“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარულმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა, რომელსაც უმაღლეს დონეზე 47 ჯილდო მოუგია და მსოფლიო ფეხბურთის “პროფესორს” უწოდებენ, იტალიურ გამოცემა Corriere dello Sport-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
- სერ ალექს, შეგიძლიათ მოკლედ გვითხრათ, ფეხბურთის ლეგენდები როგორ ხდებიან?
- უბრალოდ, საჭირო კლუბში მოვხვდი - სახელწოდებით “მანჩესტერ იუნაიტედი”, რომელიც არსებობის ისტორიაში მსოფლიო ფეხბურთში მაჩანჩალა არასოდეს ყოფილა. როდესაც კლუბში მივედი, ჩემი მიზანი იყო, მისთვის ის წარმატება მომეტანა, რომელიც მეტ ბასბის მოღვაწერობის პერიოდის შემდეგ დაიკარგა. ბუნებრივია, ამისთვის ცოტა დრო არ დამჭირდა. თავდაპირველად ცვლილებებისთვის მზად არ ვიყავი. ყველაფერი ნულიდან უნდა დამეწყო, ვინაიდან ყოფილ მწვრთნელს ჩემთვის მემკვიდრეობად კარგი არაფერი დაუტოვებია. ფეხბურთი ისე, როგორც ყველა საწარმო, წარმატებაზეა დამოკიდებული. როცა მწვრთნელი კლუბში მიდის, ფიქრობს, რომ გუნდი უფრო მაღალ დონეზე ათამაშოს. მეც იგივეს ვფიქრობდი, მაგრამ ჩემი ფილოსოფიის შეცვლა და იმ იდეებზე უარის თქმა, რომლებისაც მჯეროდა, არ შემეძლო. ამიტომ, ზუსტად ისე დავიწყე მოქმედება, როგორც “აბერდინში” ვაკეთებდი.
- იტალიურ ფეხბურთზე რა აზრის ხართ? წლეულს სერია A უფრო გვიან დაიწყო, ვიდრე იგეგმებოდა, რადგან ქვეყანაში გაფიცვები იყო. მიუხედავად ამისა, ორი მწვრთნელის გათავისუფლება უკვე მოასწრეს...
- მთელი ისტორია, მათ შორის ფეხბურთიც, ციკლებით ვითარდება. გასულ საუკუნეში იყო “რეალის”, “ბენფიკას”, “აიაქსის”, “ბაიერნის” ეპოქა. ყველას კარგად ახსოვს “მილანის” ოქროს ხანა და იტალიური ფეხბურთის გაფურჩქვნა. შემდეგ პირველ პლანზე ესპანურმა გუნდებმა წამოიწიეს, ხოლო ამჟამად, “ბარსელონასა” და “რეალს” მსოფლიოში საუკეთესო შემადგენლობები ჰყავთ. ინგლისური ფეხბურთიც აღმავლობის გზაზეა. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში “მანჩესტერ იუნაიტედმა” ჩემპიონთა ლიგის ფინალში სამჯერ ითამაშა. დღესდღეობით, იტალიურ ფეხბურთს კრიზისის პერიოდი უდგას, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება.
- პეპ გვარდიოლასნაირი მწვრთნელები წარმატებით სარგებლობენ და შეიქმნა აზრი, რომ შედეგის მოტანა სწორედ ახალგაზრდა სპეციალისტებს შეუძლიათ. შეიძლება, ამ ვარიატმა იტალიაში იმუშაოს?
- ამ ვარიანტს ყველგან ვერ გამოიყენებ. უნდა გვახსოვდეს, რომ გვარდიოლამ ფეხბურთელობისას გამოცდილება ისეთი სპეციალისტებისგან მიიღო, როგორებიც კრუიფი და ვან გალია. მათგან ძალიან ბევრი ისწავლა, თუმცა, თავისი იდეებიც აქვს, მაგალითად, აქტიური პრესინგი.
- “ბარსელონას” ფეხბურთის ისტორიაში უძლიერეს გუნდად მიიჩნევთ?
