ინტერვიუები

21:19 | 19.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდრე ამისულაშვილი: “დავილაპარაკებთ და ალბათ, მოვითხოვთ, რომ ჩვენი კაპიტანი ღირსეულად გავაცილოთ”

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და რუსეთის პრემიერლიგაში მოასპარეზე “კრასნოდარის” მცველ ალექსანდრე ამისულაშვილს წარმატებული წელი ჰქონდა. მისთვის 2011 წელი თურქეთის სუპერლიგაში, შოთა არველაძის გაწვრთნილ ”ქაისერისფორში” დაიწყო, სადაც 4 მატჩი გამართა. რუსეთში დაბრუნებული, ”კრასნოდარის”, პრაქტიკულად, შეუცვლელი კაპიტანი გახდა. მის ანგარიშზე 26 მატჩში გატანილი 1 გოლი და 2 საგოლე პასია. ამას პლუს ამისულაშვილის სანაკრებო სტაბილურობა (7 მატჩი) და მისი ”მსოფლიო სპორტის” ყოველწლიური გამოკითხვის ნომინანტთა შორის მოხვედრა არ უნდა გაგვიკვირდეს.
“მსოფლიო სპორტი” ზამთრის არდადეგებზე მყოფ “ამისულას” ტელეფონით დაუკავშირდა. რუსული “ამნისტია”, კლუბები, ნაკრები და რაღა თქმა უნდა, ნაკრებიდან წასული კაპიტანი - ეს ის თემებია, რომლებზეც რესპონდენტმა ჩვენთან ისაუბრა.
- რუსეთის საფეხბურთო კავშირის აღმასკომმა, სხვებთან ერთად, თქვენზეც გაავრცელა წელიწადნახევრიანი “ამნისტია”. ორმაგი მოქალაქეობის მქონე ფეხბურთელებზე ლეგიონერის სტატუსი გააუქმა.
- აქ უნდათ მიიღონ ასეთი წესი. ვისაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს და რუსეთის ნაკრებში თამაში არ შეუძლია, რადგან უკვე სხვა ქვეყნის ნაკრებში ითამაშა, ის 2013 წლის აგვისტოდან, როცა ახალი სეზონი დაიწყება, ჩაითვალოს ლეგიონერად. ჩემი აზრით, ამ კანონის მიღება გაუჭირდებათ რუსებს, რადგან მათ ამაში უეფა და ფიფა შეეწინააღმდეგებათ. უკეთ რომ ავხსნა, ახლა კი დაასახელეს ორმაგი მოქალაქეობის მქონე 6 ქართველი ფეხბურთელი, მაგრამ თუ კანონის მიღების მომენტისთვის მათ რუსეთის ნაკრებში თამაშის შანსი ექნებათ, მათზე ლეგიონერის სტატუსი არ გავრცელდება.
- ალეკო, დებიუტანტის პირობაზე, “კრასნოდარმა” ურიგო შედეგი არ აჩვენა. კლუბის ხელმძღვანელობა როგორ თვლის?
- ჩემპიონატის დაწყების წინ, ვინმეს პრეზიდენტისთვის რომ ეთქვა, “კრასნოდარი” ასე ითამაშებდა და მე-9 ადგილზე გავიდოდაო, შეიძლება ძნელად დასაჯერებელი ყოფილიყო. ჩვენი გუნდი პრემიერლიგის დებიუტანტია და ასე ადვილი არაა რუსულ გუნდებს შორის ადგილის დამკვიდრება. აქ 7 კლუბია, რომელთაც ევროპული მასშტაბებით საკმაოდ სოლიდური დაფინანსდება აქვთ და მათთან კონკურენციაში ლიგაში ადგილის შენარჩუნება ცუდი შედეგი არაა.
გუნდში ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ჩვენი გუნდი ჯერ მზად არაა საუკეთესო 8 გუნდში მოსახვედრად. ჩავამთავრებთ ამ სეზონს და დარწმუნებული ვარ, უფრო სერიოზული მიზნებისთვის ვიბრძოლებთ.
ჩვენთან არ უნდათ, რომ მახაჩყალის “ანჟისგან” აიღონ მაგალითი, რომელიც ტოპ-კლასის ფეხბურთელების მოყვანით ცდილობს ერთჯერადი შედეგის მიღებას. როგორც ხედავთ, ამას შედეგი ყოველთვის არ მოაქვს. “კრასნოდარში” სხვა კუთხით უდგებიან საკითხს - მათ ისეთი ბავშვთა საფეხბურთო აკადემია ააშენეს, რომელსაც იშვიათად თუ მოეძებნება ანალოგი. ქალაქში 40-ათასიანი სტადიონი შენდება. მოკლედ, თანხა ჯერ ინფრასტრუქტურაში იდება და იმ ბირთვის ჩამოყალიბება და შესაბამისად, შენარჩუნება უნდათ, რომელიც ახალი სეზონიდან, პრემიერლიგაში მხოლოდ ადგილის შენარჩუნებაზე არ იფიქრებს.
- ახალი წლიდან გუნდს კიდევ ერთი ქართველი შეემატება.
-კი, ნუკრი რევიშვილი უკვე ჩვენი გუნდის წევრია. ფეხბურთელები 4 იანვარს დაგვიბარეს, ადგილზე სამედიცინო შემოწმებას გავივლით და 8-ში პირველ შეკრებაზეც წავალთ. როგორც გვითხრეს, შეკრების ადგილი თურქეთის ერთ-ერთი ზღვისპირა კურორტი იქნება. ისიც ვიცი, რომ ახალი სეზონის დაწყებამდე ცვლილებების განხორციელებას არ აპირებენ.
- ეროვნული ნაკრების წლევანდელი გამოსვლა შეაფასეთ.
- შარშანდელს თუ შევადარებთ, მას ვერ სჯობდა. თამაშზე რომ არაფერი ვთქვათ, შედეგიც უკეთესი იყო. 2010 წელი წაუგებლად დავამთავრეთ, ახალში დასაწყისი ცუდი არ გვქონდა, მაგრამ ისრაელთან წაგების შემდეგ, სადაც წასაგები თამაში არ გვქონდა, ყველაფერი აირია. რომ იტყვიან, ძალა არ გვეყო. ცოტა რომ გაგვმართლებოდა, შეიძლებოდა შესარჩევი ტურნირი მე-3 ადგილზე დაგვემთავრებინა.
- ე.ი. იღბალმა დაგვაღალატა?
- როგორ გითხრათ, ფეხბურთში შემთხვევით არაფერი ხდება. მთლად იღბალსაც ვერ დავაბრალებ, რადგან იღბალი ხორვატიასთან ჩვენც დაგვეხმარა. მე ასე ვიტყოდი: გარდამტეხი, ლატვიასთან თბილისში წაგებული მატჩი იყო. ქეცბაია ბევრმა გააკრიტიკა იმ სიტყვებისთვის, როცა მან თქვა, რომ ნაკრებს ასეთი დიდი უპირატესობა არცერთ მატჩში არ ჰქონია. შესაძლოა, მსოფლიო გრანდების თამაშს არ ჰგავდა, მაგრამ მეც იმ აზრზე ვარ, რომ საქართველოს ნაკრებს ასეთი შემტევი თამაში არ უთამაშია. დასანანია, რომ მეტოქემ ერთხელ დაარტყა კარში და ისიც გავიდა. მერე მალტაზე სათამაშოდ გადაწყობა ფსიქოლოგიურად გაგვიჭირდა.
- ნაკრების დაცვის ცენტრში თქვენმა პარტნიორმა “ჯვაროსნებში” თამაშის დასრულების შესახებ გამოაცხადა. როგორ შეაფასებთ კახა კალაძის მიერ ამ ნაბიჯის გადადგმას და ვინ წარმოგიდგებათ მის შემცვლელად?
