საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა და რუსული “კრასნოდარის” კაპიტანმა ალექსანდრე ამისულაშვილმა გამოცემა sports.ru-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც არაერთ საინტერესო თემას შეეხო – პირველყოვლის, საუბარი “კრილია სოვეტოვთან” წაგებულ შეხვედრაზე წარიმართა, რომელიც რუსეთში ბევრმა “ჩაწყობილად” ჩათვალა.
- სამარის “კრილია სოვეტოვთან” მატჩის (1:2) შემდეგ, გაეცანით ინტერნეტში რას წერენ?
- ინტერნეტში ბევრ რამეს წერენ. ცხადია, საქმის კურსში ვარ, თუ რას ამბობდნენ თამაშამდე. რა უნდა ვთქვა – ეს ყველაფერი ბოდვაა. ვიღაცამ ფსონი არ მიიღო და მერე რა? ამ შემთხვევაში ცილისწამებისთვის სასამართლოშიც ვერავის უჩივლებ. ვის უნდა უჩივლო? ვიღაც უცხოურ კომპანიებს, რომლებიც ფსონებს არ იღებდნენ? მთავარია, ჩვენ ვიცით, რომ კეთილსინდისიერად ვთამაშობდით და ყოველთვის ასე ვიქცევით. თამაშს უყურეთ? კარგად ჩანდა, რომ გუნდი ძალიან მონდომებული იყო და უბრალოდ არ გაგვიმართლა. ჩვენი კლუბის პრეზიდენტს იმ დღეს დაბადების დღე ჰქონდა და მისთვის საჩუქრის გაკეთება გვინდოდა. ნუთუ ფიქრობთ, რომ ასეთ დღეს მსგავსი სისულელით ვიქნებოდით დაკავებული? “კრასნოდარს” ასეთ თამაშებში მონაწილეობა არ მიუღია და არასოდეს მიიღებს. ეს ყველაფერი ბოდვაა და ამ თემაზე საუბარიც არ მინდა.
- ზოგიერთი თვლის, რომ პირველი გაშვებული გოლის დროს მეკარე იგორ უსმინსკიმ ბურთს ხელები განზრახ აარიდა...
- ეს თამაშია და ყველაფერი ხდება. ვფიქრობ, რომ უბრალოდ არ გაგვიმართლა. არც პირველი და არც მეორე გოლი არ უნდა გაგვეშვა. ჩვენი დღე არ იყო, მაგრამ ცხოვრება ამით არ მთავრდება. მომავალი თამაშისთვის სერიოზულად ვემზადებით და დანარჩენი გამოჩნდება.
- თქვენთვის გარიგებული მატჩის თამაში ოდესმე შეუთავაზებიათ?
- ვფიქრობ, არ არსებობს ფეხბურთელი, რომელსაც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ჩემპიონატებში უთამაშია და ასეთი მატჩის ჩატარება არ შეუთავაზებიათ. ეს ხომ მხოლოდ ახლა არ ხდება. მსგავსი რამ ყოველთვის იყო.
- თქვენთვის შეუთავაზებიათ?
- კითხვას უკვე ვუპასუხე.
- რა უნდა მოხდეს, რომ რუსული კლუბები არა მხოლოდ არ დაადანაშაულონ გარიგებული მატჩების ჩატარებაში, არამედ, მსგავსი თამაშები მართლაც არ ტარდებოდეს?
- თურქეთში, გარიგებულ მატჩებში ბრალდებით 35 კაცი დააკავეს. ყველას კარგად ახსოვს, რა მოხდა იტალიაში. იგივე უნდა გაკეთდეს რუსეთში – უნდა მოუსმინონ საუბრებს, შეაჯერონ და გადაამოწმონ ფაქტები, რაღაც უნდა გაკეთდეს და თვალების დახუჭვა საჭირო არ არის. ცოტა ხნის წინ, საქართველოში ხუთი თუ ექვსი ფეხბურთელი ფაქტზე დაიჭირეს. შემდეგ, ფარული კამერით გადაღებული ჩანაწერები აჩვენეს და აღმოჩნდა, რომ ვიღაც ფულს თამაშის საწყისი 15 წუთისთვის იღებდა, ზოგი სხვა რამისთვის. ყველას სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცეს. ახლა მთელი საქართველო ფიქრობს, რომ მათ საცხოვრებელ ბინებში მოსასმენი აპარატურაა დამონტაჟებული და ამიტომ, თამაშის “ჩაწყობას” არავინ გადაწყვეტს. ყოველ შემთხვევაში, გარკვეული დროით მაინც. რუსეთშიც იგივე უნდა გაკეთდეს.
- ამის გაკეთებას ხელს რა უშლის?
- რუსეთში ყველაფერი რთულად არის. მაშინ, ყველა უნდა დაიჭირო – ავტოინსპექტორები, რომლებიც ქრთამს იღებენ, და ყველა დანარჩენი. თუმცა, ამას ხომ არავინ აკეთებს. რუსეთში ისეთი სისტემაა, რომ მსგავსი რამ არამხოლოდ ფეხბურთში ხდება. მაშინ, ამაზე საუბარს რა აზრი აქვს? არავინ არაფერს აკეთებს ე.ი. ყველასთვის ყველაფერი მისაღებია.
- მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი შეგნებული გაქვთ, თურქეთში გატარებული ნახევარი წლის შემდეგ, კვლავ რუსეთში სათამაშოდ რატომ დაბრუნდით?
- სიმართლე გითხრათ, საფეხბურთო კუთხით იქ ჩემთვის ყველაფერი მისაღები იყო. თუმცა, მხოლოდ საკუთარ თავზე კი არა, ოჯახზეც უნდა ვიფიქრო. ჩემი ოჯახი თურქეთში თავს კომფორტულად ვერ გრძნობდა. პირველყოვლისა, კლიმატი იყო განსხვავებული და ენის ბარიერიც შეიქმნა. ამიტომ, დავბრუნდით. მით უმეტეს, რომ “კრასნოდარმა” ისეთი წინადადებით მომმართა, რომელმაც დამაინტერესა. კლუბის პრეზიდენტს და ფეხბურთელებს ვესაუბრე – ვიცოდი, კრასნოდარში რა მიზნებს ისახავდნენ.
- თქვენი ოჯახისთვის თურქული ცხოვრების წესი მისაღები რომ ყოფილიყო, დარჩებოდით?
- დიახ. ვიმეორებ, რომ სპორტული კუთხით იქ ყველაფერი მომწონდა. საკმაოდ კარგი გუნდი იყო და მთავარ მწვრთნელად ჩემი მეგობარი შოთა არველაძე მუშაობდა. კლუბს საუცხოო ბაზა და სტადიონი ჰქონდა. ყოველ თამაშზე სტადიონი ბოლომდე ივსებოდა და არც ფულის მხრივ იყო რაიმე პრობლემა. მეორეს მხრივ, რუსეთის ჩემპიონატი უფრო ძლიერია, ვიდრე თურქეთისა. პლუს, ოჯახის სურვილი და ამიტომ დავბრუნდი.
- კრასნოდარში თითქმის ნახევარი წელია, თამაშობთ. გაქრა კლუბის მიმართ სკეპტიკური განწყობა, რომელიც სეზონის დასაწყისში იყო?
- ვფიქრობ, რომ გაქრა. თავდაპირველად ჩვენი გუნდის თამაშებზე ძალიან ცოტა მაყურებელი დადიოდა. ამ კუთხითაც ბევრი რამ შეიცვალა და ტრიბუნებზე გაცილებით მეტი გულშემატკივარია. რატომ? ჩვენ შემტევ ფეხბურთს ვთამაშობთ, რაც გულშემატკივრებს მოსწონთ. ალბათ, წლის ბოლოს სტადიონი საერთოდ გაივსება. როდესაც მოედანზე გადიხარ და ხედავ, რომ ტრიბუნებზე თავისუფალი ადგილი არ არის, ყველა ყვირის და გუნდს მხარს უჭერს, ეს ნებისმიერი ფეხბურთელისთვის დიდი ბედნიერებაა.
- გუნდის კაპიტანი ხართ და რამდენად ხშირად გცნობენ კრასნოდარის ქუჩებში?
- გასათვალისწინებელია, რომ ქალაქში ორი გუნდია. ჩვენი კლუბი სამი-ოთხი წლის შექმნილია, როდესაც “ყუბანი” უკვე 80 წელია, არსებობს. ამიტომ, გულშემატკივრები მას უფრო მეტი ჰყავს. ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ყველაფერი შეიცვლება. ხდება ხოლმე, რომ ქუჩაში მიახლოვდებიან და ერთად ფოტოს გადაღებას მთხოვენ. სასიამოვნოა.
