კიევის “არსენალიდან” დნეპროპეტროვსკის “დნიპროში” დაბრუნებულმა ალექსანდრე კობახიძემ უკრაინულ ვებგვერდს Football.ua-ს მცირე ინტერვიუ მისცა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი არ მალავს, რომ “დნიპროში” დაბრუნება სურდა და იქ არსებული კონკურენცია არ აშინებს.
- სანდრო, დიდი ხნის შესვენების შემდეგ, “დნიპროში” დაბრუნდით. რას გრძნობთ?
- პოზიტიურ განწყობაზე ვარ. მიხარია, რომ ჩემს პირველ უკრაინულ კლუბში დავბრუნდი. ეს დიდი ხანია მინდოდა. ახლა, “დნიპროში” დამკვიდრების შანსი მომეცა. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ სათანადოდ ვითამაშო და გუნდში თავი კარგად ვიგრძნო.
- “დნიპროში”, შეტევის ხაზში დიდი კონკურენციაა. ეს არ გაშინებთ?
- პირიქით, კონკურენცია კარგია. ეს გაუმჯობესებაში და დონის ამაღლებაში გეხმარება. ვეცდები, ჩემი შესაძლებლობები დავატმკიცო და ამაში კონკურენციაც დამეხმარება.
- “დნიპროში” დაბრუნება თქვენთვის სიურპრიზი იყო?
- სიურპრიზი? აქ მოსახვედრად ვიბრძოდი და საბოლოოდ, ღმერთმა ამის შანსი მომცა. ახლა, ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. ამგვარად, “დნიპროში” დაბრუნება მოულოდნელი არ ყოფილა. ამას დიდი ხანი ველოდი და როგორც იქნა, ის მოხდა, რაც მინდოდა.
- ჯაბა კანკავასთან გასაუბრება უკვე მოასწარით?
- რა თქმა უნდა, ჩვენ მეგობრები ვართ. ჩვენი მეგობრობა ჯერ კიდევ ნაკრებში თამაშიდან იწყება. როცა მე “არსენალში” ვიყავი, ჯაბა კი სხვადასხვა კლუბებში, ურთიერთობას ყოველთვის ვინარჩუნებდით.
ირაკლი ჯაფარიძე