ბლოგი

12:41 | 9.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდრე იაშვილი - თბილისის „დინამოს“ დებიუტანტი

რეტრო

„ქართული ფეხბურთი“, 1-15 მარტი, 1994 წელი

დღეს ჩვენი გაზეთის სტუმარია თბილისის „დინამოს“ თავდამსხმელი - ალექსანდრე იაშვილი. იგი დაიბადა 1977 წლის 23 ოქტომბერს. ეროვნულ ჩემპიონატში ჩაატარა 11 შეხვედრა (აქედან 4 ძირითად შემადგენლობაში) და 10 გოლი გაიტანა. ბოლო დროს მის შესახებ ბევრს ლაპარაკობენ პრესისა და ტელევიზიის საშუალებით და მას ფეხბურთის სპეციალისტები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

- თქვენ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეეგუეთ თბილისის „დინამოს“. თავიდანვე გეგონათ თუ არა, რომ ყველაფერი ასე აეწყობოდა?

- არა. ამას ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ „დინამოში“ თავიდანვე ასე წარმატებით ვითამაშებდი.

- თუ საიდუმლო არ არის, როგორც დებიუტანტი რას ვარაუდობდით?

 - ერთ რამეში დარწმუნებული ვიყავი, რომ წარმატება ნელ-ნელა მოვიდოდა.

- თქვენ იღბლიანი დებიუტანტი ხართ, თუ ნიჭიერი?

- რა თქმა უნდა თავისებური იღბალიც გამაჩნია, რადგან ასე გამიმართლა. თუმცა აქ პარტნიორებსაც უნდა ვუმადლოდე, რომლებიც წარმატებით თამაშის პირობებს მიქმნიან, მაგრამ ჩემი აზრით, მთავარი მაინც ნიჭია, რომლის გარეშეც მარტო იღბალი არაფერს წარმოადგენს.

- ფეხბურთის სიყვარული მამისგან მემკვიდრეობით მიიღეთ?

- დიახ, მამაჩემი, მამულო იაშვილი ერთ დროს თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზთა გამო, მან დიდი ფეხბურთის თამაში ვერ მოახერხა და ახალგაზრდულ ასაკში ჩამოშორდა მას.

- ორიოდე სიტყით თქვენი ბავშვობაც გავიხსენოთ?

 - ბავშვობაში ისე როგორც ყველა პატარა ბიჭს, მეც ეზოში ფეხბურთის თამაში მიყვარდა. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ დიდი ფეხბურთი მეთამაშა.

- იმ დროს სპორტის სხვა სახეობებში არ მოგისინჯიათ ძალა?

- თავიდან ხუთი წელი ჩოგბურთს ვთამაშობდი. შემდეგ იყო პერიოდი, როდესაც ცურვით ვიყავი გატაცებული.

- მაგრამ მაინც ფეხბურთმა იმარჯვა?

- რა საკვირველია. 10 წლისამ გადავწყვიტე თავი ფეხბურთისთვის მიმეძღვნა.

 - თქვენთვის ყველაზე სასიამოვნო მოსაგონარი?

- თელავის „კახეთთან“ ეროვნული ჩემპიონატის მატჩი, რომელიც თბილისში გაიმართა. აქ შედგა ჩემი დებიუტი და სასიამოვნოა, რომ იგი გოლით აღვნიშნე.

- რისი გახსენება გაღიზიანებთ?

- პირველი, როდესაც სლოვენიაში საქართველოს ჭაბუკთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში თამაშის დროს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები წავაგეთ და მეორე, ახლახანს მოსკოვის ტურნირის დროს ფერგანის „ნეფთჩისთან“ დამარცხება.

- სლოვენიაში განცდილი მარცხი, როგორი ცუდი მოსაგონარიც არ უნდა იყოს, თქვენთვის პირველი ოფიციალური ტურნირი იყო, სადაც ორივე თამაში დიდი ანგარიშით დათმეთ. ნუთუ მართლა ასე ჩამოუვარდებოდით კლასით მეტოქეებს?

- არავითარ შემთხვევაში. კლასით და ტექნიკით მათ თუ არ ვჯობნიდით, არც ჩამოუვარდებოდით. მაგალითისათვის გეტყვით, რომ შვეიცარიასთან შეხვედრის დამთავრებამდე 20 წუთით ადრე ანგარიში იყო 1:1, მაგრამ ფეხბურთელი გაგვიგდეს და მოედანზე ათნი დავრჩით. ოთხივე გოლი მოწინააღმდეგემ სტანდარტული მდგომარეობიდან გაგვიტანა.

