ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი, ალან შირერი სულ მალე ბრიტანულ საზოგადოებას მისთვის მეტად უცნაურ ამპლუაში, მულტიპლიკაციური ფილმის გამხმოვანებლად მოევლინება. ინგლისურმა ანიმაციური ფილმების სტუდია “ამბრიმ“, “ნიუკასლისა“ და ინგლისის საფეხბურთო ნაკრების ლეგენდას საინტერესო წინადადებით მიმართა.
ინგლისელ ანიმატორებს სურთ, რომ ალან შირერმა ახალი, “3 დე“ ფორმატში გადაწყვეტილი მულტიპლიკაციური ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირი გაახმოვანოს. ცნობილია მულტფილმის შინაარსიც. სცენარის მიხედვით ანიმაცია მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ბრიტანელ ჯარისკაცებს მიეძღვნება. შირერის გმირი კი მსოფლიო ომის ერთ-ერთი მონაწილე, მისივე ბაბუა იქნება.
”მას შემდეგ, რაც ინგლისურმა და ამერიკულმა არმიებმა მეორე მსოფლიო ომის მიწურულს ლა-მანშის, იგივე პა დე კალეს სრუტე გადალახეს და გერმანელთა მიერ ოკუპირებულ საფრანგეთის მიწაზე მოახდინეს დესანტირება, ამ ოპერაციებს ათასობით ბრიტანელი მებრძოლი შეეწირა. მათ შორის იყო ალან შირერის ბაბუაც. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ალანის გამხმოვანებლად მოწვევა. ამ ადამიანების ღვაწლი ყველა თაობამ უნდა იცოდეს” – ამბობს ანიმაციური ფილმის რეჟისორი, ენდრიუ კორდნერი.