ინტერვიუები

10:49 | 19.10.2010 | ნანახია [] - ჯერ

ალეკო ამისულაშვილი: “არ მეგონა, ნაკრებში საქმე უკეთესობისკენ თუ შეიცვლებოდა და მოქალაქეობაც იმიტომ შევიცვალე”

ალეკო ამისულაშვილის სანაკრებო დებიუტი 2002 წლის მარტში, 19 წლის ასაკში შედგა. “ჯვაროსანთა” ბოლო ხუთწლეულის მწვრთნელთაგან, მას ჩივაძის შემდეგ, რეგულარულად აღარავინ ენდობოდა და როგორც სულ ახლო წარსულმა აჩვენა, ყველანი ცდებოდნენ - ამისულაშვილს რუსეთის პრემიერლიგაში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა, მაგრამ უცხოელ მწვრთნელთაგან უყურადღებობის გამო, იძულებული გახდა იმ ქვეყნის მოქალაქეობა მიეღო, სადაც თამაში უწევდა.
ნაკრებში თემურ ქეცბაიას მოსვლის შემდეგ, ნალჩიკის “სპარტაკის” ცენტრალურ მცველს მორიგი შანსი მიეცა და მანაც იმედები გაამართლა. ამისულაშვილმა, თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ, ნაკრების ღირსება პირველად წლეულს მაისში, კამერუნთან დაიცვა. მას შემდეგ, იგი სულ ძირითადში ხვდება.
ასევე სულ პირველ 11 კაცში თამაში უწევს ამისულაშვილს თურქულ   “კაისერისპორში”, სადაც შოთა არველაძის მიწვევით, მიმდინარე წლის აგვისტოდან მოხვდა. თურქეთის სუპერლიგაში, კაისერელებმა გასულ კვირას “სივასსპორს” უმასპინძლეს და 4:1-ზე მოგების შემდეგ, ცხრილის მე-3 საფეხურზე დამკვიდრდნენ. ერთი გოლი ქართველი მცველის ანგარიშზეა, თუმცა სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებები, არველაძის შეგირდთა მიერ გატანილ მეორე გოლს პარაგვაელ შუახაზელ ჯონათან სანტანას უთვლის.
“მსოფლიო სპორტის” ალეკო ამისულაშვილთან სატელეფონო საუბარიც, სწორედ ამ არცთუ უმნიშვნელო საკითხის გარკვევით დაიწყო.
- ალეკო, თქვენ ჩაგითვალეს ის გოლი, თუ თანაგუნდელს?
- თავიდან არასწორად დაიწერა, რომ საგოლე პასი გავაკეთე. მოგვიანებით, ყველაფერი გასწორდა და მე ჩამითვალეს. ბურთი სტანდარტული სიტუაციიდან ჩააწოდა თანაგუნდელმა, მცველებს დავასწარი მაღალ ბურთზე ბრძოლაში და გოლი თავით გავიტანე.
- დაახლოებით ისეთ სტილში, როგორც ნაკრების ბოლოდროინდელ შეხვედრებში ხშირად ერთვებით სტანდარტული სიტუაციების გათამაშებისას.   
- დიახ, მაგრამ სამწუხაროდ, იქ თავი დაბრუნების შემდეგ ჯერ ვერ გამოვიჩინე.
- “კაისერისპორის” დებიუტანტი მთავარი მწვრთნელის პირობაზე, ურიგო დასაწყისი არ უნდა იყოს. 8 ტურის შემდეგ 17 ქულით, მეორე-მესამე ადგილებს იყოფთ.
- მართლაც კარგი სტარტი გვაქვს. ამას ხელი ახალმა მწვრთნელმა და ახალმა ფეხბურთელებმაც შეუწყო. წინა სეზონთან შედარებით, ძირითად შემადგენლობაში 8 ახალი ფეხბურთელი ვთამაშობთ. ის სამიც, რომლებიც “ძველები” არიან, შარშან ხან თამაშობდა, ხან არა.
- ჩემპიონატის დასაწყისში რა მიზანი დაისახა გუნდმა - საშუალო თურქული დონის გუნდს, თავიდანვე საჩემპიონო ამბიციები ჰქონდა?
- გუნდის მიზანი ზედა ექვსეულში გასვლაა – ანუ, ევროტურნირებზე მოხვედრა. ამ ექვსეულში მთლად მაღალ ადგილს თუ დავიკავებთ, ბუნებრივია, უარს არავინ იტყვის, მთავარია, ბოლომდე შევინარჩუნოთ ის თავდაჯერება, რაც ზედიზედ 8 ტური ჩვენი გუნდის თამაშს მიჰყვება.
- ფაქტია, რუსეთში სრულიად განსხვავებულ (თუნდაც კლიმატური პირობები ვთქვათ) გარემოში თამაში გიწევდათ. ალბათ, ადაპტირებისას გარკვეული პრობლემები გექნებოდათ. როგორ ფიქრობთ, ბოლომდე შეძელით აკლიმატიზაცია თურქეთში, თუ კიდევ არის გარკვეული პრობლემები.
- როცა მოვდიოდი, ვიცოდი, რომ გამიჭირდებოდა - აუცილებლად იქნებოდა ადაპტაციის პრობლემა. ჩემს აქ ყოფნას ახლაც აქვს გარკვეული სირთულეები – იგივე, ენის ბარიერი, მაგრამ შოთა არველაძე ყველანაირად გვერდში მიდგას და შეგუებაც იმიტომ გამიადვილდა. აქ რომ სხვა მწვრთნელი ყოფილიყო, ალბათ, ძალიან გამიჭირდებოდა.
