ინტერვიუები

10:00 | 20.10.2010 | ნანახია [] - ჯერ

ალბერტო ძაკერონი: “მილანის” მწვრთნელი რომ ვყოფილიყავი, 1-7-3 სქემით ვითამაშებდი

საკლუბო დონეზე 17-წლიანი მუშაობის შემდეგ, ალბერტო ძაკერონიმ გასულ ზაფხულს იაპონიის ეროვნული ნაკრები ჩაიბარა. 57 წლის იტალიელმა სპეციალისტმა, ახალ თანამდებობაზე პირველ წარმატებას უკვე მიაღწია – ამხანაგურ შეხვედრაში, მისმა შეგირდებამ არგენტინა დაამარცხეს (1:0). მართალია, ამჟამად ძაკერონი აზიაში მოღვაწეობს, მაგრამ იტალიურ ფეხბურთში მიმდინარე პროცესებს თვალს ყურადღებით ადევნებს. ეს გასაკვირი არაა, ვინაიან მას, კარიერის მანძილზე იტალიური გრანდები  -“მილანი”, “ინტერი”, “იუვენტუსი” და “ლაციო” გაუწვრთნია. La Gazzetta Dello sport-ის კორესპონდენტი, ძაკერონის სწორედ სერია A-ში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა.
 - მიმდინარე სეზონში, თქვენი ყოფილი გუნდის, ტურინის “იუვენტუსის” გამოსვლის თაობაზე რა აზრის ხართ?
- ამჟამინდელი “იუვენტუსი” 1999 წლის “მილანს” მაგონებს. თავის პროგნოზებში სერიოზულად არავინ აღგვიქვამდა. საბოლოო ჯამში კი, “სკუდეტო” მოვიპოვეთ. დელ ნერის ფორმაციის “იუვენტუსი” მომწონს. გუნდს მშვიდი ზაფხული ჰქონდა, რაიმე ეგზოტიკური ამხანაგური მატჩების გარეშე, რომლის გამო, ისინი კვირაობით თვითმფრინავში “ცხოვრობენ”. სატრანსფერო ბაზარზეც, კლუბის ხელმძრვანელობამ კარგად იმუშავა. შესაძლოა, “იუვე” “ფერარი” არაა, მაგრამ ძალიან კარგი გუნდია. მას რაღაც განსაკუთრებული აქვს.
- მაინც რა?
- სერია A- ში, ერთბაშად ისეთი სამი ძლიერი ნახევარმცველი, როგორიც აკვილანი, მარკიზიო და მელო არიან, არავის ჰყავს. გარდა ამისა, გუნდშია სისოკო, რომელთან მუშაობაც, ნებისმიერი მწვრთნელისთვის სასიამოვნოა. ასეთი “ძრავით”, “ბიანკონერის” მიზნამდე მიღწევა თავისუფლად შეუძლია.  
- კრასიჩი, როგორც გუნდის უძვირფასესი შენაძენი წარმოჩინდა...
- დელ ნერის სათამაშო სქემაში ის ძალიან კარგად ჩაეწერა. კრასიჩი საუცხოოდ მოძრაობს, ფიზიკურად ძლიერია და გოლები გააქვს. ზუსტად ვიცი, რომ იგი ბეპე მაროტას უპირველესი სატრანსფერო მიზანი იყო. ამ შემთხვევაში, ფული ჭკვიანურადაა დახარჯული. არ დაგავიწყდეთ, რომ “იუვენტუსს”, მსოფლიოს საუკეთესო მეკარე ბუფონიც დაუბრუნდება. უბრალოდ, გუნდს ამაურის გოლებიც სჭირდება, რაც ტურინელებისთვის დამატებითი იმპულსი იქნება.
- რას გულისხმობთ?
- წავიკითხე, რომ ანდრეა ანიელი კლუბის საქმეებით საფუძვლიანადაა დაინტერესებული. “იუვე” კვლავ ანიელების ოჯახის გულშია და ამის ცოდნა მნიშვნელოვანია. “ბიანკონერიში” კარგად იციან მილანური გუნდების წნეხს როგორ გაუძლონ და მათ “გაჭყლეტვის” საშუალება არ მისცენ.
