სტატიები

10:20 | 31.08.2012 | ნანახია [] - ჯერ

„აიაქსის" სტადიონს ყოველწლიურად 90 ათასამდე ტურისტი სტუმრობს

არ გაგიკვირდეთ ამ სტატიის სათაური - დიახ,ლეგენდარული კლუბის "აიაქსის"  სტადიონი  „ამსტერდამ არენა“  (აშენდა და ამოქმედდა1996 წელს)  ირჩენს თავს არამარტო თამაშების დროს მოსული მაყურებლების და აქ ხშირად მოწყობილი კონცერტების შემოსავლებით არამედ ექსკურსიებით.ამგვარი ექსკურსიები ევროპის ბევრ დიდ სტადიონზე  ტარდება და ამიტომ საინტერესო იყო ამ კუთხით  ამსტერდამის სუპერსტადიონის-აიაქსის სტადიონის ნახვა თამაშის დროს კი არა არამედ როგორც  ექსკურსანტის თვალით. სტადიონი მდებარეობს ქალაქის ცენტრიდან მოშორებით -თითქმის გარეუბანში. ყველა ადგილობრივმა  გვითხრა,  რომ  ჯობია მეტროთი წასვლა, რადგან სხვა ტრანსპორტით მოსახერხებელი და იაფი არ არისო.  სტადიონის ირგვლივ ტერიტორია სისუფთავის კუთხით არ იყო უკეთესი, ვიდრე ეს  თბილისშია  ეროვნული სტადიონის ირგვლივ.
რაც შეეხება „ამსტერდამ არენის“ შიდა  ტერიტორიას, იქ იდეალური სისუფთავე, ჯანსაღი ჰაერი და კაშკაშა - ხელოვნური მზეა. ერთსაათიანი ექსკურსიის საფასური ერთი პირისათვის 12 ევრო ღირს, ეს იმაზე ნაკლებია, ვიდრე „აიაქსის“  მუზეუმის დათვალიერება - მუზეუმის, რომელიც ქალააქის ერთერთ ცენტრალურ ქუჩაზე მდებარეობს. იქ 15 ევრო ღირს ერთი ბილეთი.
სტადიონზე ექსკურსია მატჩების დღეების გარდა ყოველდღიურად ტარდება, საშუალოდ თითო საექსკურსიო ჯგუფი 30 კაცისგან შედგება. ჩვენს შემთხვევაში ვიზიტორთა უმრავლესობას ქალები და ბავშვები შეადგენდნენ, ჯგუფის ნახევარი ჰოლანდიელი იყო, დანარჩენი - უცხოელები. როგორც ჩვენმა ექსკურსიამძღოლმა ჰანსმა გვითხრა, თითქმის ყოველი ჯგუფი მსგავსად არის წარმოდგენილი. ექსკურსანტები შედიან ყველა იმ მნიშვნელოვანი დანიშნულების ოთახებში , როგორიცაა: გასახდელები, მსაჯების ოთახი, საპრესკონფერენციო დარბაზი, ფეხბურთელთა მოსასვენებელი და გასართობი ოთახები, ასევე „აიაქსის“ დიდების ფოტოგალერეა. ექსკურსიის მნიშნელოვანი ნაწილი ეთმობა ტრიბუნებზე და მოედნის სარბენ ბილიკებზე გასეირნებას.  ჩვენი იქ ყოფნისას მოედანზე სრული დატვირთვით მუშაობდა მინდვრის მოსავლელი ტექნიკა. გიდმა აგვიხსნა, რომ მოედნის მწვანე საფარი წელიწადში რამდენჯერმე იცვლება. ასეთივე მზრუნველობით უვლიან ტრიბუნებს, რომელიც 55 ათას მაყურებელს იტევს. ექსკურსიის ერთერთი ეპიზოდია სტადიონის ფოტო-რეპორტიორის, 19 წლის სხარტი ქალბატონის გამოჩენა, რომლის მომხიბვლელმა ღიმილმა ისე მონუსხა ტურისტები, რომ ყველამ იფიქრა ეს ბილეთის საფასურში შედიოდა და გადაიღო თითო სურათი. მე ცოტა საეჭვოდ მეჩვენა მისი ღიმილი და გიდს ვკითხე: - „უფასოა სურათის გადაღება, თუ ... ?“პასუხი კი იყო - „ ეს სიურპრიზია“ . ბოლოს აღმოჩნდა, რომ თითი სურათი 6 ევრო ღირდა. მიუხედავად ამისა, ყველა ექსკურსანტმა გადაიხადა  საფასური  ამ სიამოვნებისათვის.