- უდავოა, რომ ამჟამინდელი “ბარსელონა”, ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი კლუბის სახელით შევა, სადაც ასევე არის ბარეზის, ანჩელოტისა და დონადონის “მილანი”. ფეხბურთში მოკლე მეხსიერება აქვთ. ახლა ყველა ისევე საუბრობს “ბარსელონაზე”, როგორც თავის დროზე “მილანზე” ლაპარაკობდნენ. თითოეულ გუნდს თავისი დიდების წუთები აქვს. “მილანს” გუშინ ჰქონდა, “ბარსელონას” დღეს აქვს. ცხადია, ყველა კლუბს ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა უნდა გადავუხადოთ. არ ვფიქრობ, რომ აუცილებელია, უძლიერესებიდან ყველაზე ძლიერი ავირჩიოთ. უბრალოდ, უნდა გვახსოვდეს, რომ თავის დროზე გარკვეული გუნდები განსაკუთრებულები იყვნენ.
- ბოლო 25 წლის განმავლობაში ფეხბურთი ძალიან შეიცვალა, მაგრამ “მანჩესტერ იუნაიტედი” მაინც ყოველთვის ლიდერად რჩებოდა, დევიდ ბექჰემისა და კრიშტიანუ რონალდუს გაყიდვის მიუხედავად. როგორ ახერხებთ მუდამ კონკურენტუნარიანი გუნდის შექმნას?
- რა უცნაურიც არ უნდა იყოს, ამას საკმაოდ მარტივად ვახერხებ, რადგან მომავალს თავდაჯერებული ვუყურებ. ეჭვი არ მეპარება იმაში, თუ ვინ არის და ვინ იქნება “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი. გუნდის საჭესთან ვარ დღეს, ვიქნები ხვალ და ზეგ. შემიძლია, გათვლა მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაზე გავაკეთო. ჩემი სამუშაოს ნაწილი ისიც არის, რომ თვალი ახალგაზრდების პროგრესსა და გამოცდილი მოთამაშეების დაბერებასაც ვადევნო. მატჩების შედეგები არასოდეს იტყუება. თუ ვინმე მოედანზე ყოფნის ღირსი არაა, ეს მაშინვე ჩანს. თუ მოთამაშის ასაკი კრიტიკულს უახლოვდება, ეს თვალში მაშინვე გხვდება. ცხადია, ძნელია ფეხბურთელებთან განშორება, რადგან დროთა განმავლობაში ჩვენ ძალიან ახლო ურთიერთობა გვიყალიბდება. თითოეულმა ჩემმა შეგირდმა განვლილ წლებში ძალიან ბევრი რამ მომცა. თუმცა, გარკვეულ მომენტში ვიწყებ კლუბის აკადემიაში ან სხვა გუნდებში პერსპექტიული ახალგაზრდების ძებნას, რომლებიც წასულებს სრულფასოვნად შეცვლიან ან უკეთესები იქნებიან. უკვე ორი წელია, პოლ სქოულზის მსგავს ფეხბურთელს ვეძებთ, მაგრამ ეს ჯერჯერობით შეუსრულებელი ამოცანაა.
- კარიერის დასრულების შემდეგ, “მანჩესტერ იუნაიტედში” მთავარი მწვრთნელის პოსტს ვის გადასცემდით?
- ამ კითხვას ხშირად მისვამენ. ბევრი იმ მწვრთნელთაგანი, ვინც წარსულში ამ თანამდებობაზე პრეტენზიას აცხადებდა, ფეხბურთში აღარ მუშაობს. ვიმედოვნებ, რომ ვიპოვნი ადამიანს, რომელსაც ამის პოტენციალი აქვს, მაგრამ ჯერჯერობით, ეს საკითხი ღიაა. ერთს ვიტყვი – უახლოეს ხანში პენსიაზე გასვლას არ ვაპირებ.
- ყველაზე მეტად რომელი იტალიელი ფეხბურთელი მოგწონთ? “მანჩესტერ იუნაიტედში” ვის მიიწვევდით?
- ერთხელ ჩეზარე მალდინის მივმართე წინადადებით პაოლოს თაობაზე, მაგრამ მან ისე შემომხედა, როგორც გიჟს და მივხვდი, რომ ეს უარს ნიშნავდა. გარდა ამისა, ძალიან კარგი დამოკიდებულება მქონდა ძოლას მიმართ, რომელსაც თამაშისას სახეზე მუდამ ღიმილი ჰქონდა და საერთოდ, ფეხბურთს სწორედ ეპყრობოდა.
