება. თავს კი იმით ვიმშვიდებდი, მწვრთნელად რომ ვიმუშავებდი.
- ბედი სამსახიობო არენაზეც სცადეთ. ამის გამო კინაღამ საფეხბურთო კარიერა შეწყვიტეთ...
- არა, საქმე აქამდე ნამდვილად არ მისულა. ეს მხოლოდ ახლანდელი რეკლამის მსგავსი გადაღება გახლდათ. კინოს პრობლემა ისაა, რომ თუკი სტუდიაში არ ხარ, ბევრი დრო გეკარგება, მთლიანად რეჟისორზე ხარ დამოკიდებული. ცხადია, კინოს თავისი ხიბლი აქვს, მაგრამ სირთულეებიც ბლომადაა. კარგი მსახიობი ვერასდროს გახდები, თუკი პიროვნება არ ხარ. უმთავრესი “როლში შესვლაა” და თუ ეს ვერ მოახერხე, სხვების ნაღვაწსაც წყალში გადაყრი. კინო ყოველთვის მიზიდავდა, მაგრამ მე ფეხბურთელი ვარ.