ინტერვიუები

18:36 | 3.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

აკაკი ხუბუტია: "ბელარუსი, უპირველესად, გუნდურადაა ძლიერი"

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და რუმინული "გაზ მეთანის” ცენტრალურმა მცველმა აკაკი ხუბუტიამ "მსოფლიო სპორტთან" საუბარში განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დაწყებას და უპირველესად, ბელარუსთან მატჩზე ფიქრობს.
- სანაკრებო შეკრება დაიწყო. როგორი განწყობა გაქვთ მოახლოებული თამაშების წინ?
- ჯერჯერობით, მხოლოდ ბელარუსებთან შეხვედრაზე ვფიქრობთ, რადგან პირველად მათ წინააღმდეგ ვითამაშებთ. შესარჩევი ციკლი იწყება, ახალი იმედებია და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გულშემატკივრები გავახაროთ.
- ბელარუსის ნაკრებს როგორ დაახასიათებდით?
- შარშან რუმინეთი-ბელარუსის მატჩს დავესწარი. შესარჩევი ეტაპის თამაში იყო. საკმაოდ ძლიერია ბელარუსი, უპირველესად გუნდურადაა ძლიერი, ორგანიზებულად მოქმედებს. ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბელარუსები ტექნიკაში სუსტები არიან. ტექნიკური ბიჭებიც ჰყავთ. ყველა ვარიანტში, პატივს ვცემთ მეტოქეს, მაგრამ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ და ვფიქრობ, მათთან სამი ქულის აღება შეგვიძლია. მით უმეტეს, შინ ვთამაშობთ.
- ბელარუსი ფეხბურთელებიდან რომელიმეს ხომ არ იცნობთ?
- ვიაჩესლავ გლებს, თუმცა ამჯერად ნაკრებში არაა გამოძახებული. კიდევ რამდენიმე ბელარუს ფეხბურთელს ვიცნობ, თუმცა, ახლოს არა.
- 11 სექტემბერს კი ესპანეთთან მატჩია...
- ჯერჯერობით, ბელარუსთან მატჩზეა აქცენტი და ასეც უნდა იყოს. ესპანეთის ნაკრების ძალაზე ლაპარაკიც უხერხულია, თუმცა ბელარუსთან თამაშის შემდეგ, მოსამზადებლად დრო გვექნება.
 

 

ილია ნანობაშვილი

 

0.116666