ფეხბურთი

17:55 | 7.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

აისა გამესი დასაჯეს, რონალდუს დისკვალიფიკაცია ძალაში დატოვეს

უცნაური ამბები ხდება ესპანურ ფეხბურთში. “ბილბაოსა” და “რეალს” შორის გამართულ მატჩში, მთავარმა მსაჯმა, მიგელ ანხელ აისა გამესმა კრიშტიანუ რონალდუს წითელი ბარათი უჩვენა. შედეგად, არბიტრიც დაისაჯა და ფეხბურთელიც.

5 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა რონალდუს 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა. ეს გადაწყვეტილება “რეალმა” გაასაჩივრა.

ცოტა ხნის წინათ, პორტუგალიელისთვის წითელი ბარათის ჩვენების გამო, აისა გამესი სამსაჯო კომიტეტმა დასაჯა – ის მომდევნო ერთი თვის განმავლობაში უსაქმოდ იქნება, ხოლო “რეალის” მატჩებში მონაწილეობას სეზონის ბოლომდე ვერ მიიღებს. ამის პარალელურად, ფეხბურთის ფედერაციის სააპელაციო კომიტეტმა “რეალის” საჩივარი განიხილა და არ დააკმაყოფილა. როგორც ჩანს, სამსაჯო კომიტეტი რონალდუს მოედნიდან გაძევებას უსამართლოდ მიიჩნევს, ფეხბურთის ფედერაცია კი პირიქით – სამართლიანად.

მადრიდული AS-ის ცნობით, “რეალი” საჩივარს ახლა უკვე ესპანეთის სპორტულ სადისციპლინო კომიტეტში შეიტანს, რომელიც ბოლო ინსტანციაა.

0.117498