კიევის “არსენალის” ნახევარმცველმა ალექსანდრე კობახიძემ რუსული გამოცემის, championat.com-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, თემურ ქეცბაიას დრო სჭირდება, რათა გუნდი ათამაშდეს და ფეხბურთელებმა მოედანზე მისი ყველა დავალება შეასრულონ.
- “არსენალის” პრეზიდენტმა ვადიმ რაბინოვიჩმა თქვა, რომ მისთვის ფენომენი ხართ. ასეთ ფორმულირებას ეთანხმებით?
- რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, რომ კლუბის პრეზიდენტმა გამომარჩია. თუმცა, ფენომენებად კი არ ხდებიან - იბადებიან. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ “არსენალში” მენდნენ და თამაშის საშუალება მომცეს. შეიძლება ითქვას, რომ ამ კლუბში “გავიხსენი”. კიევში თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ.
- რატომ ვერ მოახერხეთ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა “დნიპროსა” და “კრივბასში”? მწვრთნელები არ გენდობოდნენ?
- იმ უკრაინულ კლუბებზე, სადაც აქამდე მითამაშია, ნაწყენი არ ვარ. “დნიპროში” თითქმის შანსი არ მომცეს, ხოლო “კრივბასს” რაც ეხება, ამ თემაზე საუბარი საერთოდ არ მსურს.
- საუბრობდნენ, რომ “კრივბასის” მთავარ მწვრთნელ იური მაქსიმოვთან გაუგებრობა გქონდათ...
- არა, ყველაფერი ნორმალურადაა. უბრალოდ, წარსულში დაბრუნება არ მსურს. თითოეულ მწვრთნელს თამაშის საკუთარი ხედვა აქვს და ამ თემაზე საუბარი უაზრობაა. იური მაქსიმოვთან კონფლიქტი არ მქონია. მან მაგრძნობინა, რომ გუნდში ჩემს ადგილს ვერ ხედავდა და ამიტომ წამოვედი.
- “არსენალის” ვარიანტი როგორ წარმოიშვა?
- იური ბაკალოვმა დამირეკა, რომელიც მაშინ “არსენალის” მთავარი მწვრთნელი იყო და მითხრა, რომ გუნდში ჩემი ხილვა სურდა.
- “არსენალი” შეძლებს დასახული ამოცანის შესრულებას და ევროპის ლიგის საგზურის მოპოვებას?
- განვლილ სეზონში ამის გასაკეთებლად ცოტა დაგვაკლდა. ამ ეტაპზე კი, საკუთარი ძალების გვჯერა. გულშემატკივრები მინდა დავარწმუნო, რომ გუნდს დიდი პოტენციალი აქვს, ხოლო ამოცანის შესასრულებლად, იმაზე მეტს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია. მნიშვნელოვანია, რომ წინა სეზონის შეცდომები არ გავიმეოროთ.
- “არსენალს” საშინაო მატჩებში ასე რატომ უჭირს?
- გეთანხმებით, რომ საკუთარი გულშემატკივრების წინაშე უფრო დამაჯერებელი თამაში გვმართებს. თუმცა, ვერ ავხსნი, თუ რატომ არ გამოგვდის საშინაო მატჩები. დარწმუნებული ვარ, რომ ამას გამოვასწორებთ. ამ კუთხით, “ალექსანდრიასთან” სათასო შეხვედრა ჩვენთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.
- ბოლო პერიოდში, საქართველო ეროვნულ ნაკრებში ისევ მიგიწვიეს. თქვენ პერსპექტიული გუნდი გყავთ და რატომ ვერ მოახერხეთ ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა?
- ამ შესარჩევ ციკლში ნაკრებს მუდმივად თან სდევდა წამყვანი მოთამაშეების ტრავმები. საუკეთესო შემადგენლობის შეკრება პრაქტიკულად ერთხელაც არ მოხერხდა. ყოველ შეხვედრაში ძირითადი შემადგენლობის რომელიმე ფეხბურთელი ტრავმირებული იყო. პრობლემები იმის გამოც იქმნებოდა, რომ სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე, მოთამაშეები შეკრებაზე ჩამოსვლას ყოველთვის ვერ ახერხებდნენ. ამიტომ, მოედანზე სრულ ურთიერთგაგებას ვერ მივაღწიეთ. ჩვენ მთავარ მწვრთნელს, თემურ ქეცბაიასაც დრო სჭირდება, გუნდი რომ ათამაშდეს და ფეხბურთელებმა მოედანზე მისი ყველა დავალება შეასრულონ. მოთამაშეების მართლაც კარგი არჩევანი გვაქვს.
- მალტასთან ფრედ 1:1 დასრულებულ შეხვედრაში, მოედანზე შეცვლაზე გამოხვედით. ეს შედეგი საქართველოს ნაკრებისთვის წაგების ტოლფასია...
- იმ მატჩში გოლის გასატანად მომენტები საკმარისად გვქონდა, მაგრამ მათი რეალიზაცია ვერ მოვახერხეთ. იგივე მოხდა ლატვიასთან შეხვედრაში. რაღაც უიღბლობაა. საწყენია, რომ ასეთი რამ ბოლო შეხვედრებში მოხდა, სადაც ფავორიტებად ვითვლებოდით. იმედია, საბერძნეთთან შეხვედრაში ჩვენი უიღბლობა დასრულდება.
- როგორ ფიქრობთ, შესარჩევი ციკლის ბოლოს შეხვედრაში ნაკრებში გამოგიძახებენ?
- ამას ვერ დავგეგმავ, რადგან საკადრო პრობლემებს მხოლოდ ნაკრების მწვრთნელი წყვეტს. შემიძლია ვთქვა, რომ მე, ისევე, როგორც თითოეულ ფეხბურთელს, ძალიან მინდა ეროვნულ ნაკრებს დავეხმარო. ჩემთვის ეს დიდი პატივია.
- ამ საკითხში ყველაფერი თქვენზე არ არის დამოკიდებული...
- ეს მესმის. თუ იმსახურებ, რომ საუკეთესო ქართველი ფეხბურთელების გევრდით იდგე და საკუთარი ქვეყნის ღირსება დაიცვა, მაშინ ყველაფერი ნორმალურად იქნება. ნაკრებში გამოძახება შენი სათამაშო დონის მთავარი კრიტერიუმია.
- ნაკრებში კახა კალაძესთან ერთად თამაშობდით, რომელიც საქართველოში თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. ის თქვენი კერპი იყო?
- სიმართლე გითხრათ, ჩემი კერპი ყოველთვის ანდრეი შევჩენკო იყო. ცხადია, როდესაც კახა “მილანში” თამაშობდა, მას ვგულშემატკივრობდი და მილანური კლუბის მიერ ჩატარებულ მატჩებს თვალს ვადევნებდი. თავად გესმით, ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის რას ნიშნავს ანდრეის ან კახას გვერდით თამაში. მითუმეტეს, თუ ამ ფეხბურთელებს თვალს ბავშვობიდან ადევნებ.
- კახასთან ურთიერთობა გაქვს?
- ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ. ახლა, ნაკრებში კარგი კოლექტივია შეკრებილი, რომელშიც არცთუ ცოტა ცნობილი ფეხბურთელი გამოდის. ქართველები კომუნიკაბელური ხალხია და ამიტომ, გუნდში ყოველთვის თბილი და მეგობრული ატმოსფეროა. ჩემთვის დიდი პატივია ისეთი ფეხბურთელების გევრდით თამაში, როგორიც ხიზანიშვილი და კობიაშვილია.
- ნაკრებში დემეტრაძეზე რაიმეს ამბობენ?
- ჩვენთვის ეს ძალიან მტკივნეული საკითხია. გიორგი ციხეში არ უნდა იჯდეს. ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის. ასე ფიქრობს ყველა, ვინც მას იცნობს. ამ თემაზე საუბარი არ მინდა, მაგრამ ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ ძალიან განვიცდით. საუბრობდნენ, რომ მას დაეხმარებიან, მაგრამ ჯერ ის არის, რაც არის. არ ვიცით, რა გავაკეთოთ.
- თქვენი აზრით, გასულ სეზონში “არსენალში” ცოტა მატჩები რატომ ჩაატარეთ?
- ფეხბურთში კონკურენცია გუნდს აძლიერებს. “არსენალში” ის არსებობს. ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია, რომ საწვრთნელი პროცესისადმი საკუთარი მიდგომით ძირითად შემადგენლობაში ადგილი მოიპოვოს, ხოლო კონკურენცია სტიმულს გაძლევს. მწვრთნელი წყვეტს, მოედანზე ვინ უნდა გამოვიდეს და მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. რამდენსაც მეტყვის, იმდენს ვითამაშებ. ამაში ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ. სხვადასხვა მიზეზთა გამო, 90 წუთი თამაში ყველა ფეხბურთელს არ შეუძლია.
- “ზარიას” კარში გატანილი 2 გოლი ფსიქოლოგიურად დაგეხმარათ?
- რა თქმა უნდა, ამ გოლებმა თავდაჯერება შემძინეს. თუმცა, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მწვრთნელის ნდობა ვიგრძნო და ვიცოდე, რომ ის აქცენტს ჩემზე აკეთებს. მთავარი, გოლების ავტორების გვარები კი არა, ტაბლოა. ვინ გაიტანა, ნაკლებად მნიშვნელოვანია.
- თანამედროვე ფეხბურთში, მოთამაშის უნივერსალიზმი ძალიან ფასდება. თქვენ თავდასხმაშიც გითამაშიათ. თავს უკეთესად რომელ პოზიციაზე გრძნობთ?
- ყველაზე მეტად განაპირა შემტევ ნახევარმცველად თამაში მომწონს. თუმცა, “კრივბასში” თავდასხმაში ვთამაშობდი. ვერ გეტყვით, რომ ეს ჩემი პოზიციაა არაა, მაგრამ გამოკვეთილ თავდამსხმელად თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობ. გაცილებით მომწონს, როდესაც შეტევას მოედნის სიღრმიდან ვიწყებ და ან საგოლე პასს ვაკეთებ ან კიდევ თავად გამაქვს გოლი.
- ლეონიდ კუჩუკთან მუშაობა რამდენად მოგწონთ? თქვენს კარიერაში ის საუკეთესო მწვრთნელია?
- კარიერის განმავლობაში მუშაობა ბევრ კარგ სპეციალისტთან მომიწია. მე მომწონს შემტევი სტილი, რომელსაც ჩვენი მწვრთნელი ქადაგებს. ამ მხრივ, მას უპირატესობა აქვს ჩემს ყოფილ მწვრთნელებთან შედარებით. აღსანიშნავია, მკაცრი სათამაშო დისციპლინა, რომელიც კუჩუკმა დანერგა. ერთი შეხედვით, ეს ადამიანი შეიძლება მკაცრი მოგეჩვენოთ, მაგრამ მოთამაშეებთან ურთიერთობაში, ის ზღვარს არასოდეს ცდება. ვფიქრობ, მისი პროფესიონალიზმი ყველამ შეამჩნია. თავად მწვრთნელი, საფეხბურთო საკითხებში ჩვენთვის ავტორიტეტია.
- ახალგაზრდა ხართ და პირად ფრონტზე როგორ მიდის თქვენი საქმე?
- ცოლი არ მყავს. ამ საკითხში ყველაფერი ღმერთზეა დამოკიდებული.
- კიევში მდებარე ქართული რესტორნები იცით?
- რა თქმა უნდა. თუმცა, იქ ხშირად არ დავდივარ. ჩვენი ეროვნული კერძები ძალიან კალორიულია და წონას ადვილად მოიმატებ. ლეონიდ კუჩუკი ხშირად მაიძულებს ავიწონო, რადგან ესმის, რომ ქართული კერძების გარეშე მიჭირს, ხოლო ეს ზედმეტი კილოგრამებია. თუმცა, ზოგჯერ საკუთარ თავს ქართულ რესტორანში კარგად დანაყრების უფლებას ვაძლევ.
- კიევი მოგწონთ? აქ საცხოვრებლად დარჩებოდით?
- რა თქმა უნდა, თბილისი მენატრება, მაგრამ დიდი ხანია კიევში ვარ და ამ ქალაქს მივეჩვიე. თავის დროზე, დნეპროპეტროვსკში ბევრი დრო გავატარე, მაგრამ დედაქალაქში ცხოვრება უფრო საინტერესოა. თუმცა, საქმე ის არაა, სად ვცხოვრობ. ნიუ იორკში ან მაიამიში გადასვლა რომ მომიწიოს, მაგრამ იქ ფეხბურთი ვერ ვითამაშო, ეს ვარიანტი ჩემთვის მიუღებელია. “არსენალში” ჩემთვის ყველაფერი მისაღებია და თავს კომფორტულად ვგრძნობ. ეს ყველაზე მთავარია.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა