გერმანიის მეორე ბუნდესლიგის საფეხბურთო კლუბ “ბოხუმის” ოფიციალურ ვებგვერდზე ალექსანდრე იაშვილის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომლის მიზანი ბოხუმელი გულშემატკივრისთვის ქართველი მოთამაშის უკეთ გაცნობაა. შესაბამისად, საუბარი არა მხოლოდ საფეხბურთო თემებზე იყო.
- თქვენს მშობლიურ ქალაქში - თბილისში რის დათვალიერება შეიძლება?
- ქალაქის ძველი ნაწილი ფანტასტიკურია. იქ ბევრი ძველი შენობაა საინტერესო ისტორიით, ბევრი ეკლესიაა და შემიძლია მათი დათვალიერება გირჩიოთ.
- რას უნდა ერიდოს საქართველოში ყოფნის დროს ადამიანი?
- თუ სხვა ადამიანებს პატივისცემით ეპყრობით, ისინიც კარგად მოგეპყრობიან. მთელ მსოფლიოში ასეა და არა მხოლოდ საქართველოში.
- რომელია თქვენი საყვარელი ქართული კერძი?
- დედაჩემი წარმოუდგენლად გემრიელ ხაჭაპურს აცხობს. ის ყველით და ცომით მზადდება.
- შინაური ცხოველი თუ გყავთ?
- ძაღლი მყავს - ჯეკ რასელ ტერიერი.
- რომელ ცხოველს ვერ შეეხებოდით ხელით?
- გველს ვერასოდეს შევეხები და ამის სურვილი არც მქონია.
- ყველაზე დიდი გასართობი ფრაიბურგში...
- სავსებით გასაგებია – ფეხბურთი.
- ყველაზე დიდი გასართობი კარლსრუეში...
- ისევ ფეხბურთი. სპორტის გარეშე ამ ქალაქებში ვერასოდეს ვიცხოვრებდი. იქ ბევრ კარგ ადამიანს შევხვდი და ბევრი მეგობარი შევიძინე.
- ცხოვრებაში თუ გქონიათ ისეთი მომენტი, რომლის გახსენება თქვენთვის უხერხულია?
- საბედნიეროდ, მსგავსს ვერაფერს გავიხსენებ.
- ფეხბურთელი რომ არ გამხდარიყავით, ფულს რა გზით იშოვიდით?
- მედიკოსების ოჯახიდან ვარ და მედიცინას თავადაც ვსწავლობდი. როდესაც პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოყალიბების და გერმანიაში სათამაშოდ წასვლის შანსი გამიჩნდა, სწავლას შევეშვი.
- ყველაზე მეტად რომელ პროფესიას აფასებთ?
- ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ბევრს შრომობს, დასაფასებელია.
- თუ არსებობს ისეთი ფეხბურთელი, ვის წინააღმდეგ თამაშიც გსურდათ?
- ყოველთვის მინდოდა ზინედინ ზიდანის წინააღმდეგ თამაში. როდესაც საქართველოს ნაკრებში გამოვდიოდი, საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ ვითამაშე, მაგრამ სამწუხაროდ, იმ დროისთვის “ზიზუს” კარიერა დასრულებული ჰქონდა.
- ფეხბურთზე როდის არ ფიქრობთ?
- როდესაც შვილებთან ვთამაშობ.
- რაზე ოცნებობთ?
- უბრალოდ, მსურს, რომ ჩემი ოჯახის წევრები ჯანმრთელები იყვნენ.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა