რუსეთის ნაკრების ნახევარმცველი, ალან ძაგოევი, რომელსაც 17 ივნისს 22 წელი შეუსრულდება, 3 გატანილი გოლით გერმანელ მარიო გომესთან ერთად ჯერჯერობით ევრო 2012-ის საუკეთესო მეგოლეა. თავის დროზე ის ვალერი გაზაევმა აღმოაჩინა. სხვათა შორის, წლების წინ, გაზაევი თბილისის “დინამოშიც” თამაშობდა, ხოლო ძაგოევის ოჯახი ვლადიკავკაზში გადასვლამდე საქართველოში ცხოვრობდა. ვინ იცის, რომ არ გადასულიყვნენ, ეგებ ამ ნიჭიერ ახალგაზრდას დღეს საქართველოს ნაკრებში ეთამაშა.… გაზაევი “სპორტ ექსპრესს” სწორედ ძაგოევის შესახებ ესაუბრა. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს:
- თუ გახსოვთ, ერთი კვირის წინათ ინტერვიუში გითხარით: ვიმედოვნებ, ძაგოევი ევროპის ჩემპიონატის აღმოჩენა გახდება – მეთქი. ყველაფერი აქეთკენ მიდის, გვითხრა გაზაევმა.
- ერთხელაც გვიამბეთ, როგორ გახდა ძაგოევი 2008 წლის რუსეთის ჩემპიონატის აღმოჩენა?
- 2007 წლის ზაფხულში, ჩემმა ვაჟმა ვალოდიამ მითხრა, რომ ტოლიატიში, კონოპლიოვის აკადემიაში, ნიჭიერი ოსის ბიჭუნა თამაშობდა. და როცა ჩემპიონატში პაუზა გამოცხადდა, ძაგოევი კიდევ ერთ ტოლიატელთან, რიჟოვთან ერთად ცსკა-ში გასინჯვაზე მოვიწვიეთ. Aალანმა ორი დღე ივარჯიშა გუნდთან ერთად და უფროსობას მაშინვე ვთხოვე, ახალგაზრდასთან კონტრაქტი გაეფორმებინათ.
- რა მოგეწონათ მაშინ ძაგოევის?
- ასაკისთვის შეუფერებელი ნათელი აზროვნება, შესანიშნავი ტექნიკა, მოედნის ხედვა. 17 წლისას უკვე ლიდერის გამოკვეთილი თვისებები ჰქონდა. ეს იშვიათი და მნიშვნელოვანი თვისებაა. ტყუილად ხომ არ აირჩიეს შემდეგ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტნად.
- როგორ შეაფასებდით ძაგოევის პირველ 2 თამაშს ევრო 2012-ზე?
- ჩეხებთან მატჩის შემდეგ სპეციალისტთა უმრავლესობამ ის თამაშის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. მეტი რაღა უნდა ვთქვათ. თანაც არ დაგვავიწყდეს, რომ ტურნირამდე ძაგოევს მთელი თვე ტრავმის გამო გაუცდა. სრული მატჩისათვის არც ახლაა მზად, მაგრამ ტრავმის შემდეგ ეს ბუნებრივი ფიზიოლოგიური მდგომარეობაა. მას კიდევ შეუძლია მოუმატოს. ევროს ორმა შეხვედრამ დაადასტურა, რომ გაცდენილი დროისა და ახალგაზრდობის მიუხედავად, ჩვეულ დონეს ინარჩუნებს. უდიდესი პოტენციალი და პერსპექტივა აქვს. ალანი არის რუსეთის ნაკრების აწმყოც და მომავალიც.