19 წლის განმავლობაში, რომელიც ალესანდრო დელ პიერომ ტურინის “იუვენტუსში” გატარა, 17 ტიტული მოიგო და დაამხო კლუბის ყველა რეკორდი: “ბებერი ქალბატონის” მაისურით ჩატარებულ 700 მატჩში 288 გოლი გაიტანა. ის იქცა გუნდის სიმბოლოდ, უნიკალურ კაპიტნად და მიაღწია ტიფოზების სიყვარულის მწვერვალს, არა მარტო იტალიაში, არამედ, მთელ მსოფლიოში.
ამდენი წლის შემდეგ, ალექსშიც რაღაც შეიცვალა. ყოველკვირეულ გმოცემა Vanity Fair-ს, ის წარსულსა და ბუნდოვან მომავალზე ესაუბრა.
- თქვენი წიგნი სკოლის დროინდელი ნაწარმოებით - “რას ჩავიდენ დიდებულს?”-ით იწყება. ახლა 37 წლის ხართ, ასეთი კითხვები ისევ გაწუხებთ?
- მაშინ გამბედაობა არ მეყო, რათა დამეწერა, რომ ფეხბურთელობა მსურდა. მრცხვენოდა საკუთარი ოცნებების, რადგან მეჩვენებოდა, ეს არ იყო ნამდვილი სამუშაო. დავწერე, რომ მამაჩემი ჯინოს მსგავსად ელექტრიკი, ან სატვირთო ავტომობილის მძღოლი ვიქნებოდი. ვფიქრობდი მზარეულობაზეც, მაგრამ დღეს რომ ვინმემ მსგავსი შეკითხვა დამისვას, ვუპასუხებ, რომ ჩემი თამაში ჯერ არ დასრულებულა.
- საკუთარი თავით ტკბობა ისწავლეთ?
- დიახ, რადგან ისეთი სულაც არ ვარ, როგორადაც მწვრთნელები, ან პრეზიდენტი წარმომაჩენენ. ისეთი ვარ, როგორსაც მხედავთ და უმთავრესი ისაა, თუ რას ვფიქრობ საკუთარ თავზე. მინდა ყველამ გაიგოს - თავად მივხვდები, როდის უნდა დავამთავრო და ზუსტად ვიცი, ამის დრო ჯერ არ დამდგარა, რადგან თამაშის სურვილი კვლავ მძვინვარებს ჩემში.
- წერთ, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ აღარ გიტირიათ...
- სამწუხაროა, რომ მან ვერ მოასწრო ჩემი შვილების გაცნობა. გული მწყდება, რადგან მას იმაზე მეტჯერ ვერ ვუთხარი “მე შენ მიყვარხარ”, რამდენჯერაც გამოვიდა. მისი სიკვდილი ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტკივილია.
- ისეთ ოჯახში გაიზარდეთ, სადაც ყოველ ლირას ითვლიდნენ?
- ღარიბები არასოდეს ვიყავით, მაგრამ აუცილებელი იყო ეკონომიის გაკეთება. მსგავსი სიფრთხილე მეც გადმომედო. დღეს ჩემ შვილს ნებისმიერი სათამაშოს ყიდვა შეუძლია, მაგრამ ყველაზე მეტად საფეხბურთო ბურთი უყვარს.
- სიმართლე გვითხარით: გერჩივნათ კარიერა “იუვენტუსში” დაგესრულებინათ?
- მე მხოლოდ ამაზე ვოცნებობდი. განვლილი ოცი წელიწადი ისე მდიდარი იყო ემოციებით, სხვადასხვა ამბებით და რთული მომენტებით: მოხარული ვარ, რომ თითქმის მთელი გუნდის რეკორდები გადავწერე. მაგრამ, ახლა ბევრი რამ შეიცვალა.
- ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა, ცოტა ხნის წინ დიდებული გოლი გაიტანეთ და გულშემატკივრები საქებარ ოდებს გიმღეროდნენ. როგორ დაახასიათებთ უკანასკნელ სეზონს?
- ეს ყველაზე რთული სეზონია ჩემს ცხოვრებაში. იმიტომ, რომ მან დამაყენა იმ რეალობის წინაშე, რომელზეც არასოდეს მიფიქრია: ცოტა ითამაშო, თუ საერთოდ არ ითამაშო. გამონაკლისი არავინ უნდა იყოს და მუდამ ვფიქრობდი, რომ თუკი ვინმე თამაშობს, ესე იგი, მან ეს დაიმსახურა. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, ძირითად შემადგენლობაში მოსხვედრად არ უნდა იბრძოლო.
- რა იგრძენით, როდესაც ანდრეა ანიელიმ ჯერ კიდევ ოქტომბერში განაცხადა, რომ 2013 წელს დელ პიერო “იუვენტუსის” ნაწილი არ იქნებოდა?
- ეს ჩემთვის დიდი მოულოდნელობა იყო. მაგრამ კაპიტანმა არასდროს არ უნდა დაივიწყოს თავისი მოვალეობა და არც ის, თუ რას წარმოადგენს. “იუვენტუსი” მაქსიმალურად იყო კონცენტრირებული “სკუდეტოსა” და იტალიის თასისთვის ბრძოლაზე. მაშინ ჩვენ არაფერს გვარგებდა პოლემიკა (პრეზიდენტთან), რომელიც, სხვათა შორის, მთელი კარიერის განმავლობაში არასდროს მახასიათებდა.
- ეს თქვენთვის მართლაც ბოლო წელი იქნება, როგორც “იუვენტუსის” ფეხბურთელის?
- კონტრაქტს ვადა 30 ივნისს ეწურება. არ ვიცი რა მოხდება, ეს ცვლილებები, ცოტა არ იყოს მაშინებს, თითქოს მეორედ ვტოვებ მშობლიურ კერას. ყველაფერი ისე უნდა აღვიქვა, როგორც ჩემი შვილების თამაშებშია: ახალი ეტაპი დგება, რომელიც უნდა გადავლახო.
- პიერმარიო მოროზინის თუ იცნობდით?
- მისმა ასეთმა მოულოდნელმა სიკვდილმა გაოგნებული დამტოვა. პიერმარიოს პირადი ცხოვრების დეტალები, მას კიდევ უფრო ტრაგიკულს ხდის. ეს ტრაგედია გვაიძულებს დავფიქრდეთ მსგავს პრობლემებზე ყოველდღიურად და იმაზე, თუ რა რეალობაა ჩვენ გარშემო. პირადად მას არ ვიცნობდი, მაგრამ ყველას ახსოვს კარგი ახალგაზრდა, რომელიც ცხოვრებისეულ სირთულეებს ფეხბურთის დახმარებით უმკლავდებოდა. ფეხბურთი, რომლითაც ვცხოვრობთ, მუდამ სიხარულის მომტანი უნდა იყოს.
მოამზადა ზურა ქსოვრელმა