“მატჩი ბოლომდე ვერ დავასრულე. ასაკს თავისი მიაქვს” – ამის შესახებ, საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ apasport.az-თან საუბარში განაცხადა.
საბჭოთა კავშირის ნაკრების 58 წლის ექსკაპიტანმა აღნიშნა, რომ მოედანზე მხოლოდ ერთი ტაიმის გატარება შეძლო:
“წლები თავისას მოითხოვს. კარგი მატჩი გამოვიდა, საინტერესო. ამდენმა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ითამაშა. ყველაფერმა საუცხოოდ ჩაიარა. ახალგაზრდებმა უკეთესად ითამაშეს, ჩვენზე აგრესიულად”.
ჩივაძეს არავინ გამოურჩევია და მისი თქმით, ყველამ ნორმალურად ითამაშა:
“განსაკუთრებით არავის გამორჩევა მინდა. ჩვენგან ორი გოლი არჩილ არველაძემ გაიტანა. ქართველი ფეხბურთელებიდან დაცვაში კარგად ითამაშეს კახა ცხადაძემ და თენგიზ სულაქველიძემ. შოთა არველაძე იმიტომ ვერ ჩამოვიდა, რომ მის გუნდს თამაში ჰქონდა”.
რამდენიმეწლიანი შესვენების შემდეგ, ბაქოს ნახვამ ჩივაძე გააკვირვა:
“ბაქო ვერ ვიცანი, ძალიან გალამაზდა. აზერბაიჯანული ფეხბურთიც პროგრესირებს. ყოველივე მახარებს”.