ინტერვიუები

17:53 | 20.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

ალესანდრო ნესტა: “ადრენალინი მჭირდება”

პატარა სტადიონი მონრეალის შემოგარენში - ზაფხულში ცხელი და მზიანი, ზამთარში თოვლიანი. აქ ადგილობრივი კლუბი “მონრეალ იმპაქტი” თამაშობს, რომელმაც ჯერ ვერ მოახერხა “ადგილობრივ სერია A-ში” - MLS-ში დამკვიდრება.
ახლა გუნდი მიზნის მიღწევა იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველის, ალესანდრო ნესტას დახმარებით ეცდება, რომელმაც უკვე მოასწრო მონრეალში მოწყობა: “დიდებული სახლია პრაქტიკულად ქალაქის ცენტრში” - ამბობს 36 წლის იტალიელი, რომლის თანამემამულეებიც ამ კანადურ გუნდში მრავლად მრავლად არიან (მატეო ფერარი, დენის ლაპიჩინო, ფელიპე მარტინსი, მარკო დი ვაიო და ბერნარდო კორადი) და დაახლოებით 10 დღეში, ახალ გუნდში და ახალ საფეხბურთო ცხოვრებაში, თავის სადებიუტო მატჩს გამართავს.
- როგორ გაჩნდა “მონრეალში” გადასვლის იდეა?
- MLS-თან დაკავშირებით უკვე რამდენიმე წელია ვფიქრობ. “მილანის” შემდეგ ამერიკაში მსურდა კარიერის გაგრძელება, მაგრამ აქაური დიდი კლუბებისთვის საჭირო არ აღმოვჩნდი. თავიდან ეს ყველაფერი მაკვირვებდა, მაგრამ აქ ფეხბურთზე სულ სხვა წარმოდგენა აქვთ. ჩვენთან მცველი რაღაც განსაკუთრებულია, აქ კი, უმთავრესი ყურადღება თავდამსხმელებს ექცევა. მარკეტინგის საკითხია. “იმპაქტში” უფრო იტალიური ფილოსოფიის შეხედულება აქვთ. მარკო დი ვაიოს სანახავად ჩამოვედი, ვისაუბრეთ და მაგრძნობინეს, რომ ამ გუნდისთვის საჭირო ვიყავი.
- თქვენ ანაზღაურება ისეთი არ შემოგთავაზეს, როგორსაც სხვებს სთავაზობენ...
- ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. ოცი წლის განმავლობაში საკმარისი თანხა გამოვიმუშავე და ახლა ზუსტად ამ სახის გამოცდილება მჭირდებოდა - გამიჭირდებოდა, თამაშის დასრულების შემდეგ ისეთი სამუშაოს შოვნა, რომელიც ასეთ ცხოვრებისეულ ცვლილებაში დამეხმარებოდა. ახლა ჩემ შვილებს – ანგლო-ფრანგულ გარემოში აღზრდის საშუალება ექნებათ. ამასთან, მათი ძიძა ესპანურენოვანია. გაიზრდებიან და მადლობას მეტყვიან.
- უკვე ჩამოგიყალიბდათ წარმოდგენა ამერიკულ “სოკერზე”?
- ეს ფიზიკურ მომზადებაზე დამყარებული ფეხბურთია. დონემ აიწია, თუ იმ დროს შევადარებთ, როდესაც აქ ამხანაგური მატჩების გასამართად ჩამოვდიოდით, მაგრამ მისი ამაღლება კიდევ შეიძლება.
- ცოტა ხნის წინ თქვენ ამბობდით, რომ როდესაც თამაშს თავს დაანებებდით, საფეხბურთო სამყაროსაც დატოვებდით, რათა სხვა ცხოვრებით დამტკბარიყავით. ახლა მწვრთნელის ლიცენზია აიღეთ, გადაიფიქრეთ?
- მივხვდი, რომ იმ გარემოსთან განშორება, რომელშიც ბავშვობიდან ხარ, იოლი არ იქნებოდა. მსურს მწვრთნელობა, მაგრამ არა ბავშვებში. დიდი მიზნები მაქვს - მინდა საკუთარი შესაძლებლობები უმაღლეს დონეზე გამოვცადო. მე მჭირდება შეჯიბრება, ადრენალინი და მწვრთნელობა იქნება იდეალური სამუშაო, ზუსტად ჩემზეა მორგებული.
- ზოგს მიაჩნია, რომ “ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების თამაშების ყურება საშინლად მოსაწყენია...
- ზოგს მაგრად უმართლებს. მე “ბარსელონას” წინააღმდეგ მითამაშია და დამიჯერეთ, რატომღაც ვერ მოვიწყინე. არადა, კარგი იყო მომეწყინა - იდეალურის ზღვარზე თამაშობენ.
- თქვენც მოიხიბლეთ ბალოტელის მიერ გერმანიის ნაკრების კარში გატანილი გოლებით?
- ნაკრებს მაიამიდან ვგულშემატკივრობდი. თამაშს რესტორანში ვუყურე. არიან მოთამაშეები, რომელთაც სხვებზე მეტად ვგულშემატკივრობ, ვთქვათ, ჩემი მეგობრები პირლო, დე როსი, აბატე და ბუფონი. ნებისმიერ შემთხვევაში, გამარჯვებამ გამახარა, ოღონდ, არ მიქნევია მანქანიდან გადმოყოფილი დროშა და არ დამირტყამს წრეები ქალაქისთვის. რაღაც ნოსტალგიური განწყობა მქონდა, რადგან ნაკრების მაისურის ტარება დიდებული რამაა. თუმცა, სულაც არ ვდარდობ, ნაკრებში რომ აღარ ვთამაშობ. შესაძლოა, ამ საქმეს ნაადრევად გავანებე თავი, მაგრამ ნაკრების მაისურით კიდევ რომ მეთამაშა, ახლა ბურთს მხოლოდ პლაჟზე თუ გავაგორებდი.