- არველაძის ფაქტორი რომ არ ყოფილიყო, ალბათ, თურქეთში კარიერას არც გააგრძელებდით.
- რა თქმა უნდა. დანამდვილებით შემიძლია ამის თქმა - შოთა რომ “კაისერისპორში” არ ყოფილიყო, ჩემი აქ წამოსვლა გამორიცხული იყო. 20 წლის ბიჭი აღარ ვარ, რომ ისეთი გარემო მიმეტოვებინა, სადაც თავს ყველანაირად კარგად ვგრძნობდი. 4 წელი, პრაქტიკულად შეუცვლელად ვთამაშობდი და შემადგენლობაში მოხვედრის პრობლემა არ მქონია. სხვა გუნდში თუ ვერ მოვნახავდი შესაფერის პირობებს, ისევ ნალჩიკში დავრჩებოდი, სადაც ჩემი სჯეროდათ და მაფასებდნენ.
- “კაისერისპორში” გადმოსვლა, სხვა რუსულ ვარიანტებთან შედარებით, რომლებიც გასული ზაფხულის თვეებში სახელდებოდა (“ლოკომოტივი”, “კრილია სოვეტოვი”), ალბათ, წინ გადადგმულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს.
- ერთის თქმა შემიძლია, ნალჩიკში დარჩენა - უეჭველი უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. მართლაც დრო იყო, გუნდიც შემეცვალა და ატმოსფეროც. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი კაისერში ჩამოსვლა, კარიერაში წინ გადადგმული ნაბიჯი გამოდგება - ამას, იმედი მაქვს, ამ სეზონის დასრულების შემდეგ, ყველა ნახავს.
- ალეკო, 28 წლის ფეხბურთელისთვის, ნაკრებში ჩატარებული 16 მატჩი - დიდი მაჩვენებელი არაა. შეგიძლია, გაიხსენო, მაინც რა ხდებოდა შენს თავს?
- სიმართლე გითხრათ, რამე სასიკეთოდ თუ შეიცვლებოდა ნაკრებში, ამის იმედი არც მქონდა. იმიტომაც მივიღე რუსეთის მოქალაქეობა, რომ თუ ნაკრებს არაფერში გამოვადგები, ჩემს კარიერას მაინც მივხედავ-მეთქი. საბედნიეროდ, ქართული ფეხბურთის სასიკეთოდ შეიცვალა სიტუაციები - ისეთი ხელმძღვანელობა მოვიდა ამ ფედერაციაში და ისეთი კაცი მოიყვანა ნაკრების მწვრთნელად, რომელიც იმ ფეხბურთელებს ეძახის, ვინც ამას იმსახურებს. შედეგი სახეზეა და ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ შევძლებთ აღებული ტემპის შენარჩუნებას.
- საქართველოში სტადიონზე მაყურებლის დაბრუნება, იოლი საქმე არ უნდა იყოს.
- მიმაჩნია, რომ ქართველი გულშემატკივარი, მთელს მსოფლიოში თუ არა, ევროპაში მაინც, ყველაზე მომთხოვნია. რადგან მათ ისევ დაიწყეს ნაკრების თამაშებზე სიარული, ე.ი. უკეთესობა დაგვეტყო. ვფიქრობ,  კიდევ უნდა მოვუმატოთ, თუ გვინდა მათი ნდობა ბოლომდე გაგვყვეს.
- იყო დრო, ლატვიასთან სტუმრად ფრე კარგ შედეგად აღიქმებოდა. ახლა კი, ყველას ისე დაგვწყვიტა გული, დიდ ხანს არ დაგვავიწყდება.
- თამაშიდან გამომდინარე, რიგაში ქულების დაკარგვა ძალიან დასანანი იყო. მთელი გუნდის მიერ დაშვებულმა უაზრო შეცდომებმა, რაც ძირითადად კონცენტრაციის დაკარგვაში გამოიხატა, დაგვსაჯა. აღარ ვართ ბავშვები და ასეთი შეცდომების დაშვება არ გვეპატიება. თამაშის მერე გასახდელში შესულებს, ყველას ისეთი შეგრძნება გვქონდა, რომ თითქოს, დიდი ანგარიშით წაგვეგოს.
- ალეკო, მთლიანად ნაკრების წლევანდელ გამოსვლას როგორ შეფასებას გაუკეთებდით?
- ასე ვიტყოდი – მთლიანობაში, გუნდი ისე თამაშობს, როგორც ფეხბურთელები თამაშობენ და პირიქით. ნაკრებს შესარჩევ ციკლში არ წაუგია და 2 გოლი გვაქვს გაშვებული. ეს, იმასთან შედარებით, რა ხდებოდა შარშან და იმის წინ, ცუდი შედეგი არაა. ძნელია, ერთდროულად შედეგიც გქონდეს და ლამაზი თამაშიც აჩვენო. კარგი ისაა, რომ წაგებას გადავეჩვიეთ და დიდი იმედი მაქვს, სანახაობრიობაც ასეთ დამაჯერებლობასთან ერთად მოვა.

ფრიდონ კერვალიშვილი
    
 
 

0.123225