ინტერვიუები

14:52 | 12.09.2011 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდრე ამისულაშვილი: “დამიჯერეთ, საქმე ჩემში არ არის!”

რუსეთის პრემიერლიგის განვლილ ტურში “კრასნოდარმა” მიმდინარე სეზონში საუკეთესო მატჩი ჩაატარა - საკუთარ მოედანზე ყაზანის “რუბინი” დაამარცხა (3:1). მასპინძელთა წარმატებაში წვლილი გუნდის ქართველმა კაპიტანმა ალექსანდრე ამისულაშვილმაც შეიტანა, რომელმაც 61-ე წუთზე ანგარიში 2:0-ამდე გაზარდა. სხვათა შორის, ზამთარში თურქული “ქაისერისფორიდან” “კრასნოდარში” გადასულმა ცენტრალურმა მცველმა ახალ გუნდში პირველი გოლი მიითვალა. გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც ამისულაშვილს “სპორტ-ექსპრესმა” ჩამოართვა.
- რას ნიშნავს თქვენთვის ეს გამარჯვება?
- პრემიერლიგის წამყვანი ექვსეულის გუნდთან 3 ქულის პირველად აღებას.
- რით გაგაოცათ “რუბინმა”?
- რით? ჩვენ გავიმარჯვეთ. საუკეთესო მატჩები წინ გველის. შევთამაშდით და ვუმატებთ.
- ახლა ოცნებაც შეიძლება იმის შესახებ, რომ ამ კომპანიაში მოსახვედრად ბრძოლა კიდევ შეიძლება და დაკარგული არაფერია. ასეა?
- ამის შესახებ არ ვფიქრობთ. ამბიცია საუცხოო რამ არის და ამ მხრივ პრობლემა არ გვაქვს. თუმცა, გუნდი პრემიერლიგის დებიუტანტია, ზამთარში ხელახლა შეიქმნა. დიდი საქმეები სწრაფად არ კეთდება.
- გუნდია ახალია, მაგრამ გამოცდილი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული...
- მერე რა? ჩვენ ერთად სეზონის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე შეგვკრიბეს. როდესაც ჩემპიონატის პირველ თამაშზე გამოვდიოდი, ზოგიერთი პარტნიორის სახელი არ ვიცოდი. ვიდრე დავახლოვდით, ვიდრე შევთამაშდით...
- რთული დასაჯერებელია, რომ ისეთი ამბიციური ადამიანი, როგორიც თქვენი კლუბის პრეზიდენტი სერგეი გალიცკია, “ზენიტის”, “რუბინისა” და ცსკა-ს დამარცხებაზე არ ფიქრობდეს...
- ჯერჯერობით გუნდს ზემიზნებს არავინ უსახავს. მთავარი მიზანი კარგად თამაში და ნამდვილ გუნდად ჩამოყალიბებაა.
- “ანჟის” მიერ ფეხბურთელების შესაძენად დიდძალი თანხის ხარჯვას ბევრი არ მიესალმება. რას ფიქრობთ ამის შესახებ?
- ეს დროის ამბავია და გაივლის. ეტოოს და ჟირკოვის ჩამოსვლა ლიგას ნამდვილად გაალამაზებს. გარდა ამისა, ფულზე მნიშვნელოვანი საკითხებიც არსებობს. ახლა მთელ მსოფლიოში ხალხი მახაჩყალაზე საუბრობს, როგორც ქალაქზე, სადაც რობერტო კარლოსი და ეტოო თამაშობენ. ერთი წლით ადრე კი, ამბობდნენ, რომ დაღესტანში ყოველდღე ისვრიან. ახლა, “ანჟის” მიერ ჩატარებული ნებისმიერი მატჩი მოვლენაა, რომელსაც ხალხი ელის. იქ ცხოვრება იცვლება.
- რამდენიმე წელიწადი ნალჩიკის “სპარტაკში” გაატერეთ, გუნდში, რომელიც მწირი ბიუჯეტის მიუხედავად თამაშითა და შედეგით მეტოქეებს აოცებდა...
- იქ ყველა ფაქტორი ერთმანეთს ძალიან იღბლიანად დაემთხვა – კოლექტივში შეკრებილი ხალხი, მოთამაშეების ერთად ყოფნისა და მუშაობის სურვილი...
- ნალჩიკელების მთავარი საიდუმლო კრასნოჟანი იყო?
- ის საკვანძო ფიგურა იყო. კრასნოჟანს ხალხის ერთი იდეის გარშემო გაერთიანება შეეძლო. მასთან ცუდად მუშაობა შეუძლებელია. უბრალოდ, უხერხულია.
- “კრასნოდარში” ასეთ ფიგურად თქვენ გთვლიან. გაზაფხულზე, როდესაც ტრავმა მიიღეთ, გუნდი თქვენს გარეშე ქულებს კარგავდა...
- დამიჯერეთ, საქმე ჩემში არ არის! მაშინ მოედანზე ურთიერთგაგება არ გვყოფნიდა, რადგან გუნდი “ნედლი” იყო. საერთო ჯამში კი, 7-8 ქულა დავკარგეთ.

 

მოამზადა ლაშა თაბაგარმა
 

0.108216