გერმანიის “ბოხუმის” შემტევმა ალექსანდრე იაშვილმა “მსოფლიო სპორტთან” საუბარში განაცხადა, რომ თუ ფეხბურთის თამაშისგან სიამოვნებას ვეღარ მიიღებს, ზაფხულში კარიერას დაასრულებს.
- რა არის მიზეზი, რომ ბოლო პერიოდში “ბოხუმის” 18-კაციან განაცხადში ვერ ხვდებით?
- ბოლო 3 მატჩში არ მითამაშია. მთავარ მწვრთნელ პეტერ ნოირურერთან ბევრჯერ ვისაუბრე, მაგრამ უთამაშებლობის მიზეზს ვერ მეუბნება.
- გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ნოირურერმა თქვენი უთამაშებლობა იმით ახსნა, რომ სათანადოდ მზად არ ხართ...
- ჩემთვის მსგავსი რამ არ უთქვამს.
- ნიკა გელაშვილი “ბოხუმი II”-ში რატომ გადაიყვანეს?
- მწვრთნელმა გელაშვილს შესთავაზა, რომ მეორე გუნდში ეთამაშა, რათა სათამაშო პრაქტიკა ჰქონოდა.
- ასე თუ გაგრძელდა, ალბათ, თქვენ და გელაშვილი გუნდიდან წასვლაზე იფიქრებთ?
- გელაშვილს კიდევ 2 წელი აქვს კონტრაქტით დარჩენილი. მე სპეციალურად ერთწლიანი კონტრაქტი გავაფორმე და ზაფხულში დავფიქრდები, ვითამაშებ კიდევ თუ არა ფეხბურთს. მთელი ცხოვრება ვთამაშობდი და სკამზე არ ვმჯდარვარ. ბოლო სამი ტური არ მითამაშია, რასაც ვერ ვეგუები და ვერც შევეგუები. თუ შევატყვე, რომ ვერ ვთამაშობ და ძალა არ შემწევს ახალგაზრდებს ვაჯობო, შესაძლოა, ზაფხულში ფეხბურთს თავს დავანებებ.
- ე.ი. არჩევანის წინაშე ხართ – დაანებოთ თუ გააგრძელოთ?
- თუ გადავხედავთ, ჩემი ასაკის ფეხბურთელი გერმანიაში ბევრი არ თამაშობს. მართლაც, არჩევანის წინაშე ვდგავარ. ზოგს მხოლოდ გუნდში ყოფნა აკმაყოფილებს და ასეთ ასაკში ითამაშებს თუ არა, დიდ ყურადღებას არ აქცევს. ამდენი ხანი იმიტომ ვთამაშობდი, რომ სიამოვნებას ვიღებდი. თუ შევატყვე, რომ აღარ მსიამოვნებს, მაშინ თავს დავანებებ.
- ამდენი ხანი ფეხბურთში ხართ და წასვლა რთული იქნება?
- რა თქმა უნდა, რთულია. თუმცა, მე ბევრი ვითამაშე და კარიერით კმაყოფილი ვარ. ამიტომ, გადაწყვეტილების მიღება უფრო გამიადვილდება.
- თამაშს თავს რომ დაანებებთ, ფეხბურთში დარჩებით?
- ვნახოთ. ჯერჯერობით ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი და იმედია, ვითამაშებ. მერე გადავწყვეტ, რა იქნება.
- Facebook-ზე გამოქვეყნებულ წერილში გულდაწყვეტილი იყავით, რომ ამდენწლიანი თავდადებული შრომის შემდეგ, ფეხბურთელებს საქართველოს ნაკრებიდან ღირსეულად წასვლის საშუალება არ ეძლევათ...
- ამ წერილში რომელიმე ფეხბურთელის გაცილების თამაშის გამართვაზე საუბარი არ ყოფილა. უმეტესობამ ყურადღება გაცილების მატჩზე გადაიტანა. ასეთი რამ არავის მოუთხოვია. მთავარია მიდგომა. ფეხბურთელს, რომელმაც ნაკრებში ამდენი წელი ითამაშა, ეს სათანადოდ უნდა დაუფასდეს. ყველგან ასე ხდება. მწვრთნელს ნაკრებში ამა თუ იმ ფეხბურთელის გამოძახებას ვერავინ მოთხოვს. უბრალოდ, ფეხბურთის ფედერაცია და ნაკრების მწვრთნელი ვალდებულნი არიან, იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში თავისი ქვეყნის ღირსებას იცავდნენ, საკუთარი აზრი პირდაპირ გააგებინონ და ისე არ უნდა “გაატარონ”, თითქოს ეს ყველაფერი არც ყოფილა. ხომ არ შეიძლება, ყველას ერთნაირად მიუდგე? მწვრთნელი ვალდებული არაა, თავისი გადაწყვეტილება ყველას აუხსნას. თუმცა, ფეხბურთელს პირდაპირ უნდა გააგებინო შენი აზრი და პოზიცია.
ბადრი კეთილაძის ფოტო