ჩვენს შეკითხვაზე - „რამდენი ტურისტი სტუმრობს სტადიონს ყოველდღიურად?“  ჰანსმა გვიპასუხა: - „ეს უკვე ზუსტია - წელიწადში სტადიონს როგორც ექსკურსანტი, 90 ათასი ადამიანი სტუმრობს .“ ტურისტების ნაკადი დამატებით შემოსავალს აძლევს სტადიონს, რომლის მშენებლობა „აიაქსის“ კლუბს 1990-იან წლებში 134 მილიონი დოლარი დაუჯდა, იმ დროისათვის ეს უზარმაზარი თანხა იყო.
სხვათაშორის, ექსკურსიის ბოლოს ფოტოსურათების მიღების დროს ყველას ურიგებენ ანკეტის ფურცლებს, სადაც ვიზიტორი წერს სადაურია, რა ასაკისაა, რატომ ეწვია სტადიონს და ა. შ.  ეს ინფორმაცია სტადიონის დირექციას აძლევს საშუალებას შეაჯამოს ეს მონაცემები. ექსკურსიები ტარდება ჰოლანდიურ და ინგლისურ ენებზე. თუ ჯგუფის შემადგენლობიდან იქნება მოთხოვნა, შესაძლებელია სხვა ენებზე - გერმანულად, ფრანგულად, რუსულად და ა.შ. ექსკურსიის დასაწყისში ენების შესახებ ინფორმაციის გამოცხადების შემდეგ ვაპირებდი შეკითხვაას და  ხელი ავწიე, მაგრამ  გიდი მიმიხვდა რაც მინდოდა, (ჩემს მაისურზე ამოიკითხა „ჯორჯია“ ) და კითხვის გარეშე  მიპასუხა: - ჯერჯერობით ქართულ ენაზე ექსკურსიებს არ ვატარებთო, მაგრამ, თუ  შოთა არველაძისა და ჯორჯ ქინქლაძის სამშობლოდან ბევრი ექსკურსანტი გვეყოლება, ამასაც მოვაწესრიგებთო.
თვით ექსკურსიის დროს გიდი ჰანსმა რამდენჯერმე გაამახვილა ყურადღება შოთა არველაძეზე და გიორგი ქინქლაძეზე,  წინასწარ გვაფრთხილებდა - ამ დერეფანში იქნება მათი სურათები და ა.შ.
მკითხველს შევახსენებ, რომ შოთა არველაძე 1997-2001 წლებში წარმატებით თამაშობდა "აიაქსის" რიგებში, იყო ჰოლანდიის ჩემპიონი და თასის მფლობელი (ორჯერ). წარმატებით იცავდა გუნდის სახელს ევროტურნირებზე.  როგორც „აიაქსის“ მუზეუმში და სტადიონზე გვითხრეს, მარტო ამის გამო არ ახსოვთ აქ შოთა - ყველამ გვითრა, რომ შოთას ძალიან თბილი და მეგობრული ხასიათი აქვს და იუმორის უნიკალური გრძნობა, რაც ძალიან მოქმედებდა როგორც ფეხბურთელებსა და ადმინისტრაციაზე, ასევე ქომაგებზეო. რაც შეეხება გიორგი ქინქლაძეს, ის სულ ერთი სეზონი იყო "აიქსში" (1998-1999 წწ),მაგრამ ისიც ახსოვთ აქ და ძველებურად ჯორჯს ეძახიან.
 

 

თენგიზ პაჭკორია, ამსტერდამიდან სპეციალურად worldsport.ge-სთვის
 ხათუნა გაბიტაშვილის ფოტოები „ამსტერდამ არენიდან“

 

0.181988