ინტერვიუები

14:06 | 28.05.2011 | ნანახია [] - ჯერ

ალექს ფერგიუსონი: “ბარსელონა” ფენომენალური თვისებების გუნდია”

ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელ ალექს ფერგიუსონს, კატალონიელთა თავკაცის ხოსეპ გვარდიოლას მისამართით საქებარი სიტყვები არ დაუშურებია. შოტლანდიელმა აღნიშნა, რომ მის ფეხბურთელებს დამატებითი მოტივაცია არ სჭირდება.
- თქვენი აზრით, რა შემატა გვარდიოლამ “ბარსელონას”?
- პირველყოვლისა, მსურს ჩემი პატივისცემა გამოვხატო გვარდიოლას მიმართ, რადგან ახალგაზრდა მწვრთნელისთვის ასეთი დონის და მსგავსი მოთხოვნების კლუბში მუშაობა ადვილი არ არის. თუმცა, ის მივიდა “ბარსელონაში” და გუნდის სათამაშო მანერა შეიცვალა. სპეციალისტებისთვის ეს ნათელია. ყველამ იცის, თუ როგორი გავლენა მოახდინეს ამ გუნდის თამაშზე ჰოლანდიელმა მწვრთნელებმა, მაგრამ ჩემი აზრით, მათთან შედარებითაც კი, გვარდიოლამ წინ დიდი ნაბიჯი გადადგა. ძალიან ახალგაზრდამ, მან ფანტასტიკური სამუშაო გასწია და ახლაც ასე აგრძელებს.
- ჩემპიონთა ლიგა პირველად 1999 წელს მოიგეთ. მაშინდელ “მანჩესტერ იუნაიტედსა” და ამჟამინდელს შორის რა განსხვავებაა?
- სხვაობა ის არის, რომ მას შემდეგ, გაცილებით დიდი საერთაშორისო გამოცდილება მივიღეთ. ევროპაში თამაშს შევეჩვიეთ და ჩემპიონთა ლიგაში სტაბილურ შედეგებს ვაღწევთ. ზოგჯერ უკეთესად გამოგვდის, ზოგჯერ უარესად, მაგრამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში “ჩავარდნა” არ გვქონია. ეს სტაბილურობა და ასეთ დონეზე წარმატების მისაღწევად თამაში ძალიან კარგია.
- 2011 წლის ფინალში, “მანჩესტერ იუნაიტედის” გამარჯვების გასაღები რა იქნება?
- ტაქტიკურ დეტალებს არ ჩავწვდები, მაგრამ ვიტყვი, რომ მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ. დარწმუნებული ვარ, უკეთ, ვიდრე ორი წლის წინ. საკუთარ თავში დარწმუნებულნი ვართ. მომავალი თამაში ორივე გუნდისთვის რთული იქნება. “ბარსელონა” ფენომენალური თვისებების გუნდია. თუმცა, არც ჩვენ ვართ ნაკლები. ბუკმეიკერული კოეფიციენტებით თუ შევაფასებთ, ფავორიტი ჩვენი მეტოქეა. ამას ყურადღებას არ ვაქცევთ, ისევე, როგორც ექსპერტების კომენტარებს. ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი არა ამ კომენტარებში, არამედ “უემბლიზე” გადაწყდება. სათანადო მოსამზადებელი სამუშაოები უნდა ჩავატაროთ, რათა გუნდი თამაშს ოპტიმალურ მდგომარეობაში შეხვდეს.
- ცოტა ხნის წინ განაცხადეთ, რომ თქვენს მეგობარ ჟოზე მოურინიუს გაესაუბრებოდით იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეთ “ბარსელონას”. ესაუბრეთ?
- დიახ. თუმცა, ეს ხანმოკლე საუბარი იყო, რომლის დროსაც მან მომავალ თამაშში წარმატება მისურვა. რაღაც საგანგებო თემები არ წამოგვიწევია.
- სტანდარტულ სიტუაციებზე აქცენტს თუ გააკეთებთ, რათა მეტოქესთან შედარებით, სიმაღლეში “მანჩესტერ იუნაიტედის” უპირატესობა გამოიყენოთ?
- არ ვთვლი, რომ ეს უპირატესობა საგრძნობია. ბუსკეტსი, პიკე, აბიდალი და პუიოლი საკმაოდ ტანმაღალი ფეხბურთელები არიან, რომლებიც მეორე სართულზე საუცხოოდ თამაშობენ. მომავალ ფინალში ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს.
- ორი ახალგზრდა ფეხბურთელი, ვალენსია და ჩიჩარიტო მოედანზე გასასვლელად მზად არიან?
- ვალენსიამ ზურგის ტრავმა საოცრად მოკლე ხანში მოირჩინა. ეს ფეხბურთელი ჩვენი გუნდის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. რაც შეეხება ჩიჩარიტოს, ასეთი პატარა ბიჭისთვის, მართლაც ფანტასტიკურ სეზონს ატარებს. სიმართლე გითხრათ, თავად არ ველოდი, რომ ინგლისში ჩატარებულ პირველ სეზონში ჩიჩარიტო ასეთ დონეზე ითამაშებდა. ტემპერამენტი, სისწრაფე, მოძრაობა – ჩიჩარიტოს ყველა თვისება აქვს, რათა მოედანზე დიდი როლი ითამაშოს.
- მატჩამდე თქვენს ფეხბურთელებს რას ეტყვით?
- მსგავს შემთხვევებში ფეხბურთელების მოტივირება ძალიან ადვილია. განსაკუთრებული სიტყვების მოძებნა საჭირო არ არის, რადგან მოთამაშეებს სისხლი ისედაც უდუღთ. მათ ჩემი თქმის გარეშეც კარგად იციან, ფსონად რა დევს.

 

მოამზადა ლაშა თაბაგარმა
 

0.124144