ბაქოს “ინტერის” შემტევმა ალექსანდრე იაშვილმა ინტერნეტგამოცემა azerifootball.com-თან საუბარში განაცხადა, რომ აზერბაიჯანში გადასვლამდე, კარიერის გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გაგრძელების შანსი ჰქონდა.
- ევროპის ლიგაში “ინტერის” შემადგენლობაში უკვე ორი ოფიციალური მატჩი ჩაატარეთ ფინეთის “მარიეჰამნის” წინააღმდეგ. გუნდისა და საკუთარ თამაშს როგორ შეაფასებთ?
- ჩემი აზრით, მეორე მატჩი უკეთესად ჩავატარეთ, ვიდრე პირველი. თანდათან ვუმატებთ. ჩემთვის “ინტერი” ახალი გუნდია და მის თამაშთან შესაგუებლად დრო მჭირდება. ამიტომ, ყველაფერი არ გამომდის.
- “ინტერში” გადასვლის ვარიანტი როგორ წარმოიშვა?
- კახაბერ ცხადაძესთან ერთად საქართველოს ნაკრებში მითამაშია. მას დიდ პატივს ვცემ. როდესაც ცხადაძემ წინადადებით მომმართა, მაშინვე დავთანხმდი. მქონდა კარიერის გერმანიაში და აშშ-ში გაგრძელების ვარიანტები. კერძოდ, MLS-ის კლუბი “ჩიკაგო ფაია” მეპატიჟებოდა. თუმცა, კახასთან მუშაობა მაინტერესებდა და მაშინვე დავთანხმდი.
- “ინტერის” ქართველ ფეხბურთელებს ეკონტაქტებოდით? აზერბაიჯანში ჩასვლამდე გუნდის შესახებ რაიმე ინფორმაცია შეიტყვეთ?
- რა თქმა უნდა. ვიცოდი, რომ აქ ჩემი თანამემამულეები თამაშობდნენ. მაგალითად, გიორგი ლომაია. ძალიან გამიხარდა, როდესაც “ინტერი” აზერბაიჯანის ჩემპიონი გახდა.
- გერმანიის ჩემპიონატის შემდეგ, სადაც “ფრაიბურგში”, “კარლსრუესა” და “ბოხუმში” მაღალ დონეზე თამაშობდით, აზერბაიჯანის ჩემპიონატს მიაშურეთ. კარიერაში ძალიან მკვეთრი გადახვევა ხომ არ არის?
- რა თქმა უნდა, გერმანულ და აზერბაიჯანულ ფეხბურთს შორის დიდი განსხვავებაა. გერმანიის ჩემპიონატი ევროპასა და მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესია. თუნდაც, ის ფაქტი გავიხსენოთ, რომ განვლილი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორმა გერმანულმა გუნდმა ითამაშა. თუმცა, აზერბაიჯანული ფეხბურთი ადგილზე არ დგას და ყოველ წელს ძლიერდება. ცხადია, განვითარებისთვის კიდევ ბევრია გასაკეთებელი.
- ოჯახს ბაქოში ჩამოიყვანთ?
- არა. ოჯახი გერმანიაში დარჩება, რადგან ბავშვები სკოლაში იქ დადიან.
- წინ “ტრომსიოსთან” მატჩები გელით. ალბათ, სამწვრთნელო შტაბმა ამ გუნდის თამაში უკვე გაგაცნოთ?
- საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ნორვეგიის წინააღმდეგ მითამაშია. გარდა ამისა, თბილისის “დინამოში” ყოფნისას უეფას თასზე ნორვეგიულ “მოლდეს” შევხვედრივარ. ნორვეგიული ფეხბურთი ინგლისურს ჰგავს – გრძელი გადაცემები და საჯარიმოში ბურთის ჩაკიდებაა ხშირი. ნორვეგიელების შესრულებით “სტანდარტულები” ძალიან სახიფათოა. დიდი ყურადღებით უნდა ვიყოთ, რათა შეცდომები არ დავუშვათ. ძნელი იქნება, მაგრამ მომდევნო რაუნდში აუცილებლად უნდა გავიდეთ.
- “ინტერს” წარმატება რამ უნდა მოუტანოს?
- ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ. უნდა შევეცადოთ ისე ვითამაშოთ, როგორც ფინეთში.
- უეფამ პირველი მატჩი ბაქოდან ტრომსიოში გადაიტანა. ალბათ, ორრაუნდიან ბრძოლაში პირველი შეხვედრის სტუმრად ჩატარება უკეთესია...
- სტუმრად პირველი თამაშის ჩატარება უფრო მოსახერხებელია. თუმცა, მაინც ორი მატჩია სათამაშო. ისე უნდა გავაკეთოთ, რომ პირველი შეხვედრის მერე, შემდეგ რაუნდში გასვლის კარგი შანსი დაგვრჩეს.