- ვფიქრობ, ძნელია ჩვენი კაპიტნის სრულფასოვანი შემცვლელის მოძებნა  - “კალას” მარტო გასახდელში გამხნევება და მისი ბევრი სხვა პიროვნული თვისება რად ღირდა. ეს ყველაფერი, მით უფრო, ნაკრებში თამაშის დამწყები ფეხბურთელისთვის, ძალიან დიდი სტიმული იყო.
სიმართლე გითხრათ, ჩემთვის კახას განცხადება ძალიან გასაკვირი და საწყენი იყო. მას რომ კიდევ შეუძლია მაღალ დონეზე ფეხბურთის თამაში იქიდანაც ჩანს, რომ კაცი დღესაც იტალიის სერია A-შია და თავის ამპლუაში ერთ-ერთი საუკეთესოც.
თუმცა ისიც მესმის, რომ ადრე თუ გვიან, ყველაფერს აქვს დასასრული. რადგან “კალამ” ასე გადაწყვიტა, მის აზრს ყველამ სათანადო პატივი უნდა ვცეთ. ჩემთვის, როგორც ნაკრების წევრისთვის, ის გამოხმაურებაა საწყენი, რაც ჩვენი კაპიტნის მისთვის არცთუ იოლად მისაღებ გადაწყვეტილებას მოჰყვა. მე მგონი, როცა კაცს მისი ქვეყნის ნაკრებისთვის ამდენი რამ გაუკეთებია, თუ მადლობას არ ვეტყვით, ცუდად მაინც ნუ მოვიხსენიებთ.
თუ ქართულ ფეხბურთს კიდევ იცნობენ ევროპაში და მსოფლიოში, ეს კალაძის, არველაძის და კიდევ რამდენიმე ქართველი ფეხბურთელის დამსახურებაა. თუ გვინდა, რომ მომავალ თაობას დავანახოთ როგორ ფასდება პროფესიონალი ფეხბურთელის შრომა, მადლობას ნუ დავამადლით. ცუდია, როცა ასეთი წარსულის და დღევანდელობის ფეხბურთელის ასეთ გადაწყვეტილებას ისე ხვდებიან, თითქოს კაცს საერთოდ არაფერი გაუკეთებია მისი ქვეყნისთვის - ეს ყველას მხრიდან ძალიან ცუდი ჟესტია. მომავალ თაობას ასეთ დამოკიდებულებას არ უნდა ვაჩვენებდეთ.
- ვფიქრობთ, ნაკრების ძირითადი ბირთვის წარმომადგენლებსაც გეთქმით სიტყვა.
- ჩემი აზრით, ამ კაცმა ბევრი რამ დაიმსახურა, მაგრამ ნაკრებიდან გაცილების ერთი მატჩი ნამდვილად ეკუთვნის. როცა შეკრება გვექნება, ყველა ერთად დავილაპარაკებთ და ჩვენი მხრიდან მოვითხოვთ, რომ “კალა” ღირსეულად გავაცილოთ ნაკრებიდან.  შეძლებისდაგვარად, არაფერს დავაკლებთ, რომ ჩვენი კაპიტანი სათანადოდ დააფასონ.
- თქვენ “მსოფლიო სპორტის” გამოკითხვის ნომინანტთა შორის პირველად 2008 წელს მოხვდით. მას შემდეგ, ზედიზედ 3-ჯერ გასახელებენ 22 საუკეთესო ქართველ ფეხბურთელს შორის. თუ გიდევნებიათ თვალი ამ ღონისძიებისთვის?
- პირადად თვალის მიდევნება არ მიცდია, მაგრამ ახლობლებისგან მსმენია, რომ “მსოფლიო სპორტი” ატარებს ასეთ გამოკითხვას და უთქვამთ, რომ მე ხმა მომცეს და ა.შ. ვიცი ჩატარების პრინციპის თაობაზე და ისიც ვიცი, რომ შარშან ალფავიტით პირველი გახლდით, მაგრამ ყველაფერი გულშემატკივრის აქტიურობაზე იყო დამოკიდებული და ხმების მიხედვით სადღაც ბოლოში ვიყავი.
 

 

ფრიდონ კერვალიშვილი

0.125908