“მანჩესტერ იუნაიტედის” 70 წლის შოტლანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა პრემიერლიგის დასრულების შემდეგ ინტერვიუ მისცა საკლუბო ტელევიზია MUTV-ს და სეზონის შეჯამებასთან ერთად, სამომავლო გეგმებზეც მოკლედ ისაუბრა.
- “მანჩესტერ იუნაიტედისთვის” პრემიერლიგაში მეორე ადგილის დაკავება წარუმატებელ შედეგად ითვლება. ყოველ შემთხვევაში, ამგვარი განწყობა კლუბის გულშემატკივრებს აქვთ. თავად რა შეფასებას მისცემდით სეზონს?
- გასულ სეზონში ჩემმა ბიჭებმა შესაძლებლობების მაქსიმუმი გაიღეს და აჩვენეს. ამას გულწრფელად ვამბობ. პრემიერლიგის ბოლო ტურის მეორე დღეს Racing Post (ეს გაზეთი საცხენოსნო რბოლებს აშუქებს) წავიკითხე და იქაც კი ფეხბურთზე ეწერა. საერთოდ, სხვა გამოცემებს არ ვეცნობი და არ მესიამოვნა, ეს გაზეთი “იუნაიტედზე” რომ წერდა. ჟურნალისტის მტკიცებით, ჩვენ 8 ახალი ფეხბურთელი გვჭირდება! არ მესმის, საიდან მოიტანეს ეს რიცხვი. ჯერ ერთი, სად ვიპოვი ამ რაოდენობის თავისუფალ მაღალი კლასის მოთამაშეს და თუ საქმე ყიდვაზე მიდგა, საიდან ამხელა თანხა! გუნდში საკმარისზე მეტად გვყავს ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომელთა პროგრესი სახეზეა. მათ ტონისა და მაგალითის მიმცემი ვეტერანებიც ჰყავთ პოლ სქოულზის, რაიან გიგზის, რიო ფერდინანდის სახით. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, კლუბში თანამოაზრეები ვართ შეკრებილები. სამედიცინო პერსონალი და სამეცნიერო ნაწილის თანამშრომლები თავიანთ საქმეს ბრწყინვალედ უძღვებიან. ხანდახან ისინი ისეთ ამბებში მათვიცნობიერებენ, რომელთა შესახებაც არაფერი მსმენოდა. მათთან საუბრისას ხანდახან დინოზავრის შთაბეჭდილებას ვტოვებ. შესაძლოა, ასეც იყოს, მაგრამ გამარჯვებული დინოზავრი ვარ.
- თქვენი სიტყვებიდან გამომდინარე, “მანჩესტერ იუნაიტედი” სატრანსფერო პოლიტიკას არ შეცლის...
- უკვე მრავალი წელია ჩვენი კლუბი ინვესტირებას ახალგაზრდა მოთამაშეების შეძენაზე ახორციელებს და სამომავლოდაც ასე იქნება. როცა პრემიერლიგის სხვა კლუბები ათეულობით გირვანქას ხარჯავენ “მზა პროდუქტის” შესაძენად, “იუნაიტედი” ნიჭიერი თინეიჯერების აღმოჩენითაა დაკავებული, რასაც წლების განმავლობაში წარმატებით ვახორციელებთ. დარწმუნებული ვარ, “სიტი” კვლავაც გააგრძელებს ფულის სულელურად ყრას და ფეხბურთელებისთვის გაუმართლებლად მაღალი ხელფასის დანიშვნას. ეს “მანჩესტერ იუნაიტედის” გზა არაა. ჩვენ ისეთ ფეხბურთელებზე ვაკეთებთ აქცენტს, რომლებიც “ოლდ ტრაფორდზე” დიდი ხნის განმავლობაში იასპარეზებენ, გუნდის საფეხბურთო ფილოსოფიას გაიზიარებენ და გულშემატკივრებსაც თავს შეაყვარებენ. “მანჩესტერ იუნაიტედი” ამაყობს თავისი მიღწევებით და შემდგომი განვითარების გენერალური გეგმიდან გადახვევის აუცილებლობას სულაც ვერ ვხედავ.
- “იუნაიტედის” მრავალრიცხოვან ქომაგებს აღელვებთ პოლ სქოულზის საკითხი. “ჟღალთმიანი ძრავა” გუნდში რჩება?
- პოლს უკვე ვესაუბრე და იგი მომავალ სეზონშიც იასპარეზებს. მან მითხრა, რომ შეცდომა დაუშვა, როდესაც საფეხბურთო კარიერის შეწყვეტის თაობაზე ამცნო საფეხბურთო საზოგადოებას. სქოულზს თავისუფლად შეუძლია 25-30 მატჩის სრული დატვირთვით ჩატარება, ოსტატობა კი არასდროს აკლდა. სქოულზი საბავშვო ასაკში მოვიდა ჩვენთან და მას შემდეგ მოყოლებული, “მანჩესტერ იუნაიტედის” ერთგულია. მას კლუბის ხელმძღვანელები და მრავალრიცხოვანი ქომაგები სათანადოდ აფასებენ. პოლი ამას გრძნობს და გულშემატკივართა სიყვარულს თავდადებული თამაშით პასუხობს.
გოჩა კაჭარავა