- მოგეწონათ პრანდელის დაყენებული თამაში?
- ძალიან და პირადად მასაც უდიდეს პატივს ვცემ. ეს კაცი მუდამ ოთხი მცველით თამაშს ანიჭებდა უპირატესობას, მაგრამ მერე გაბედა და ყველაფერი შეცვალა. ის მიხვდა, რომ განკარგულებაში “იუვენტუსის” ბლოკი ჰყავდა: სამი მცველი, წინ პირლო და უკან ბუფონი. ამ გუნდმა მსგავსი თამაშით “სკუდეტო” მოიგო.
- სიტყვამ მოიტანა და გული დაგწყდათ “იუვემ” “სკუდეტო” რომ არ დაგანებათ? ოღონდ, თქვენ მაინც ნუ იტყვით, რომ ეს არდანახული გოლის ბრალია...
- არ ვიტყვი. ჩვენ დავმარცხდით “ფიორენტინასთან” და “ბოლონიასთან” საშინაო მატჩში. ვერ დავაფასეთ “იუვენტუსი”, არ გვეჯერა, ასეთ სეზონს თუ ჩაატარებდნენ. ვფიქრობ, არც მათ ეჯერათ საკუთარი ბოლომდე საკუთარი ძალების. ყოჩაღ მათ, რადგან ისე ითამაშეს, “სკუდეტო” დაიმსახურეს. ეს გამართლება არაა, მაგრამ ჩვენ ტრავმებმა შეგვიშალა ხელი. ჩვენ თავდაჯერებულობა დავკარგეთ.
- თქვენმა მეგობარმა პირლომ ამაში უდიდესი როლი ითამაშა. როგორ მოახერხეთ მისი კონკურენტისთვის ასე იოლად დათმობა?
- მას კონტრაქტი ეწურებოდა. ამ დროს შენ ახანგრძლივებ ფეხბურთელთან კონტრაქტს, ან ის სადაც უნდა იქ მიდის. ვიმეორებ, ჩვენ ვერ დავაფასეთ “იუვენტუსი”.
- “მილანი” სუსტდება. სატრანსფერო ამბებს თვალს ადევნებთ?
- რა თქმა უნდა, ყოველდღე ვეცნობი ახალ ამბებს ინტერნეტით. ვერ ვიტყვით, რომ მშვიდად ვარ, რადგან ჯერ კიდევ მჭიდრო კავშირში ვარ ამ გუნდთან და ადამიანებთან. ორი ასეთი მოთამაშის წასვლა, უდიდესი დანაკარგია. ასეთ მოთამაშეებს ვეღარ იშოვი, საქმე ისე არაა: გავყიდი ტიაგო სილვას და ბაზარზე ახალ ტიაგო სილვას შევიძენ, იმიტომ, რომ მისნაირები არ არიან, არიან უარესები. იბრაჰიმოვიჩზეც იმავეს თქმა შეიძლება. მაგრამ ამ ფულით სამი-ოთხი კარგი ფეხბურთელის შეძენა შეიძლება, მათ შორის სამომავლო პერსპექტივით. ასეც შეიძლება კუნკურენტუნარიანობის შენარჩუნება.
- გულშემატკივრები ჯერ არ აპროტესტებენ, მაგრამ მათი მოთმინებაც არ იქნება უსაზღვრო.
- ბერლუსკონი 26 წელია ამ კლუბისთვის ხარჯავს ფულს და რაღაც მომენტში თუ იგივეს გაკეთებას ვერ მოახერხებს, ესე იგი, საქმეები არცთუ კარგადაა. ვფიქრობ, ოთხი-ხუთი სეზონი შეიძლება მას ამის უფლება მისცე. მე, როგორც გულშემატკივარს, ეს მესმის, რადგან მეოთხედი საუკუნის განმავლობაში, ის ჩვენ გამუდმებით გვახარებდა.
- და ახლა, როგორც ჩანს “იუვენტუსის” დრო მოვიდა?
- “იუვენტუსმა” დიდებულად იმუშავა, აქვს საკუთარი სტადიონი და რეალუარია, რომ მომდევნო წლებში სერიოზული ბიუჯეტი ექნება. სხვა გუნდები თავს ამდენის უფლებას ვერ მისცემენ. კარგი ფეხბურთელები სხვა ქვეყნებში მიდიან, რადგან იტალიაში იმხელა ფული არ ტრიალებს. ხალხს ეს უნდა ესმოდეს, განსაკუთრებით მას, ვისაც “მილანი” უყვარს.
- რას ფიქრობთ ბუქმეიქერულ სკანდალზე?
- აქ გასაკვირი არაფერია. ისეთი ქვეყანა ვართ, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ მსგავს სკანდალებს ვაწყობთ. ამერიკაში ასეა: სისულელეს ჩაიდენ, სამაგალითოდ დაგსჯიან და მერე იგივეს გამეორების სურვილი აღარავის უჩნდება. იტალიაშიც ვიღაც უნდა დაისაჯოს სამაგალითოდ, თორემ საბოლოოდ ისე გამოდის, არავის ხვდება. გავა ორიოდე წელი, ყველა ყველაფერს დაივიწყებს და ის, ვინც დამნაშავე იყო, ისევ რაღაც შარში გაეხვევა. აზროვნება უნდა შევცალოთ და დამნაშავე უფრო მკაცრად დავსაჯოთ.
 

 

მოამზადა ზურა ქსოვრელმა

 

0.151756