- ხანგრძლივი სეზონის პირველ მესამედში “კრასნოდარმა” საკმაოდ “ცოცხალი” მატჩები ჩაატარა. რომელი თამაშისგან მიიღეთ ნამდვილი სიამოვნება?
- ცოტა ხნის წინ, ცსკა-სთან და “ანჟისთან” ჩატარებული მატჩები ძალიან მომეწონა. მართლაც სიამოვნება მივიღე. თუმცა, ყველაზე კარგად “ამკართან” ვითამაშეთ – მთელმა გუნდმა შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა. საერთოდ, თუ შევხედავთ, ბოლო პერიოდში არცთუ ცუდად ვთამაშობთ. ჩვენ “რუბინთან”, “სპარტაკთან” და “ლოკომოტივთან” წავაგეთ. თუმცა, იმავე “ლოკოსთან”, რომელთანაც 1:4 დავმარცხდით, გუნდმა პირველი ტაიმი კარგად ჩაატარა. სამწუხაროა, რომ ყველაფერი ასე დასრულდა.
- მიმდინარე სეზონში უკვე ორჯერ მოგიწიათ თამაში ყოფილი კლუბის, ნალჩიკის “სპარტაკის” წინააღმდეგ. ეს მატჩები თქვენთვის პრინციპული იყო?
- “სპარტაკის” წინააღმდეგ თამაშის დროს განსაკუთრებული განწყობა არასოდეს მქონია. ვთამაშობდი იქ, მერე რა? განსაკუთრებულად შეიძლება ისეთი კლუბის წინააღმდეგ განეწყო, სადაც, ვთქვათ, სათადარიგოთა სკამს “ხეხავდი” და ამის გამო, ნაწყენი ხარ. ნალჩიკს ახლაც კარგად ვიხსენებ და ყოფილ თანაგუნდელებთან ურთიერთობა მაქვს. მეგობრების წინააღმდეგ სათამაშოდ განსაკუთრებულად რატომ უნდა განვეწყო? კრასნოდარში ჩატარებული თამაშის შემდეგ, მე, სირაძე, კონცედალოვი და პილიპჩუკი ერთად რესტორანში წავედით. ორი საათი ვისხედით, ვისაუბრეთ. საერთო ჯამში, ნალჩიკში ჩემთვის ბევრი რამ გააკეთეს – მწვრთნელები და კლუბის ხელმძღვანელობა ყოველთვის გვერდით მედგა. ამისთვის, მათი მადლობელი ვარ.
- ამჟამინდელი თანაგუნდელებიდან ყველაზე ხშირად სტუმრად ვის ეპატიჟებით?
- ჩვენთან ისე არ ხდება, რომ სამი-ოთხი ადამიანი ვინმესთან სტუმრობდეს, ხოლო დანარჩენები - არა. ძალიან ხშირად მთელი გუნდი ვიკრიბებით. არა აქვს მნიშვნელობა, ვაგებთ თუ ვიგებთ, მაინც ვცდილობთ, ერთად ვიყოთ. ძალიან ახალგაზრდული გუნდი გვყავს და ამიტომ, ურთიერთობა არა მხოლოდ მოედანზე, არამედ, მის გარეთაც უნდა დავალაგოთ.
- იური კრასნოჟანთან, რომელიც ნალჩიკის “სპარტაკის” მთავარი სულისჩამდგმელი იყო, სამ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში იმუშავეთ. ის თქვენი კარიერის “მთავარი” მწვრთნელია?
- დღესდღეობით, უდავოდ “მთავარია”. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ხშირი ურთიერთობა არ გვაქვს, მაგრამ ის საუცხოო ადამიანი და მწვრთნელია. ყველა ფეხბურთელი, ვისაც მასთან უმუშავია, ამას დაადასტურებს.
- მოსკოვის “ლოკომოტივიდან” მისმა წასვლამ ბევრი გააკვირვა. თქვენც?
