“რომას” აღზრდილმა ალბერტო აკვილანიმ, “ჯალოროსის” გარდა “ლივერპულის”, “იუვენტუსის”და “მილანის” მაისურიც მოიზომა, 2012 წლის 3 აგვისტოდან კი 28 წლის ნახევარმცველი ფლორენციის “ფიორენტინაში” ჩაირიცხა. “სკუადრა ვიოლას” შუახაზელს ინტერვიუ Corriere dello sport-მა ჩამოართვა და ალბერტო ახალ გუნდში მოხვედრით კმაყოფილებას გამოთქვამს.
- ალბერტო, შარშან ზაფზულში რატომ დათანხმდით “ფიორენტინაში” გადასვლას?
- რადგანაც ფლორენციაში ყველას სჯერა ოცნების ასრულების.
- ამ ოცნებას ჩემპიონთა ლიგა ჰქვია. გჯერათ, რომ “ფიორე” ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირის საგზურს მოიპოვებს?
- მთავარია, მეორე წრეც ისევე კარგად ჩავატაროთ, როგორც პირველი. თუკი მეორე ნახევარშიც 35 ქულის მოგროვება შევძელით, ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლის რეალური შესაძლებლობა გაგვიჩნდება. საამისო რესურსი გუნდს ნამდვილად გააჩნია. რაც მთავარია, თამაშის პროცესი გვახარებს და გულშემატკივარსაც კმაყოფილს ვტოვებთ. მთავარი კი შეთამაშების პროცესის დასრულებაა. წინასასეზონოდ “ფიორენტინამ” მთლიანობაში 19 მოთამაშე აიყვანა. შესაძლოა, გუნდში ახალი ფეხბურთელები კიდევ ვიხილოთ.
- ახალი პარტნიორებიდან ყველაზე მეტად რომელმა დატოვა თქვენზე კარგი შთაბეჭდილება?
- თავდაპირველად ყველას არგენტინელ ფაკუნდო რონკალიას ვუსახელებდი. მას ადრე არ ვიცნობდი და მისმა რკინისებრმა ხასიათმა სახტად დამტოვა. თანდათან კი ბორხა ვალეროთი მოვიხიბლე. იგი ტიპური ესპანელი ფეხბურთელის თვისებებითაა დაჯილდოებული – ამ ნახევარმცველს ბუნებრივად შეუძლია ისეთი მოძრაობების შესრულება, რომელიც მეტოქეს რთულ მდგომარეობაში აგდებს.
- ლუკა ტონიზე რას გვეტყვით, ელოდით ამ ასაკში იგი ასეთი მოტივირებული რომ იქნებოდა?
- ლუკა ჯერ კიდევ მაშინ გავიცანი, როდესაც “იუვენტუსში” ვთამაშობდი. ტონის მაშინ რთული სეზონი ჰქონდა. წინა სეზონში ლუკას თამაში პრაქტიკულად არ უწევდა და შეიძლება ითქვას, რომ მან პატარა სასწაული მოახდინა.
- თქვენი კიდევ ერთი პარტნიორი ჯუზეპე როსია...
- ძალიან გამიხარდა, როდესაც “ფიორენტინამ” პეპიტოსთან კონტრაქტი გააფორმა. მას ახლა რთული პერიოდი უდგას. თუკი როსი ტრავმის შემდეგ სათანადო რეაბილიტაციას შეძლებს და ფორმაში შევა, “ფიორესთვის” იგი “საუკუნის შენაძენი” გახდება.
- სკუდეტოს ტურინის “იუვენტუსი” მოიპოვებს?
- ბოლო ტურმა მას სიტუაცია გაურთულა, მაგრამ ვფიქრობ, “იუვე” ჩემპიონობის უმტავრესი კანდიდატია.
- დღევანდელი “ბებერი ქალბატონის” სიმბოლოდ რომელ ფეხბურთელს თვლით?
- “იუვენტუსის” მამოძრავებელი ძალა ანდრეა პირლოა. იგი გუნდის თამაში განსაზღვრავს.
- შეგვიძლია “ლაციოს” სეზონის აღმოჩენა ვუწოდოთ?
- რომაელებს ძლიერი ხასიათის გუნდი ჰყავთ. მათი უდავო ლიდერი მირო კლოზეა. გერმანელს ერთ წამში შეუძლია მატჩის ბედის განსაზღვრა. ისე კი, ვერ ვიტყოდი, რომ “ლაციო” “ფიორენტინას” სჯობია.
- თქვენ მშობლიურ კლუბ “რომაზე” რას გვეტყოდით?
- პერსპექტივაში დედაქალაქელები გვჯობნიან, რადგანაც ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშეები ჰყავთ. ვფიქრობ, “ჯალოროსის” მაღალი პოტენციალი აქვს და კარგა ხნის განმავლობაში სტაბილურად იასპარეზებენ.
- თქვენი აზრით, “ინტერი” და “მილანი” კრიზისში არიან?
- ამგვარი შეფასების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. მილანის კლუბებს ისეთი ისტორია, ტრადიცია და სახელი აქვთ, მათგან ყოველთვის მაქსიმუმს უნდა ველოდეთ.
- ფრანჩესკო ტოტის ფეხბურთის სიმბოლოდ თვლით?
- ჩესკო გასაოცარი მოთამაშეა. დააკვირდით, იგი ნახევარმცველი არაა, თავდამსხმელია, მაგრამ გოლების გატანასთან ერთად, ასისტენტობასაც უწევს პარტნიორებს. სხვებთან შედარებით ფრანჩესკო წამის მეათედით ადრე ხედავს მინდორზე მოვლენათა განვითარების პერსპექტივას და სწორედ ესაა მისი უმთავრესი კოზირი. ფეხბურთის სიმბოლოს რაც შეეხება, ასეთ მოთამაშედ ზინედინ ზიდანს დავასახელებ.
- როდესაც ლივერპულიდან ფლორენციაში წამოხვედით, არ შეგახსენეს, ჩემპიონთა ლიგაში ენფილდელებმა “ფიორეს” 2:0 რომ მოუგეს?
- იმ მატჩის გახსენება არ მსურს, მითუმეტეს, ცუდად ვითამაშე.
გოჩა კაჭარავა