ქართველმა ფორვარდმა გიორგი ალავერდაშვილმა 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა რუმინული "გაზ მეთანთან", რომელიც მიმდინარე სეზონში 7 ტურის შემდეგ, ცხრილის შუაში, მე-10 ადგილზეა. ეს ერთადერთი კლუბია, რომელმაც ჩემპიონ "სტიაუას" ქულები დააკარგვინა – 2:2 ეთამაშა.
როგორც იცით, ალავერდაშვილზე ათიოდე დღის წინ ვწერდით, რომ რუმინულ "ვასლუიში" იყო გასინჯვაზე, თუმცა ისე მოხდა, რომ სხვა კლუბთან გააფორმა ხელშეკრულება. ამის შესახებ "მსოფლიო სპორტი" თავად ალავერდაშვილს დაუკავშირდა რუმინეთში:
"იყო "ვასლუისა" და "გაზ მეთანის" ვარიანტები. საბოლოოდ, "გაზ მეთანში" აღმოვჩნდი. აქ სულ ორჯერ ვივარჯიშე. სანამ ჩამოვიდოდი, მწვრთნელს ჩემი თამაშების დისკი ნანახი ჰქონდა და სტატისტიკაც იცოდა. უბრალოდ, ვარჯიშები მაინც დამჭირდა, მნახეს საქმეში და შეთანხმებასაც მივაღწიეთ" – გვითხრა ალავერდაშვილმა.
25 წლის ალავერდაშვილმა ლიტვაში ბოლო ერთ წელიწადში 30 მატჩში 23 გოლი შეაგდო. სხვათა შორის, გიორგი ზუსტად იმ გზით წავიდა, როგორც აკაკი ხუბუტია: ლიტვიდან გადავიდა მედიაშის "გაზ მეთანში" და იქიდან მოხვდა ეროვნულ ნაკრებში. მეტ ქართველს რუმინეთის უმაღლეს ლიგაში არასოდეს უთამაშია.