- რა თქმა უნდა. დღემდე ვერავინ გაიგო, გუნდიდან რატომ გაუშვეს. ვფიქრობ, “ლოკომიტივში” თავად არ იციან, ასე რატომ მოიქცნენ. გუნდი პირველ ხუთეულში იყო, საკუთარი თამაში იპოვა და უცებ, ასეთი რამ მოხდა. კრასნოჟანს გაშვებიდან მეორე დღეს დავურეკე – დაბადების დღე ჰქონდა. თუმცა, დიდხანს არ გვისაუბრია. უბრალოდ, მივულოცე და ეს იყო.
- გჯერათ, რომ კრასნოჟანმა “ანჟისთან” მატჩისთვის მომზადების პერიოდში შეცდომები შეგნებულად დაუშვა?
- არა. მას ძალიან კარგად ვიცნობ და მსგავს რამეს არასოდეს გააკეთებდა. ამაში 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ.
- რა დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად კრასნოჟანთან მუშაობის პერიოდში?
- ის არცთუ ხშირად იცინის თუ ხუმრობს. სამაგიეროდ, ზუსტად იცის, ფეხბურთელებს რა უნდა უთხრას. მახსოვს, 2007 წელს სანკტ-პეტერბურგში “ზენიტს” ვეთამაშებოდით. პირველ ტაიმში არაფერი გამოგვდიდოდა, თან საკუთარ კარში გოლიც გავიტანე. მოკლედ, საშინელება იყო და სხვა მწვრთნელი გასახდელში ნამდვილ დებოშს მოაწყობდა. კრასნოჟანს კი, ცუდი არაფერი უთქვამს. პირიქით, გაგვამხნევა. მეორე ტაიმში მოედანზე გავედით და 4:3 მოვიგეთ, ხოლო მე გადამწყვეტი გოლი გავიტანე. ის ნამდვილად მაღალი დონის ფსიქოლოგია, რომელიც სიტუაციას ისე გრძნობს, როგორც სხვა არავინ. ამასთანავე, ძალიან წესიერი ადამიანია.
- იური კრასნოჟანის თქვენს მიმართ ყველაზე დასამახსოვრებელი საქციელი რა იყო?
- 2007 წელს რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდი, როდესაც ბრალი გაუპატიურებაში დამდეს. მაშინ მან მხარი ძალიან მაგრად დამიჭირა – როგორც მწვრთნელმა, როგორც ადამიანმა და უფროსმა მეგობარმა. ამას არასოდეს დავივიწყებ. საერთოდ, ნალჩიკში ისეთი გუნდი გვყავდა, რომ იმ პერიოდში სწორედ სამწვრთნელო შტაბის, ხელმძღვანელობისა და ბიჭების სითბო ძალიან დამეხმარა.
- დაახლოებით 5 საათი გისოსებს მიღმა გაატარეთ...
- ოდნავ ნაკლები – 4, ვიდრე ისინი რაღაცას არკვევდნენ.
- ამ 4 საათის განმავლობაში რაზე ფიქრობდით?
- არაფერზე არ ვფიქრობდი. ვიცოდი, რომ უდანაშაულო ვიყავი და ველოდი, როდის გამიშვებდნენ.
- ამ ისტორიამ რაიმე გავლენა მოახდინა თქვენს სურვილზე, ღამის კლუბებში მომავალშიც ივლით?
- საერთოდ, ღამის კლუბებში არასოდეს დავდივარ. უბრალოდ, მაშინ, თამაშის შემდეგ თითქმის მთელი გუნდი წავედით. რას იზამ, მოხდა ასეთი უსიამოვნო ისტორია, ამისგან დაზღვეული არავინაა.
- რა დასკვნა გამოიტანეთ ამ ინციდენტიდან?
- გამოვიტანე. თუმცა, ეს დასკვნა მხოლოდ ჩემთვისაა.
- ზაფხულის პირველი ნახევარი დამცავ ნიღაბში გაატარეთ. თავს როგორ გრძნობდით?
- ვერ ვიტყვი, რომ ნიღბით თამაში ძალიან რთული იყო, მაგრამ ცხადია, უსიამოვნოა. მით უმეტეს, რომ მცველი ვარ და ნიღბით აქეთ-იქით ყურებაც ძნელია და თავით თამაშიც. გარდა ამისა, ნიღაბში ისე ოფლიანდები, როგორც ორთქლის აბანოში. სხვათა შორის, მას ახლა გუნდის საწვრთნელ ბაზაზე ვინახავ.