- მაინც რა ჰქონდა მეტოქეს ისეთი, რაც თქვენ არ გაგაჩნდათ?

- ერთადერთი რაშიც გვჯობნიდნენ, ეს გამოცდილება იყო. ჩვენი ნაკრები ამ თამაშებისათვის თებერვალში შეიკრიბა, ოქტომბერში კი უკვე შეხვედრები ჩაატარა. ისინი კი ოთხი წელი ვარჯიშობდნენ და არცაა გასაკვირი, რომ საკმაოდ იყვნენ შეთამაშებულნი.

- მოსკოვში განცდილ მარცხს რითი ახსნით?

- ნახევარფინალში ისე წავაგეთ, რომ მოწინააღმდეგეს გატანილი გოლების გარდა მომენტი არ შეუქმნია. უფრო ზუსტად ეს თამაში ფერგანელებს არ მოუგიათ, ჩვენ წავაგეთ.

- ამ მატჩში მოედანზე შეცვლაზე შემოხვედით, მაგრამ გულის სიღრმეში იქნებ თქვენ თავსაც ადანაშაულებთ?

 - დამნაშავე ყველანი ვიყავით, რადგან ვერ გავამართლეთ იმედები.

- ვარჯიშის შემდეგ თუ რჩებით და ინდივიდუალურად თუ ვარჯიშობთ?

- დიახ, მაგრამ ადრე უფრო ხშირად ვახერხებდი ამას. ვარჯიშის შემდეგ ვრჩებოდი და შორიდან დარტყმებზე ვვარჯიშობდი.

- ალბათ ამიტომაცაა, რომ უძლიერესი დარტყმა გაქვთ?

- მე ვთვლი, რომ ეს ყველაფერი თავდადებული შრომის და ვარჯიშის შედეგად მოვიდა.

- რომელი გირჩევნიათ, იყოთ გუნდში ამინდის შემქმნელი თუ ბომბარდირი?

- ჩემი მიზანია ჩემს საქმეში საუკეთესო ვიყო და ყველა ის დავალება, რაც მაკისრია პირნათლად შევასრულო.

- როგორც ყველა ახალგაზრდას, ფეხბურთში თქვენც გეყოლებათ იდეალი.

- ბრაზილიელი რომარიო.

- თქვენი აზრით, საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე წარმატების შანსი თუ გააჩნია?

- მე მგონი ბულგარეთთან და უელსთან შეიძლება წარმატებით თამაში.

- გერმანია?

- რაც შეეხება გერმანიას, იგი ჩვენს ქვეჯგუფში უდავო ფავორიტია, რომელსაც ალბათ არ გაუჭირდება შემდეგ წრეში გასვლა, თანაც ყოველთვის გერმანიის ნაკრების გულშემატკივარი ვარ.

- ალბათ თბილისში მათი ნახვით ბედნიერი იქნებით?

- რა თქმა უნდა, ჩემთვის დიდი სიამოვნება იქნება მათი ახლოს ნახვა.

- შესარჩევ თამაშებამდე საკმაო დროა. თქვენ კი ამასობაში თუკი დაიმსახურეთ შეიძლება ნაკრებშიც მოხვდეთ.

 - საქართველოს ნაკრებში თამაშზე, როგორც ყველა, მეც ვოცნებობ.

- ე.ი. თქვენი უპირველესი მიზანი ეს არის?

- საერთოდ ჩემი მიზანია დიდი ფეხბურთი ვითამაშო.

- საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელი ბატონი გაიოზ დარსაძე იმედებს ერთ-ერთზე თქვენზე ამყარებდა. საინტერესოა ახალი რა გასწავლათ მან?

- ამ პიროვნების დიდი მადლობელი ვარ, რადგან მან სწორი ფეხბურთის თამაში მასწავლა. აღსანიშნავია, რომ იგი ყოველთვის ხელს მიწყობდა და საჭირო რჩევა-დარიგებებს მაძლევდა.

- ეროვნულ ჩემპიონატში თქვენთვის რა არის ყველაზე გულდასაწყვეტი?

- პირველ რიგში მოასპარეზე გუნდებს შორის ნაკლები კონკურეცია და რაღა თქმა უნდა მაყურებელთა სიმცირე.

- რაც ალბათ სტიმულს გიკარგავთ?

- როდესაც მოედანზე გამოსვლის დროს ტრიბუნები სავსეა და მაყურებელი ოვაციებით მხვდება, ეს უფრო ხალისსა და ბრძოლის ჟინს მმატებს.

 

დათო ბერიაშვილი

 

0.19336