ინტერვიუები

16:35 | 30.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდრე ამისულაშვილი: “გუნდად ახლა ვყალიბდებით”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა და “კრასნოდარის” კაპიტანმა ალექსანდრე ამისულაშვილმა “სპორტ-ექსპრესისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მახაჩყალის “ანჟიდან” არავინ დაკავშირებია.
- ბოლოს როდის დაგისვეს კითხვა: “ანჟიდან” არ დაურეკავთ?”
- თქვენ პირველი ხართ. “ანჟიდან” არასდროს დაურეკავთ.
- თქვენი ყოფილი მწვრთნელისთვის, იური კრასნოჟანისთვის დარეკვა არ გიცდიათ?
- მისთვის ახალი წლის მილოცვა მინდოდა, მაგრამ სჩანს, ტელეფონის ნომერი შეიცვალა. იური ანატოლიევიჩმა ჩემთვის ბევრი რამ გააკეთა და ეს ყოველთვის მემახსოვრება.
- ნალჩიკის “სპარტაკში” თამაშის პერიოდში კრასნოჟანისთვის ყველაზე დიდი ვარსკვლავები თქვენ, სირაძე, ჯუდოვიჩი და კონცედალოვი იყავით. ახლა მას გუნდში ეტო’ო, რობერტო კარლოსი და ბუსუფა ჰყავს. თქვენი აზრით, დაკისრებულ მოვალეობას გაუმკლავდება?
- კრასნოჟანმა იცის, როგორ განაწყოს მის მიმართ ფეხბურთელები და ისინი მოკავშირეები გახადოს. რა თქმა უნდა, “ანჟი” სხვა დონეა, მაგრამ ამ მწვრთნელს მუშაობა შეუძლია და უყვარს კიდეც. მოთამაშეები ამას აფასებენ.
- “კრასნოდარის” მფლობელ სერგეი გალიცკის სურვილის შემთხვევაში შეუძლია თავისი კლუბი მეორე “ანჟიდ” აქციოს...
- ჩვენს პრეზიდენტს ეს სიტყვები არასოდეს უთხრათ. მას სურვილი აქვს, ერთადერთი “კრასნოდარი” შექმნას და არავის კოპირებას აპირებს. კლუბი განვითარდება, მაგრამ არავინ გადადგამს მკვეთრ ნაბიჯებს, რათა რუსული ფეხბურთის ლიდერებს ტიტულებისთვის უკვე ხვალ ეპაექროს. გარდა ამისა, ახლა ჩვენ სატურნირო ცხრილში “ანჟის” მეზობლად ვართ და განვითარების დონით მისგან ნამდვილად არ განვსხვადებით.
- “ანჟი” პირველ რვა გუნდს შორისაა, ხოლო თქვენ – მეორე. განსხვავება ეს არის...
- დღესდღეობით ასეა, მაგრამ ხვალ სხვაგვარად იქნება. ჩემპიონატის ფორმულას ვგულისხმობ.
- “კრასნოდარის” ყველა მოთამაშე იტყვის, რომ მე-9 ადგილი თქვენთვის ღირსეულია?
- ეს სიმართლეა. ჩვენ სეზონის პირველ თამაშზე ისე გავდიოდით, რომ ყველა პარტნიორის სახელიც კი არ ვიცოდით. ეს გუნდი კი არა, მოთამაშეთა კრებული იყო. გუნდად ახლა ვყალიბდებით.
- კაპიტანი კი თქვენ ხართ... უჩვეულოა?
- არა, ეს როლი ჩემთვის ნაცნობია. ნალჩიკში კრასნოჟანს მოთამაშეთა საბჭო ჰქონდა და ის ჩვენს აზრს ისმენდა.
- ვინ იყო ეს ხალხი?
- ჯუდოვიჩი, მაშუკოვი და მე.
- “კრასნოდარში” ბევრი ლეგიონერია. ისინი ერთ კოლექტივში როგორ უნდა გააერთიანო?
- ურთიერთობაა საჭირო, თან, რაც შეიძლება ხშირად.
- რა ენაზე საუბრობთ გუნდში, სადაც ბრაზილიელები, სერბები, ქართველები, რუსები და სომხები თამაშობენ?
- რა თქმა უნდა, რუსულად. მთავარი მწვრთნელი რუსულად საუბრობს და ყველა სერბი ამ ენას მეტ-ნაკლებად ფლობს. ორივე ბრაზილელი რუსეთში ჩამოსვლამდე ბულგარეთში თამაშობდა და არც მათთან არის ენის პრობლემა. ჩვენი ამერიკელი სომეხი იურა მოვსისიანი კრასნოდარში ჩამოსვლამდე რუსულად საერთოდ ვერ ლაპარაკობდა, ხოლო ახლა ყველაფერი ესმის და ურთიერთობა შეუძლია.
- მწვადის შეწვა დაახლოებას ხელს უწყობს?
- მწვადიც შეიძლება, მაგრამ ჩვენთან ამ ღონისძიებებზე პასუხისმგებელი გუნდის უფროსია. ამ მხრივ მისი კონკურენტი არ ვარ. თუ მწვრთნელების და კლუბის ხელმძღვანელობის გარეშე საუბარი გვინდა, რესტორანში ვიკრიბებით ხოლმე.
- კრასნოდარული დერბი დასაჯდომად და სასაუბროდ ალბათ კარგი მიზეზია...
- ჯერჯერობით, ჩვენი და “ყუბანის” მატჩები ნამდვილ დერბიმდე ვერ ქაჩავს.
- რატომ?
- პირველყოვლისა იმიტომ, რომ მდიდარი ისტორია არ აქვს. მეორე - ორივე გუნდი ერთ სტადიონზე ვთამაშობთ. მესამე – ეს დაპირისპირება არც მოთამაშეებისთვის და არც ხელმძღვანელობისთვის პრინციპულად არ ითვლება. თუმცა, ეჭვი არ მეპარება, რომ დროთა განმავლობაში არსებული სიტუაცია შეიცვლება. ჯერჯერობით, “ყუბანის” ან “კრასნოდარის” მოთამაშეს ერთი კლუბიდან მეორეში გადასვლა შეუძლია და არ ეშინია, რომ მას ფანები ვერ გაუგებენ.
- ისე ჩანს, რომ ფანები მხოლოდ “ყუბანს” ჰყავს...
- ასე ტყუილად ფიქრობთ, რადგან ტრიბუნებზე ჩვენი გუნდის ერთგული ხალხიც ზის. თუმცა, დღესდღეობით, ამ მხრივ “ყუბანთან” მეტოქეობა არ ღირს. უმჯობესია, დერბიზე საუბარს მაშინ დავუბრუნდეთ, როდესაც საკუთარი სტადიონი გვექნება. ვფიქრობ, ჩვენი კლუბი თანდათან თავის ტრადიციებს შეიძენს და ბუნებრივია, გმირებიც გამოჩნდებიან. ჯერჯერობით, “ყუბანთან” მხოლოდ მეორე წელიწადია, ვმეტოქეობთ, ხოლო უმაღლეს დონეზე დაპირისპირება საერთოდ პირველად გვიწევს.
- პირველი წელიწადი არაა, რაც რუსეთის ლიგაში გამოდიხართ და რუსეთის მოქალაქეობაც მიიღეთ. ახლა კი, უნდათ, რომ ლეგიონერად გაქციონ...
- ერთი არ ვარ ასეთი, 50 ადამიანი მაინც ვიქნებით. ვფიქრობ, ვიბრძოლებთ, რათა რუსეთში მუშაობის უფლება, როგორც რუსეთის მოქალაქეებმა, შევინარჩუნოთ. ჩემთვის ერთი რამ არის გაუგებარი: რუსეთში ხუთი წელიწადი ვთამაშობდი და ხელი არავისთვის შემიშლია, რომ ნაკრების დონისთვის მიეღწია, და ახლა ყველაფერი ასე სწრაფად შეიცვალა?!

 

მოამზადა ლაშა თაბაგარმა
 

0.117234