- ამის მერე პეტრ ჩეხის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემით არ განიმსჭვალეთ?
- რა თქმა უნდა. თუმცა, მას ნიღაბი არ უკეთია. ალბათ, ჩაფხუტიც მოუხერხენელია, მაგრამ მეკარეს, ყოველ შემთხვევაში, თავით თამაში მაინც არ უწევს. ჩეხი ნამდვილი კაცია, რადგან ამდენი ხანია, ჩაფხუტით თამაშობს.
- მას მაისურს გაუცვლიდით?
- საერთოდ, მაისური არავისთვის გამიცვლია. რაში მჭირდება? ფოტოც არცერთ ფეხბურთელთან ერთად არ გადამიღია. მაისურს იმ შემთხვევაში მივცემ, თუ რომელიმე ნაცნობი მთხოვს. ასეთ შემთხვევაში, პრობლემა არ არის. თავად კი..
- რობერტო კარლოსისთვისაც არ გაგიცვლიათ?
- არც რობერტო კარლოსისთვის.
- ვიდრე რუსეთის სამხრეთში გადახვიდოდით, ნახევარი წელი თურქეთის მწველი მზის ქვეშ შოთა არველაძის ხელმძღვანელობით გაატარეთ. როგორ მუშაობდით მასთან ერთად?
- საუცხოოდ. ჩვენ მეგობრები ვართ და თურქეთში დიდწილად მისი გულისთვის წავედი. მასთან ერთად ხომ საქართველოს ნაკრებში ვთამაშობდი. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა მწვრთნელია, შემიძლია ვთქვა, რომ დიდი მომავალი ელის. როდესაც თურქეთიდან წამოვედი, გუნდი მე-4 ადგილზე იყო და კარგ შემტევ ფეხბურთს აჩვენებდა. საბოლოოდ, ჩემპიონატი მე-6 ადგილზე დაასრულა და ხუთეულში ვერ მოხვდა, რაც მიზნად ჰქონდა დასახული. ამის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ შოთამ, როგორც მწვრთნელმა, თავი კარგად წარმოაჩინა.
- როგორი რეაქცია ჰქონდა თქვენს წასვლაზე?
- ვფიქრობ, ნაწყენი დარჩა. თუმცა, ის თავად ყოფილი ფეხბურთელია და ამიტომ, ყველაფერი ესმის.
- “ქაისერისფორში” ვისთან ერთად გიწევდათ თამაში?
- ყველა კარგი ბიჭი იყო. განსაკუთრებით, მეკარე დამამახსოვრდა, რომელიც კამერუნის ნაკრებში თამაშობს. უმხიარულესი ბიჭია. თუ ვინმეს დაბადების დღე ჰქონდა ან რაიმე დღესასწაული იყო, ყოველთვის მთავარ როლს ასრულებდა. ყველაფერს ორგანიზებას უკეთებდა და ყველას ართობდა. განსაკუთრებით მომწონდა, რომ დაბადების დღეებზე “Happy Birthday”-ს ინგლისურად იწყებდა, შემდეგ თურქულად აგრძელებდა და აფრიკულად ამთავრებდა. მხიარული ბიჭია.
- თქვენც გიმღერათ?
- მიმღერა. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ ერთად ძალიან იშვიათად ვიკრიბებოდით. ეტყობა, მათთან ეს მიღებული არ არის. ერთხელ ვცადე, ყველა შემეკრიბა, მაგრამ არაფერი გამოვიდა – ვივარჯიშებდით და სახლში მივდიოდით. საერთოდ, იქ ისეთი ქალაქია, რომ ლუდსაც ვერ იყიდი. რესტორნებში ალკოჰოლური სასმელი არ იყიდებოდა – მხოლოდ ჩაი, ყავა და წვენი.
- ყოფილ პარტნიორებს ბოლოს როდის დაურეკეთ?
- დიდი ხნის წინ. ტელეფონი დავკარგე, სადაც ყველა ნომერი მქონდა ჩაწერილი.
- ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ თურქეთში გატარებულ პერიოდში?