- ამ სეზონში, დელ პიეროს, გუნდის წარმატებაში რა როლის თამაში შეუძლია?
- შეიძლება უფრო შორიდან დავიწყო... ხედავთ, რა ხდება “რომაში” რანიერისა და ტოტის შორის? მუდმივად დაძაბული ვითარებაა. რანიერი იმას აკეთებს, რაც თავში მოუვა და ამის სრული უფლება აქვს. თუმცა, ორი ასეთი ძლიერი პიროვნების დაპირისპირებას, გუნდისთვის კარგი არ მოაქვს. ამ შემთხვევაში “ფრეც” შეუძლებელია. ან სათამაშო ტყდება, ან კიდევ დუელიანტები უნდა შერიგდნენ და “რომა” უძლიერესი გუნდი გახდება.
- დავუბრუნდეთ დელ პიეროს...
- დელ პიერო და ტოტი ერთმანეთისგან სრულებით განსხვავდებიან. მე ვიცი რასაც ვამბობ. დელ პიერო ყველაფერს გააკეთებს, რომ “იუვენტუსმა” გაიმარჯვოს. “ყველაფერში” ვგულისხმობ სათადარიგოთა სკამზე დაჯდომას ყოველგვარი პრეტენზიების გარეშე, მერე ბოლო წუთებზე გამოსვლასა და გოლის გატანას. ალექსი ხიფათი კი არა, დამატებითი იარაღია.
- გადავიდეთ “ინტერზე”...
- ის უკვე აღარაა “მარსიანელების” გუნდი, თუმცა ქაღალდზე “ინტერი” სხვებს რაღაცით სჯობს. თუმცა..
- თუმცა?
- მოურინიო და ბენიტესი უდიდესი მწვრთნელები არიან, მაგრამ ფეხბურთზე მათ დიამეტრალურად განსხვავებული შეხედულება აქვთ. შეძლებს “ინტერი” უკან არ მოიხედოს? მიიღებენ მოთამაშეები ამდენი გამარჯვებების შემდეგ ახალ სამუშაო მეთოდებს? შეძლებს მორატი ბენიტესს მხარი დაუჭიროს და სიტყვებით მაინც გაფანტოს მითი მოურინიოზე? უამრავი კითხვაა.  
- და უამრავი გადაღლილი ფეხბურთელი...
- უფრო ფსიქოლოგიურად, ვიდრე ფიზიკურად. იაპონიისა და არგენტინის მატჩის დროს ვნახე როგორ “იძირება” მილიტო. ის უკვე აღარაა ფეხბურთელი, რომელიც ნებისმიერ მიღებულ ბურთს გოლად აქცევდა. კამბიასომაც ტრავმა მიიღო, ხომ? მათ ბრაზილიელებსაც თუ დავუმატებთ, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე იმედგაცრუების შემდეგ, მდგომარეობიდან ჯერ კიდევ არ გამოსულან – სწორედ ესაა სარისკო სცენარი.    
- ვის შეუძლია “ინტერს” ახალი სიმაღლეები დააპყრობინოს?
- ბენიტესს ეტოოს გოლები, ტიაგო მოტას ტაქტიკური სიბრძნე და საუკეთესო სათამაშო ფორმაში მყოფი სტანკოვიჩი სჭირდება. გარდა ამისა, იანვარშიც გარკვეული შენაძენები უნდა გააკეთოს. საჭიროა, არა მხოლოდ შემადგენლობის გამდიდრება, არამედ ახალი სახეები, რაც დანარჩენებს დამატებით სტიმულს მისცემს და აიძულებს წინ გაიხედონ.
- ჩემპიონობის კიდევ ერთი კანდიდატი “მილანია”...
