უკრაინის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრ ვოლკოვი ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფის ფავორიტებად სლოვენიისა და რუსეთის ნაკრებებს მიიჩნევს. თავისი ქვეყნის ნაკრებს კი მესამე ადგილზე გასვლის ერთ-ერთ კანდიდატად ასახელებს. 1988 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი რუსულ გამოცემა “სპორტ-ექსპრესს” ესაუბრა. “მსოფლიო სპორტი” ამ ინტერვიუს შემოკლებულ ვერსიას გთავაზობთ.
- უკრაინის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 2005 წლის შემდეგ არ უთამაშია. მაშინ მე-13 ადგილი დაიკავა. არის მზად დღევანდელი გუნდი, უკეთესი შედეგის საჩვენებლად?
- დიდ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის ნაკლებობა ჩვენი ნაკრების უმთავრესი ნაკლია. აქედანვე შეგუებული ვარ აზრს, რომ კრიტიკულ სიტუაციებში ბიჭებს შეიძლება თავდაჯერებულობამ უმტყუნოს. ამის მიუხედავად, მაინც ოპტიმისტად ვრჩები. ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ თვენახევრიან ინტენსიურ ციკლში გუნდმა ძალიან ნაყოფიერად იმუშავა. სამწვრთნელო შტაბმა მაიკ ფრატელოს ხელმძღვანელობით უზარმაზარი სამუშაო გასწია, რომლის შედეგსაც ყველა ლიტვაში დაინახავს. ვერ გეტყვით, რომელ ადგილს დავიკავებთ, პროგნოზებისგან ყოველთვის თავს ვიკავებ ხოლმე. მხოლოდ ერთში ვარ დარწმუნებული - ჩვენი თამაშის შემხედვარეს არ შემრცხვება.
- კონკრეტულად რა კომპონენტში მოუმატა ნაკრებმა ფრატელოს მოსვლის შემდეგ?
- აბსოლუტურად ყველაფერში. გუნდი დაცვაშიც უკეთ თამაშობს, თავდასხმაშიც და ზოგადად, შეთამაშების მხრივაც გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე ერთი-ორი წლის წინ იყო. აქვე პრობლემებზეც ვიტყვი. მთავარი პრობლემა გამოცდილების ნაკლებობაა. არ უნდა დავივიწყოთ საკადრო დანაკლისებიც. არტურ დროზდოვმა ნაკრებამდე რატომღაც ვერაფრით მიაღწია. სერგეი გლადირს კი ლიტვაში გამგზავრებაში ხელი ტრავმამ შეუშალა. არადა, მასზე ფრატელო დიდ იმედებს ამყარებდა.
- არტურ დროზდოვს ბევრი 2000-იანი წლების უკრაინული კალათბურთის უმთავრეს ტალანტად მიიჩნევს. რას ნიშნავს თქვენი სიტყვები, “ნაკრებამდე ვერ მიაღწია”?
- ორი კვირის განმავლობაში დაკარგული იყო. ფედერაციის ხელმძღვანელობასა და ნაკრების მწვრთნელებთან დაკონტაქტება არც უცდია და როდესაც გააქტიურდა, უკვე გვიანი იყო. როდესაც პროფესიონალი ხარ, პირადი ინტერესები ეროვნულ ნაკრებზე მაღლა არ უნდა დააყენო.
- 64 წლის ამერიკელი მწვრთნელი მაიკ ფრატელო, რომელიც 16 წლის განმავლობაში NBA-ის სხვადასხვა კლუბებს ედგა სათავეში, მოულოდნელად ამოუცნობი უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა. ძნელი იყო მისი დათანხმება?
- რა თქმა უნდა. ფიბას ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებთა რაოდენობა 16-დან 24-მდე რომ არ გაეზარდა, ფრატელოს ჩამოყვანაც შეუძლებელი გახდებოდა. პირველად ერთი წლის წინ შევთავაზე ჩვენი ნაკრების გაწვრთნა და იუარა, მაგრამ ახლა უკვე მთელი სულით და გულით ამ საქმეშია ჩართული და დარწმუნებული ვარ, ევროპის ჩემპიონატის დასრულებისთანავე უკრაინიდან გაქცევას არ მოინდომებს.
- როგორ დაახასიათებდით ფრატელოს სამი სიტყვით?
- ინგლისურად შეიძლება?
- რა თქმა უნდა.
- შელფ მადე მან (ადამიანი, რომელმაც თავისი თავი შექმნა). უკეთესად ვერ დავახასიათებ. ძალიან ძლიერი სპეციალისტია.
- ისევ მომავალ ევროპის ჩემპიონატს დავუბრუნდეთ. რას იტყვით ქვეჯგუფზე, რომელშიც უკრაინის გარდა, რუსეთი, სლოვენია, ბელგია, საქართველო და ბულგარეთი ითამაშებენ?
- სლოვენია და რუსეთი რეალურად ძლიერები არიან დანარჩენ ოთხ გუნდზე და რა უნდა მოხდეს, რომ პირველი-მეორე ადგილები მათ არ გაინაწილონ. უკრაინას, საქართველოს, ბელგიასა და ბულგარეთს კი, მეტნაკლებად თანაბარი დონის ნაკრებები ჰყავთ. იმედია, ამ ოთხ გუნდს შორის საუკეთესო პოზიციას უკრაინა დაიკავებს.