- უკვე მრავალი წელია, გვერდით რაიან გიგზი გყავთ. რა არის ამის მიზეზი?
- იმიტომ, რომ წარმატებისა და დიდების მიუხედავად, რაიანი და სქოულზი უბრალო და თავმდაბალ ბიჭებად დარჩნენ.
- გსურთ, რომ ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე დიდი ბრიტანეთის ნაკრებთან ერთად გაიმარჯვოთ?
- ვფიქრობ, რომ ეს არარელურია და საერთოდ, დიდი ბრიტანეთის ნაკრების სათავეში ვერასოდეს მიხილავთ, ვინაიდან შოტლანდიელები ამას ეწინააღმდეგებიან. ჩემს სამუშაო ადგილზე ბედნიერი ვარ და როდესაც ოლიმპიადა დაიწყება, საკუთარ გუნდზე ე.ი. “მანჩესტერ იუნაიტედზე” ვიფიქრებ.
- რას ფიქრობთ ჟოზე მოურინიოს ქცევაზე სათადარიგოთა სკამზე?
- მის ამბიციაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, რადგან ახალგაზრდობაში თავადაც ასე ვიქცეოდი – მასსავით აქტიურად ვჟესტიკულირებდი, თამაშის მსვლელობისას მოედანზე შექმნილ სიტუაციაზე ემოციურად ვრეაგირებდი. მოურინიო ემოციური ხასიათით განსხვავდება სხვა მწვრთნელებისგან, რომლებიც უბრალოდ სხედან და რაღაცას ინიშნავენ. ჟოზესავით მეც შემიძლია დავიმახსოვრო ის, რაც მჭირდება. როდესაც დავინახე, “პორტუში” მუშაობისას როგორ დარბოდა მოურინიო “ოლდ ტრაფორდზე” აქეთ-იქით, საკუთარ თავს ვკითხე – ნუთუ, მეც ასეთი ვიყავი? გულშემატკივრებს ემოციები მოსწონთ, რადგან ისინი ხვდებიან, რას გრძნობ.
- “მანჩესტერ იუნაიტედიდან” წასვლა გიფიქრიათ? სხვა კლუბების წარმომადგენლებს თქვენთვის სამუშაო შეუთავაზებიათ? თუ მათ იცოდნენ, რომ ამის გაკეთებას აზრი არ ჰქონდა?
- აღსანიშნავია, რომ საკმაოდ ბევრი შეთავაზება მქონდა, მაგრამ არანაირი პირობით არ წავიდოდი. რაც მჭიდება, ყველაფერი მანჩესტერში მაქვს, სადაც ყოველი ახალი დღე ახალ გამოწვევას ბადებს.
- გუნდს ყველანაირი სპორტული და ეკონომიკური წარმატების გარანტია მოუტანეთ. ფინანსური ფეარ პლეი ინგლისურ ფეხბურთში გუნდების ძალების გათანაბრებას ხელს შეუწყობს?
- დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს ოდესმე მოხდება. წესების ძალაში შესვლამდე უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ, რა შეზღუდვები ექნებათ კლუბებს. ახლა პროგნოზების გაკეთება მიჭირს.
- დამწყებ მწვრთნელს რას ურჩევდით?
- საქმე ის არის, რომ ყველაფერი, რაც ვარჯიშზე ხდება, თამაშის დროსაც უნდა გამეორდეს. საფუძვლები, რომლებიც ვარჯიშის დროს იყრება, და კულტურა, რომელიც მოთამაშეებს გადაეცემათ, მატჩების დროს უნდა აისახოს. თუ ვარჯიშები არაპროდუქტიულია და პროფესიონალიზმის დაბალი დონე შესამჩნევია, ეს ყველაფერი მატჩების დროს გამოჩნდება. ახალგაზრდა მწვრთნელმა საფუძველი მთელი კვირის განმავლობაში ვარჯიშზე უნდა ჩაყაროს, მოთამაშეებს მაღალი მოთხოვნები წაუყენოს და თამასა დაბლა არასოდეს დაწიოს.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა