ალმერედან ამსტერდამში რომ ჩამოვედი, დაბინავებისთანავე გავეშურე ლეგენდარული კლუბის - "აიაქსის" მუზეუმისკენ, რომელიც გუნდის სტადიონისგან განსხვავებით, ამ ულამაზესი ქალაქის ცენტრში მდებარეობს.
მუზეუმში ძალიან თბილად დაგხვდნენ - თანამშრომელმა, როცა დაინახა ჩვენი ეკიპირება (მაისური, წარწერით - „ჯორჯია“) უცებ გვკითხა - "თქვენ, ალბათ, გაინტერესებთ ქართველი აიაქსელები - შოთა არველაძე და ჯორჯ ქინქლაძე". ამაზე ვუპასუხე - "აიაქსზე" გვაინტერესებს ყველაფერი, განსაკუთრებით, ლეგენდარულ იოჰან კრუიფსა და ქართველებზე.
მუზეუმის თანამშრომელმა დაუძახა მთავარ მენეჯერს, რომელმაც პირადად გაგვიწია გიდობა. გვითხრა, რომ მუზეუმს ჰყავს გიდი, მაგრამ "შოთას სამშობლოდან" ჩამოსულ ჟურნალისტს მუზეუმის ექსპონატებს პირადად გავაცნობთო. მან სურათიც გადაიღო ჩვენთან.
თითქმის 50 წუთი გრძელდებოდა ეს ექსკურსია მუზეუმში - რამდენიმე ადგილას იყო ფოტოები, სადაც "აიაქსის" შემადგენლობაშია შოთა. ის 1997-2001 წლებში წარმატებით თამაშობდა "აიაქსის" რიგებში, იყო ჰოლანდიის ჩემპიონი და თასის მფლობელი (ორჯერ). წარმატებით იცავდა გუნდის სახელს ევროტურნირებზე, მაგრამ როგორც მუზეუმში გვითხრეს, მარტო ამის გამო არ ახსოვთ აქ შოთა - ყველამ გვითრა, რომ შოთას ძალიან თბილი და მეგობრული ხასიათი აქვს და იუმორის უნიკალური გრძნობა, რაც ძალიან მოქმედებდა როგორც ფეხბურთელებსა და ადმინისტრაციაზე, ასევე ქომაგებზე.
გიორგი ქინქლაძემ სულ ერთი სეზონი იყო "აიქსში" (1998-1999 წწ),მაგრამ ისიც ახსოვთ აქ და ძველებურად ჯორჯს ეძახიან.
მენეჯერმა გვანახა ექსპონატები და მუზეუმის დარბაზში ვიდეოფრაგმენტებს შორისაა ის კადრები, სადაც შოთა არის აღბეჭდილი ერთ-ერთი თამაშის დროს. ამ კადრებში კი, გუნდის გამორჩეული მატჩების საუკეთესო ეპიზოდები და გამორჩეული მოთამაშეები არიან.
მენეჯერმა მკითხა - კრუიფის გარდა, გუნდის სხვა ცნობილი მოთამაშები არ გაინტერესებსო. ვუპასუხე - რასაკვირველია, მაინტერესებს, მაგრამ კრუიფი იყო მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფეხბურთო დირიჟორი, რომანტიკოსი და გენიოსი ფეხბურთელი. ვუთხარი, რომ მახსოვს მისი თამაში 1970-წლებში და კიდევ იმიტომ ვცემ დიდ პატივს, რომ მისმა სტილმა დიდი როლი ითამაშა გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელის, დავით ყიფიანის დახვეწაში. კარგად მახსოვს, რომ 1974 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ (ფინალში ჰოლანდიამ წააგო გფრ-თან, მაგრამ ის მუნდიალი იყო კრუიფის და ჰოლანდიელთა გუნდის დიდი ტრიუმფი) დათო ყიფიანი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ იმ პირველობის შემდეგ, სულ სხვანაირად (კრუიფულად) შეხედა ფეხბურთს.
ვეტერან ქომაგებს ახსოვთ, რომ დათოს დიდი ტრიუმფი ფეხბურთში დაიწყო 1975-1976 წლებში და გრძელდებოდა 1982 წლის გაზაფხულამდე, როცა იგი მოულოდნელად და პროტესტის ნიშნად წავიდა ფეხბურთიდან. პროტესტი კი იმით იყო გამოწვეული, რომ ის არ შეიყვანეს სსრკ ნაკრებში ესპანეთის მსოფლიოს ჩემპიონატზე სათამაშოდ. საბჭოთა ნაკრებისა და სპორტის ჩინოვნიკების ამ უპრეცედენტო გადაწყვეტილებამ კი, იმ დროს დიდი კრიტიკა და რეზონანსი გამოიწვია მთელ მსოფლიოში.
რატომ! იმიტომ, რომ დათომ ფეხბურთი აიყვანა ხელოვნების რანგში - მაგრამ პირველად ეს მსოფლიოში ყველაზე მკაფიოდ გააკეთა კრუიფმა. ჰოლანდიელს ჰქონდა მეტი არეალი და გასაქანი ("აიაქსი" და ჰოლანდიის ნაკრები). დათოს კი, როგორც სხვა დიდ ფეხბურთელებს იმ დროს - საბჭოთა კავშირის დროს - არავინ არ მისცემდა საშუალებას ეთამაშა ევროპის სუპერგუნდებში. თუმცა, ვიცით, რომ დათოს და კიდევ რამდენიმე თბილისის დინამოელს 1970-80 წლებში იწვევდნენ იტალიის, ესპანეთის, ინგლისისა და გფრ-ის გრანდ კლუბებში.
გამიგრძელდა საუბარი იმდროინდელ ფეხბურთზე - ნოსტალგია გვერევა ძალიან, როცა ვიხსენებთ ქართული ფეხბურთის ოქროს ხანას და როცა ვიხსენებთ, თუ რა ოსტატურად თამაშობდა "აიქსში" შოთა არველაძე.
მას ახლაც დიდ პატივს სცემენ ჰოლანდიაში - აქ შოთა ახსოვთ; ახსოვთ ჯორჯი ქინქლაძე, თუმცა, ყველა ამბობს, რომ გიორგიმ, გარკვეული მიზეზების გამო, ვერ მოასწრო აქ ბოლომდე გახსნა და დაბრუნდა ინგლისში.
და ბოლოს - როცა მივდიოდით მუზეუმიდან - „აიაქსის“ სუვენირების მაღაზიაში, ვიკითხე, რა ღირდა მაისური შოთას ნომრით და მისი გვარით. მიპასუხეს - 100 ევროო და დააყოლეს, რომ ერთ საათში გამიმზადებდნენ. შემდეგ ვიკითხე, მაისური კრუიფის წარწერით რა ღირდა - 130 ევროო და რადგან შოთა არველაძის სამშობლოდან ხართ, უფრო იაფად გაგიმზადებთო. მე ავუხსენი, რომ ყიდვა კი არა, საერთოდ ფასი მაინტერესებდა. გაეცინათ, თბილად დამემშვიდობნენ და მთხოვეს, შოთასთვის გადამეცა, რომ არ ავიწყდებათ მისი თამაში და იუმორი...
თენგიზ პაჭკორია, ამსტერდამიდან სპეციალურად worldsport.ge-სთვის