- სიმართლე გითხრათ, ქალაქში არცთუ ხშირად გავდიოდით. თუმცა, ერთხელ კაბადოკიაში წავედით, რომელიც უზომოდ მომეწონა. იცით ეს რა არის? აუცილებლად უნდა ნახო, რადგან ორი სიტყვით ვერ აღწერ. ქაისერიდან 60 კილომეტრის მოშორებით ძალიან ლამაზი ადგილებია. იქ კიდევ ერთხელ სიამოვნებით დავბრუნდებოდი.
- ქაისერი თავისი სათხილამურო ფერდობებით არის განთქმული. სრიალებდით?
- არა, რადგან თხილამურები და სნოუბორდი ჩემი საქმე არ არის. რად მინდა? კამიკაძე ხომ არ ვარ?!
- ყოფილი საბჭოთა კავშირის ფარგლებს გარეთ პირველი გამოცდილება თურქეთში მიიღეთ. საშუალო დონის საზღვარგერეთული კლუბი ხვალ რომ დაგიკავშირდეთ, იქ გადასვლაზე იფიქრებთ?
- დღესდღეობით ამის შესახებ არც ვფიქრობ. “კრასნოდართან” კონტრაქტი მაქვს, ხოლო მომავალში რა იქნება, წინასწარ არ ვმკითხაობ. ამ შემთხვევაში ასაკი, ოჯახის ინტერესები და კიდევ ბევრი სხვა რამ არის გასათვალისწინებელი. ალბათ, ახალგაზრდობაში მქონდა ოცნება, უცხოურ კლუბში მეთამაშა. ამაზე ყველა ოცნებობს. რა თქმა უნდა, მინდოდა, “მანჩესტერ იუნაიტედში” მეთამაშა, რადგან ეს გუნდი ძალიან მომწონს. თუმცა, ოცნება ოცნებად დარჩა.
- რამდენი უცხო ენა იცით?
- რუსულად ვსაუბრობ. ცოტათი ინგლისური ვიცი, ადრე ვსწავლობდი.
- გასულ სეზონში “მანჩესტერ იუნაიტედის” რამდენი თამაში ნახეთ?
- სიმართლე გითხრათ, არცთუ ბევრი. უცხოეთში თამაშზეც არასოდეს ვყოფილვარ. ვიცი, რომ გასულ სეზონში იგნაშევიჩი და ალდონინი “ბარსელონა”-“რეალის” თამაშს დაესწრნენ. საგანგებოდ ფეხბურთის სანახავად არასოდეს და არსად გადავფრენილვარ. ერთადერთი მახსოვს, რომ ბიჭებთან ერთად გერმანიაში ვიყავი თამაშზე. თუმცა, ეს იმდენად დიდი ხნის წინ იყო, რომ არ მახოვს, რომელ მატჩს ვუყურეთ.
- ცოტა ხნის წინ, ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნდა “ლოკომოტივის” ფეხბურთელ ალექსანდრ მინჩენკოვის ინტერვიუ. როდესაც მას დაეკითხნენ, თუ რა ჟანრის ლიტერატურას კითხულობს, ასეთი პასუხი გასცა: “წიგნები ჩემი საქმე არ არის. ბავშვობიდან არ ვკითხულობ. შესაძლოა, სიბერეში დავჯდე და დაკარგული ავინაზღაურო. ახლა 22 წლის ვარ და წიგნების კითხვა მჭირდება?” თქვენ როგორი დამოკიდებულება გაქვთ ლიტერატურის მიმართ?
- ის ჯერ ახალგაზრდაა და შესაძლოა, რაიმე შეიცვალოს. კითხვა ძალიან მიყვარს. კულტურულ ღონისძიებებზე არცთუ ხშირად დავდივარ, მაგრამ თავისუფალ დროს წამოწოლა და წიგნის წაკითხვა საჩემო საქმეა.
- ბოლო ნაწარმოები, რომელმაც თქვენზე შთაბეჭდილება მოახდინა...
- რომანი “დათა თუთაშხია”, რომლის ავტორი ჭაბუა ამირეჯიბია. ბევრჯერ გადამიკითხავს და არასოდეს მწყინდება. ძალიან საინტერესო წიგნია ცხოვრების შესახებ, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს.
- გული არ გწყდებათ, რომ დიდი შანსია, ახალგაზრდა რუსმა ფეხბურთელებმა თქვენს სიტყვებზე “ყველამ უნდა წაიკითხოს”, გაიცინონ?
- ეს ყველას პირადი საქმეა. სიმართლე გითხრათ, ჩვენი გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის არც მიკითხავს, წიგნებს კითხულობენ თუ არა. თითოეულს თავისი ჰობი და ცხოვრება აქვს.
- რუსი ფეხბურთელები ღამის დაწესებულებების მუდმივი სტუმრები არიან. თქვენ როგორ ერთობით?
- კითხვის შესახებ უკვე ვთქვი. კვირაში ერთხელ ოჯახთან ერთად კინოთეატრში დავდივარ, კომედიებს ვუყურებთ. არ მიყვარს საშინელებათა ჟანრის ფილმები. უმჯობესია, ზედმეტად გავიცინო. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ ფილმს ვუყურე... დამავიწყდა სახელწოდება.
- კამერონ დიასის მონაწილეობით. გამოვიცანი?
- დიახ. კარგი ფილმია. საერთოდ, ჩემთვის საუკეთესო ფილმებია, რომლებშიც რობერტ დე ნირო და ალ პაჩინო მონაწილეობენ.
- სეზონის სტარტზე “სპორტ-ექსპრესმა” რუსული კლუბების ლიდერები გამოკითხა. კითხვაზე “რომელი ფეხბურთელია იდეალური კაპიტანი?”, თქვენ უპასუხეთ: “ჯონ ტერი”. სად გაქრა “მანჩესტერ იუნაიტედისადმი” თქვენი სიყვარული?
- არსად არ გამქრალა. უბრალოდ, ჩემი აზრით, ტერის იდეალური კაპიტნის ყველა თვისება აქვს.
- რა არ გყოფნით, რომ ჯონის მსგავსად ითამაშოთ?
- ინგლისში დაბადება და “ჩელსისთან” კონტრაქტი.
- ხსენებულ ანკეტაში კითხვაზე “რას გააკეთებ, თუ ჩემპიონი გახდები?”, თქვენ უპასუხეთ: “მთელი გუნდი საქართველოში წავალთ – მწვადი, ღვინო, საცივი, ხაჭაპური, მთები...” ამ ჩამონათვალიდან რუსეთში ყველაზე მეტად რა გაკლიათ?
- ცხადია, უზომოდ მენატრება ქართული სამზარეულო. ალბათ, დამეთანხმებით, რომ საქართველოში საჭმლის მხრივ პრობლემა არასოდეს ყოფილა. იგივე საცივსა და ხაჭაპურს ჩემი ცოლი საუცხოოდ ამზადებს და ასე რომ, იმ ანკეტაში ვიხუმრე – ამ ყველაფრის ჭამა რუსეთშიც შემიძლია. ვიცი თუ არა საჭმლის მომზადება? არა, მაგრამ ასეთი ცოლის ხელში არც მჭირდება.
- საქართველოში რამდენად ხშირად ჩადიხართ?
- სამწუხაროდ, არც ისე ხშირად, როგორც მსურს ხოლმე, წელიწადის განმავლობაში თვენახევარზე მეტს ვერ ვატარებ.
- შინ ჩასული, პირველყოვლისა რას აკეთებთ?
- რესტორანში მივდივარ და ხინკალს ვუკვეთავ. კვირაში შვიდი დღის განმავლობაში მეტისმეტია, მაგრამ ექვსი დღე მხოლოდ ხინკლის ჭამა შემიძლია.
- საქართველოს გარდა, შვებულებას კიდევ სად ატარებთ?
- საქართველოში გატარებული ორი კვირის შემდეგ, დასასვენებლად ოჯახითურთ დუბაიში მივდივართ ხოლმე. იქ ყველა პირობა არის შექმნილი და რაც მთავარია, მხოლოდ სამი საათია საფრენი. ცხადია, მსურს, აშშ ვნახო – ნიუ იორკი, ლოს ანჯელესი, ლას ვეგასი... თუმცა, იქამდე 13 საათია საფრენი და ამდენივე - უკან, რაც საშინელებაა. ამიტომ, იქ არ ვყოფილვარ. საყვარელი ევროპული ქალაქი კი რომია. პირველად საზღვარგარეთ რომ წავედი, სწორედ რომში ყოფნა მომიწია და ყველაფერმა მომხიბლა. ულამაზესი ქალაქია.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა