ფეხბურთი

13:13 | 17.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ალექს ფერგიუსონი: “წასვლის თაობაზე გადაწყვეტილება მარტში მივიღე”

 “მანჩესტერ იუნაიტედში” მალე ახალი ეპოქა დაიწყება – ინგლისის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდს მთავარ მწვრთნელად სერ ალექს ფერგიუსონი აღარ ეყოლება და მის ფუნქციებს კიდევ ერთი შოტლანდიელი დევიდ მოიესი შეასრულებს. გუშინწინ “იუნაიტედში” საკლუბო პრიზების გადაცემის ცერემონიალი ჩატარდა, რომლის დასრულების შემდეგაც ფერგიუსონმა ჟურნალისტ ჯიმ როზენტალს ინტერვიუ მისცა.

 - ხანგრძლივი და ტრიუმფული სამწვრთნელო კარიერის დასრულება ამაღლებულ ნოტზე გსურდათ?

- სასურველი იქნებოდა, სადამრიგებლო საქმიანობა მოპოვებული ტიტულის შემდეგ დამემთავრებინა და საბედნიეროდ, ასეც მოხდა. როდესაც გასულ ქრისტეშობას მეუღლესთან ერთად კარიერის დასრულების ვადაზე ვსაუბრობდი, “მანჩესტერ იუნაიტედი” უშუალო მდევარს მხოლოდ 5 ქულით უსწრებდა და გარანტირებული არაფერი გვქონდა. შარშანდელი ფიასკოს შემდეგ კიდევ ერთხელ უტიტულოდ დარჩენა ძალიან არ მინდოდა. იმედი მქონდა, პრემიერლიგას რომ მოვიგებდით, ამიტომაც წასვლაზე გადაწყვეტილების თაობაზე კლუბის ხელმძღვანელობას მარტში ვამცნე.

- “იუნაიტედმა” პრემირლიგის საუკეთესო გუნდის ტიტული საკმაოდ იოლად დაისაკუთრა...

- ასე არ ვფიქრობ. მართალია, ქულათა სხვაობა სოლიდურია, მაგრამ ნებისმიერი მატჩი უდიდეს ძალისხმევას მოითხოვდა. საბოლოოდ კი პირველობა “სტოკსა” და “ვესტ ჰემთან” ჩატარებული შეხვედრების შემდეგ ვიწამე.

- მთავარმწვრთნელობიდან წასვლის თაობაზე საქმის კურში მარტში ჩაგიყენებიათ კლუბის ხელმძღვანელები. რთული იყო საიდუმლოს შენახვა?

- ყოველმხრივ ვცდილობდი, ენისთვის კბილი დამეჭირა და ზედმეტი სიტყვა არავისთვის მითქვამს. მეუღლის შემდეგ ჩემი გადაწყვეტილების თაობაზე საქმის კურსში შვილებიც ჩავაყენე, ძმამ კი ყველაფერი ოფიციალური გამოცხადების წინა დღეს შეიტყო. მან ჩემი გადაწყვეტილება არ მოიწონა და მისაყვედურა კიდეც.

- თქვენ მაგივრად მთავარი მწვრთნელის საქმიანობას დევიდ მოიესი შეუდგება. როგორ დაგვიხასიათებდით “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალ წინამძღოლს?

- დევიდს მაინცა და მაინც ახლოს არ ვიცნობ, თუმცა, ვიცი, რომ იგი შრომისმოყვარე და პატიოსანი ადამიანია. მოიესი მკაცრი სამუშაო დისციპლინის მომხრეა. დევიდი სერიოზული საფეხბურთო მოღვაწეა. მის თვისებს შორის მიზანმიმართულობასა და სიჯიუტესაც გამოვარჩევდი. დააკვირდით მის მიერ გავლილ სამწვრთნელო გზას ლივერპულის “ევერტონში”. 11 სეზონი გაატარა დევიდმა “გუდისონ პარკზე”. კლუბს ფინანსური ინვესტიციები გულუხვად ნამდვილად არ განუხორციელებია, მაგრამ მოიესი დასახული მიზნისკენ ყოველთვის წარმატებით მიიწევდა და ამ ხნის განმავლობაში რამდენიმეჯერ ლამის თავიდან მოახერხა სოლიდური გუნდის ჩამოყალიბება. “იუნაიტედს” ზუსტად იმ თვისებების მთავარი მწვრთნელი სჭირდება, რომლებითაც დევიდ მოიესია დაჯილდოებული. რაც მთავარია, დევიდმა კარგად იცის, სადამრიგებლო საქმიანობა ურთულესი პროფესია რომაა და წინააღმდეგობის გადალახვას ჩვეულია. გავიხსენოთ, რა გადაგვხვდა თავს პრემიერლიგის წინა გათამაშების ფინიშზე. პირველობა სეზონის ბოლო მომენტში გაგვისხლტდა ხელიდან – 10 წამის განმავლობაში ჩემპიონებიც კი ვიყავით. ჩვენმა გულშემატკივრებმა ბევრი გადაიტანეს, თუმცა, სასიხარულო მომენტებიც მრავლად ჰქონდათ. მოიესს კარგად აქვს გათავისებული, რას ნიშნავს “იუნაიტედისთვის” წაგება, ამიტომაც მუდამ იზრუნებს, სეზონის ბოლოს მოწინააღმდეგებზე მეტი ქულა რომ გვქონდეს დაგროვილი.

- გასული კვირა თქვენთვის ემოციურად მეტად დატვირთული იყო?

- რასაკვირველია. კვირას მძიმე დღე მქონდა, მაგრამ, მე მგონი, თავი სათანადოდ მეჭირა. ვცდილობდი, მოჭარბებული ემოცია სხვებისთვის შეუმჩნეველი ყოფილიყო, მხოლოდ ერთხელ “გავფუჭდი”, როდესაც კლუბის პერსონალზე ვსაუბრობდი. ფსიქოლოგიური გადაღლა იმითაც გამოიხატა, რომ კვირა ღამესა და ორშაბათ დილით ზედიზედ 10 საათის განმავლობაში მეძინა. ჩემი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ამგვარი რამ პირველად მოხდა. ლიმონივით გამოწურული ვიყავი. საძინებელში რამდენჯერმე ჩემმა ცოლმა შემოიხედა, ეტყობა აინტერესებდა, ცოცხალი ვიყავი თუ არა.

0.12459