ფეხბურთი

19:44 | 1.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

აკაკი შულაია: "დინამოსთვის" გოლის გატანა ჩემი ოცნება იყო"

 მარტვილის "მერანის" 17 წლის შემტევმა ნახევარმცველმა აკაკი შულაიამ კარგი თამაშით კარგა ხანია სპორტის სპეციალისტებისა და გულშემატკივართა ყურადღება მიიქცია. სასიხარულოა, როცა ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები ჩნდებიან ეროვნულ ჩემპიონატში.

ჩემპიონატის წინა ტურში "მერანი" თბილისის "დინამოს" ესტუმრა. მასპინძლებმა 4:2 სძლიეს სტუმრებს. ერთ-ერთი გოლი სწორედ 17 წლის შულაიამ გაუტანა "დინამოს" და ეროვნული ნაკრების ძირითად მეკარეს გიორგი ლორიას. ისედაც საკმაოდ აქტიური იყო.

აკაკი შულაიას “მსოფლიო სპორტი” ესაუბრა.

- სად დაიწყე ვარჯიში და რომელ პოზიციაზე თამაშობდი?

- ხობის რაიონიდან ვარ, ნოჯიხევიდან. ფეხბურთის თამაში სწორედ ხობში, ადგილობრივ კლუბ "კოლხეთში" დავიწყე. ცენტრალური თავდამსხმელი ვიყავი. ჩემი პირველი მწვრთნელი იყო თენგო ჭიჭინაძე, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები ამ ადამიანის.

- მარტვილის "მერანში" როგორ მოხვდი?

- თავიდან მარტვილის "მერანის" სკოლაში მოვხვდი, რისთვისაც ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ხობის "კოლხეთის" მწვრთნელს ლევან ნოდიას. სწორედ მან შემიწყო ხელი მარტვილში გადასვლაში.

- სანამ "მერანში" ჩაირიცხებოდი, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებშიც მოგიხდა ასპარეზობა, თუმცა იქ სულ სხვა პოზიციაზე - მცველად ითამაშე.

- დიახ, საქართველოს ნაკრებში ვითამაშე რამდენჯერმე, აქედან 8 ოფიციალური შეხვედრა ჩავატარე და ერთი გოლი გავიტანე. რაც შეეხება პოზიციას, ამის პრობლემა არ მქონია, მწვრთნელს რომელ პოზიციაზეც სჭირდები, იქ უნდა ითამაშო.

- რას იტყვი შენს მიერ "დინამოს" კარში გატანილ გოლზე?

- გამოგიტყდებით და გეტყვით, რომ “დინამოსთვის” გოლის გატანა ჩემი ოცნება იყო. ძალიან გახარებული ვიყავი. მართალია გუნდმა თამაში წააგო, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ჩვენ ვიბრძოლეთ და უკან არ დაგვიხევია.

- როგორი ატმოსფეროა "მერანში"?

- “მერანი” ბრძოლისუნარიანი, ერთ მუშტად შეკრული გუნდია, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ფეხბურთელებს ერთმანეთთან, მწვრთნელთან. ძალიან კარგი პარტნიორები მყავს გუნდში და ჩემი წარმატება გარკვეულწილად მათი დამსახურებაცაა. განსაკუთრებული როლი ჩვენი გუნდის წინსვლაში რა თქმა უნდა მალხაზ ჟვანიას ეკუთვნის. მართლაც რომ კარგი მწვრთნელი გვყავს.

- საქართველოში და ზოგადად მსოფლიოში, როგორც კი ახალგაზრდა, წარმატებული ფეხბურთელი გამოჩნდება, მაშინვე ინტერესდებიან მისით სხვა კლუბები. ამ კუთხით რა ხდება?

- ვიცი, რომ ჩემით რამდენიმე ქართული კლუბია დაინტერესებული... უცხოურიც. თუმცა კონკრეტული შეთავაზება ჯერ არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, არ მინდა ვიჩქარო. ჯერ ისეთ ასაკში ვარ, შემიძლია უფრო კარგადაც წარმოვაჩინო თავი საქართველოს ჩემპიონატში. ახლა მხოლოდ ნაკრებზე ვფიქრობ. 21 წლამდე ნაკრებში გამომიძახეს, ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ 10 ოქტომბერს გასამართი მატჩისთვის და ძალიან მიხარია (საინტერესოა, რომ სფფ-ის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ 21-წლამდელთა შემადგენლობაში აკაკი შულაია არ ფიგურირებს. თუმცა, როგორც შულაიამ "მსოფლიო სპორტს" განუცხადა ფედერაციიდან დღეს შეეხმიანენ და ხვალისთვის საბუთებიანად ჩამოსვლა დაავალეს - რედ.).

- როგორი გრძნობაა ნაკრებში თამაში?

- ძნელია იმის აღწერა თუ როგორი გრძნობაა ნაკრების მაისურით თამაში. როცა შენი ქვეყნის ჰიმნი აჟღერდება სულ სხვა ემოციებით ხარ. ნებისმიერი ქართველი ფეხბურთელი ბედნიერი იქნებოდა ნაკრებში თამაშით და ისე ვარ მეც. ჩემი ოცნებაა ეროვნულ ნაკრებში ვითამაშო და იქაც დავიცვა ჩვენი ქვეყნის ღირსება, თუმცა მანამდე ბევრი უნდა ვიშრომო.

 ედემი ელერჯია

0.160482