- არავის აქვს მსოფლიოში ისეთი ძლიერი შემტევი “სამკაპი”, როგორიც “მილანს” - “ბარსელონასაც” კი. “მილანის” მწვრთნელი რომ ვყოფილიყავი, 1-7-3 სქემით ვითამაშებდი. უბრალოდ, “მილანს” სჭირდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიუტანოს ბურთი “იმ სამს”. გაცნობიერებული გაქვთ ვისზე ვსაუბრობთ? სამ “მონსტრზე” და მათ ურთიერთქმედებაზე. აბა, სცადეთ “დინიოს” ბურთი აართვათ, ან დასწრებაზე იბრას წინააღმდეგ ითამაშოთ, ან კიდევ პატოს გაასწროთ. ეს “საშინელი” შეტევის ხაზია. ვიმეორებ – სამნი წინ, რობინიოსთან ერთად ალტერნატივის სახით და რვა კაცით თავდაცვა. “მილანის” საკვანძო ფეხბურთელი პირლოა.
- რატომ?
- “მილანმა” საკუთარი თამაში უნდა შეცვალოს. ბურთის გორებას უნდა შეეშვას და “იმ სამის” მიმართულებით გრძელი პასები აკეთოს. პირლოს კი, მდიდარ რეპერტუარში გრძელი პასი აქვს.   
- ქაღალდზე “მილანი”, შესაძლოა, “ფერარიდ” იქცეს?
- რა თქმა უნდა. ამის კიდევ ერთი მიზეზი ისაა, რომ ცენტრალური მცველების წყვილი,  ტიაგო სილვა – ნესტა, ჩემპიონატში საუკეთესოა. “მილანის” პრობლემა ისაა, რომ “სკუდეტო” ათი თვის განმავლობაში და წვალებით მოიპოვება. მზად არიან “როსონერის” ვარსკვლავები მსხვერპლშეწირვისთვის? ეჭვგარეშეა, რომ “მილანს” ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ყველაფერი აქვს. პატოს, “იბრასა” და “დინიოს”, დაპირისპირება ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლიათ. თუმცა, ჩემპიონატში ყველაფერი სხვაგვარდაა. “იუვეს” ნაკლები სათამაშო ხარისხი აქვს, მაგრამ მიზნამდე მიღწევისას უკეთეს დროს აჩვენებს. “მილანს” და “ინტერს” სწრაფი სტარტის აღება შეუძლიათ, თუმცა მათი ძრავები გაძლებს?   
- სატურნირო ცხრილს კი, სათავეში თქვენი კიდევ ერთი ყოფილი გუნდი, “ლაციო” უდგას...
- ვულოცავ რეიას და აპლოდისმენტებს ვუძღვნი ლოტიტოს ერნანდესის შეძენისთვის. მას შეუძლია ახალი კაკა გახდეს. “ლაციოს” წინა ხაზში როკი, სარატე და ფლოკარი თამაშობენ, რომელთა საშუალებით, ჩემპიონთა ლიგაში ადგილის მოსაპოვებლად ბრძოლა შეიძლება. დაცვასა და ნახევარდაცვას შორის საჭირო ბალანსი კი, კიდევ მოსაძებნი აქვთ. თუმცა, ჩემპიონთა ლიგაში მოსახვედრად, ორიოდე გრანდის “დანგრევაა” საჭირო.
- “რომა”?
- ილუზია მქონდა, რომ ადრიანო კვლავ “იმპერატორი” გახდებოდა.
- სეზონის სტარტზე, მთავარი, დაბალანსებაა?
- ნება მომეცით, საკუთარი მოსაზრება მიხაილოვიჩის “ფიორენტინაზე” გამოვთქვა. სინიშა საუცხოო მწვრთნელია, მაგრამ ფეხბურთელივით მსჯელობს. ჯერ კიდევ “ბოლონიაში”, მან გასახდელში მოთამაშეებთან სათანადო ურთიერთობა ვერ დაამყარა ხმამაღალი გამონათქვამების გამო. ახლა კი, “საჯდომში მუჯლუგუნების” ამორტყმა დაიწყო. ის მართალი არაა, მაგრამ დელა ვალე თავის მწვრთნელს იცავს. სინიშა “იებთან” ერთად ბევრს მიაღწევს.

 

მოამზადა ლაშა თაბაგარმა
 

0.117089